სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1994 წლის ქრონიკა

ივნისი

    აკაკი მიქაძე: „უცნობები მირეკავენ და მპირდებიან მოგკლავთო... ფრთხილი ნაცნობები არჩევენ ურთიერთობა არ იქონიონ ჩემთან... ჩემი პერსონისადმი ასეთი ყურადღების მიზეზი ის გახლავთ, რომ ერთი თვის წინათ საქართველოს პარლამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, დააპირა ჩემთან ურთიერთობა მუშტი-კრივით გაერკვია... პრეტენზიები არ მქონია კიტოვანის ადამიანური ღირსებების მიმართ, მაგრამ პრეტენზიები მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგებისადმი კი მქონდა. მე უკან არ წავიღებ იმას, რასაც ვწერდი და ვამბობდი ბოლო ორი წლის მანძილზე. სამოქალაქო ომი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კიტოვანისთვის საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური საქმეების მოგვარების საშუალებად იქცა... კიტოვანი დღეს რუსეთის იმპერიალიზმის საშიშროებაზე ლაპარაკობს და ამ დროშის ფრიალით სამხედრო საწყობებს ძარცვავს, ხვალ კი აცხადებს, რომ საქართველო მზად არის კავკასიაში რუსეთის ავანპოსტი გახდეს და გულთბილ ურთიერთობებს ამყარებს ჟირინოვსკისთან... ის ყველაფერს აკეთებს, რომ ედუარდ შევარდნაძეს ქვეყანა დაატოვებინოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, გააქარწყლოს მისი ძალისხმევა“ („საქ.რესპ.“ 3 ივნისი, 1994).GK

    ვალერიან ფირანიშვილი: “ქისტებში არსებობს ეთნიკური ტომი “მალხები”, რომლებიც მათივე გადმოცემით და მტკიცებით, ძველი კოლხების შთამომავლები ყოფილან” (ლიტ.საქ. 10 ივნისი, 1994).GK

    ვახტანგ გორგასალმა დააარსა დაბა გველეთი. ამ დაბაში რამდენიმე ქისტური ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც თავისუფლად ფლობდნენ ქართულ ენას. ვახტანგ მეფის დროინდელი სამხედრო გარნიზონის არსებობა არქეოლოგიური გათხრებით სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დადასტურდა (ლიტ.საქ. 10 ივნისი, 1994).GK

    ირაკლი წერეთელი: “რაც შეეხება ხალხს, ხალხი მეძავ ქალს ჰგავს – იგი ყოველთვის ძლიერს უჭერს მხარს. ძლიერი თუ ხარ _ უყვარხარ ხალხს, თუ სუსტი ხარ და ძალა არ გაქვს – ცამდე მართალიც რომ იყო, ხალხი არ შეგიყვარებს; რამდენი არჩევნებიც ჩატარდა, იმდენჯერ ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი არ გააკეთა; მე ხალხი არ მეცოდება, მე ერზე ვფიქრობ, ხოლო დღე-ვანდელი ხალხი მეტის ღირსი ნამდვილად არ არის, რადგან ამ ხალხმა აირჩია ეს ხელისუფლება; რუსის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ჩემს მეტი და ჩემი მეგობრის მეტი არავინ მინახავს; ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს დოკუმენტი, რომლითაც დაფიქსირდება, რომ საქართველო არ შევა ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში, და თუ ეს მაინც მოხდება – მე ან წავალ საქართველოდან, ან ომს დავიწყებ. და დავიწყებ იმ ქართველების ხოცვას, ვინც ამას ხელს აუწევს – შეგიძლიათ პირდაპირ ასე დაწეროთ: ყველა ვინც ხელს მოაწერს საქართველოს შესვლას ერთიანი სახელმფიწოს შემადგენლობაში, _ იქნება დასახვრეტი და ამოსაწყვეტი ოჯახიანად” (ლიტ.საქ. 17 ივნისი, 1994).GK

    თამაზ წივწივაძე: “ირაკლიმ (წერეთელი) 9 აპრილს საქართველოს პატრიარქს მიკროფონი წასტაცა ხელიდან და სააღდგომო კრავივით განწირული ხმით “მამაო ჩვენო” წაიკითხა” (ლიტ.საქ. 17 ივნისი, 1994).GK

    ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდს შეეწივნენ:
    1.    უწმინდესი ბართლომე – 500 დოლარი;
    2.    ედუარდ შევარდნაძე – 2 000 დოლარი;
    3.    ბერნარ ფასოე – საფრანგეთის ელჩი საქართველოში – 100 დოლა-რი;
    4.    უცნობი ქალბატონი – 200 000 მანეთი;
    5.    საქართველოს მწერალთა კავშირი – ხუთი მილიონი კუპონი;
    6.    გაზეთი “ლიტერატურული საქართველო” – ათი მილიონი კუპონი;
    7.    ჟურნალი “ცისკარი” – ერთი მილიონი კუპონი;
    8.    ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი _ ათი მილიონი კუპონი;
    9.    გრიგოლ ხვიჩია – ერთი მილიონი კუპონი;
    10.  მირიან არდია – ერთი მილიონი კუპონი;
    11.  გენო კალანდია – ერთი მილიონი კუპონი;
    12.  გურამ ფანჯიკიძე – ორი მილიონი კუპონი;
    13.  რეზო ჭეიშვილი – 11 მილიონ 450 ათასი კუპონი (მისი წიგნის სრული ჰონორარი);
    14.  თამაზ წივწივაძე – ათი ათასი მანეთი;
    15.  ჭაბუა ამირეჯიბი – ათი ათასი მანეთი;
    16.  ლაშა თაბუკაშვილი – ათი ათასი მანეთი;
    17.  ირაკლი ბაზაძე – ათი ათასი მანეთი;
    18.  გიზო ნიშნიანიძე – ათი ათასი მანეთი;
    19.  რევაზ ჯაფარიძე – ახალი წიგნის სრული ჰონორარი (ლიტ.საქ. 20 ივნისი, 1994).GK

    რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდარი წინ წასწია 10 დღით. 1582 წლის 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოაცხადა 15 ოქტომბრად.  რუსეთი და საქართველო 1918 წელს შეუერთდნენ პაპის რეფორმას (ლიტ.საქ. 24 ივნისი 1994).GK

    მალხაზ სონღულაშვილი: „გეოსტრატეგიული პერსპექტივიდან თუ ვიმსჯელებთ, აქ მალევე უნდა გავრცელებულიყო ქრისტიანობა... პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მიწერილ წერილში ქრისტიანებს ქრისტეს ელჩებად გაიაზრებს. ჩვენ კი შეგვიძლია მონოთეისტური სარწმუნოების ელჩებად გავიაზროთ ებრაელები, რომლებიც მთელი რომის იმპერიაში იყვნენ გაფანტულნი და, თავისთავად, ამ წუთისოფლის მკვიდრთა შორის ყველაზე უკეთ იყვნენ მომზადებულნი ქრისტეს მისაღებად, რადგან თავად ებრაული საღმრთო წერილი მეტყველებდა მესიის მოსვლაზე. მეორეს მხრივ, ებრაელები წარმართულ წუთისოფელს ამზადებდნენ ქრისტეს მოძღვრების მისაღებად, რომელიც ასევე მონოთეიზმში იყო ფესვგადგმული... მერედა, რატომ მოხდა, რომ საქართველოს ეკლესია იმთავითვე ანტიოქიის ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა? როგორ მოხდა, რომ კონსტანტინეს ხუროთმოძღვრების მიერ ნაგები ქართლის პირველი ეკლესიები, გადმოცემის თანახმად, ევსტათი ანტიოქიელმა აკურთხა?... თავდაპირველად ქრისტეს მოციქულები, მოწაფეები და მიმდევრები „ქრისტიანებად“ არ იწოდებოდნენ, არც ქრისტიანობას ერქვა „ქრისტიანობა“. ამ ახალ სარწმუნოებას, რომელსაც დასაბამი დაუდო ჯვარცმულმა და მერმე მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა, „გზა“ ერქვა. ქრისტიანები კი „გზის მიმდევრებად“ იწოდებოდნენ. იესოს მიმდევრებს ქრისტიანები პირველად სწორედ ანტიოქიაში უწოდეს... საყურადღებოა, რომ ავტოკეფალიის მიღების შემდეგაც კი საქართველოსა და ანტიოქიას შორის არ გაწყვეტილა კავშირი, ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი ბოლომდე ანტიოქიის იურისდიქციაში დარჩა... სვეტიცხოვლის ძველი კედლები ინახავენ ევსტათი ანტიოქიელის ფრესკას (თუნდაც გვიანდელს), რომელზედაც ჭარმაგი მღვდელმთავარი მეფე მირიანს გადასცემს სახარებას და აკურთხებს მცხეთის ტაძარს“ („სვეტიცხოველი“. ივნისი, 1994).TK

    ზურაბ კიკნაძე: „საგვარეულო გადმოცემამ, შესაძლებელია, წერილობით დაფიქსირებულმა, შემოინახა ელიოზის დედის მაღალი რელიგიური შეგნების, ჭეშმარიტად პროფეტული სიტყვები, თუმცა სიმწრით წარმოთქმული იმ წამს, როცა, როგორც ტექსტი ამბობს, „ესმა ხმაი, ოდეს პასანიკმან ჯუარსა ზედა სამსჭუალსა დასცა კუერი მჭედლისა იერუსალემს“. მან, სულიწმიდით აღვსილმა, ჯვარცმულში შეიცნო მაცხოვარი და დიდება თავისი ერისა, რომლის ნათელი წარმართებზე უნდა გამობრწყინებულიყო“ („სვეტიცხოველი“. ივნისი, 1994).TK

