2007 წლის ქრონიკა
სექტემბერი
ზურაბ ხასია: „სომხეთის კათალიკოსი საქართველოს ჯავახეთსა და თბილისს ედავება. საქართველოს კათალიკოსობის პრეტენდენტი კი სომხეთს სეროჟა ფარაჯანოვის ნეშტს ედავება. მოკლედ, ქართველებისა და სომხების ისტორიულ დავას ბოლო არ უჩანს. წამითაც არ იფიქროთ, რომ ფარაჯანოვის შემოქმედებაზე გიჟდება. არა, ამას ქართველი ხალხის ჯინაზე, მისი ნერვების მოსაშლელად შვება...
ჩვენი პრეზიდენტი თინეიჯერებთან მეგობრობს მშობელთა თაობის წინააღმდეგ. მშობლების დაცინვას ასწავლის მათ და წასახალისებლად დიდ თანხებსაც არ ერიდება. ბათუმში ნაციონალების მიერ საგანგებოდ თავმოყრილ გოგონებს მოულოდნელად დაადგა თავზე. შიგაც გაერია და ისე დაერია, „გნოლის ჯოგსა ვითა ქორი“...
ბატონმა გიგიმ, როგორც ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ხელმძღვანელს შეეფერება, გამოაცხადა: საქართველოში სახელმწიფო ენად ინგლისური უნდა დაწესდესო. ალბათ, ილიაც ასე ფიქრობდა. ქართული, ეტყობა, ჩამოწერა... გვახარიამ გვითხრა: ერთი კარგი სიტყვა შექმნა და დაამკვიდრაო ქართულში გიგი თევზაძემ − უმსჯელობა. დიდებულია! რაც მთავარია, მისივე შემქმნელსა ჰგავს. ჩვენს საზოგადოებას, მეტადრე „ეთნიკურ ქართველობას“ რა დაღუპავს და უმსჯელობაო, − ასე უბრძანებია ერთ-ერთ ლიგამუსში. რაკი სიტყვების შექმნა ასე ადვილია, მეც მოვიგონე − ამსჯელობა. თან მგონია: ქვეყანა, პირიქით, იმან დაღუპა, რომ ნამეტანი ამსჯელდა ხალხი“ („ლიტ.საქ.“ 21 სექტემბერი, 2007).GKGK
|