    ლელა პატარიძე: „ თუ მეფე მირიანის, ამ დიდი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწის პიროვნებაში ერთი უმთავრესი ნიშნის გამოყოფას შევეცდებით, ეს უთუოდ იქნება მირიანის ნოვატორული ბუნება... როგორც დიდი კულტურული რეფორმატორი გამოარჩია მირიანი „ქართლის ცხოვრებამ“ სხვა ქართველ მეფეთაგან... „ქართლის ცხოვრება“ ქართული ენის და მასთან ერთად მწიგნობრობის სახელმწიფოებრივი სტატუსის აღდგენას მირიანის სახელს უკავშირებს და ამას ქრისტიანობის მიღებამდე განხორციელებულ აქტად თვლის... მირიან მეფეს თავისი მოღვაწეობა ოდენ ცოდვის მოქმედებად მიუჩნევია და ამის გამო ვერ გაუბედია ამ სიწმინდესთან მიახლოვება და თავისი სამარე „ზემო“ (სამთავროს) ეკლესიაში შეუმზადებია“ („სვეტიცხოველი“. ივნისი, 1994).TK

    თამაზ ბერაძე: „ძველი ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მირიანს სპარსეთის შაჰის ქასრეს (იგივე ხოსროს) შვილად მიიჩნევს, „მოქცევაი ქართლისაი“ კი მას ქართლის მეფე ლევის (იგივე რევის) ძედ თვლის. არ არის გამორიცხული, რომ იგი ფარნავაზიანთა სამეფო გვარეულობის მეორე ხაზის წარმომადგენელი იყო, როგორც ამას ისტორიკოსი ვ. გოილაძე ფიქრობს... მირიანმა პონტოდან მეორე ცოლი „ასული ოლღიტოსი, სახელით ნანა“ მოიყვანა... მირიანი ტახტზე ქართლის ერისთავებმა III ს-ნის 70-80-იან წლებში აიყვანეს. ამ დროს ქართლი ირანის ხელდებულად ითვლებოდა... III ს-ის 80-იან წლებში სომხეთი რომის კონტროლის ქვეშ გადავიდა, მირიანმა კი შეინარჩუნა ირანული ორიენტაცია და სომხეთის მეზობელი პროვინციების შემოერთებას შეეცადა, რასაც ქართლსა და სომხეთს შორის ომი მოჰყვა. 296-298 წლებში მირიან მეფემ ირანელთა მხარეზე მონაწილეობა მიიღო ირან-რომის მორიგ ომში, რომელიც ირანის დამარცხებით და რომისთვის ხელსაყრელი 198 წლის ნიზიბინის ზავით დასრულდა. ამ ზავის პირობების შესაბამისად, მირიანმა თავისი ვაჟი ბაქარი რომის იმპერიაში მძევლად გააგზავნა და თვითონ რომის იმპერიის უზენაესობა აღიარა. რომმა მალე ქართლის სამეფო და სომხეთი დააზავა და მათ შორის ტერიტორიული დავაც გადაწყვიტა. შერიგების ნიშნად სომეხთა მეფე თრდატ III-მ თავისი ასული სალომე ცოლად მირიანის ვაჟს რევს გააყოლა... მირიან მეფე საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ორდინალურ მეფედ შევიდოდა, რომ მისი მეფობის მეორე პერიოდში ნინო კაპადოკიელი ქართლში ქრისტიანობის გავრცელებას არ შესდგომოდა. ნინო საქართველოში დაახლოებით 303-311 წწ-ში მოვიდა... ნინომ მცხეთაში თავი ჯერ მკურნალობით გაითქვა, ხოლო მოსვლიდან მეოთხე წელს უკვე აშკარად შეუდგა ქრისტეს იდეების ქადაგებას... მირიან მეფემ ნათელი თვით წმიდა ნინოს ხელით მიიღო... ზემო ეკლესია „განესრულა მეოცე წელსა“ და ქართლის მთავარეპისკოპოსის რეზიდენციად გადაიქცა. ამიტომ მას მოკლედ სამთავროს ეძახდნენ“ („სვეტიცხოველი“. ივნისი, 1994).TK

    ბაადურ მჭედლიშვილი: „რუფინუსი გარდაიცვალა 410 წელს, და მაშასადამე სვეტიცხოვლის აშენება IV საუკუნეში ეჭვს არ იწვევს... მლოცველები ეკლესიაში შესვლისას ხედავდნენ მირიან მეფის მიერ შექმნილ სვეტის საბურველს... ვარაზ-ბაქარის დროს აშენებული სვეტიცხოველი V საუკუნის პირველ ნახევარში, არშილ მეფის დროს დაქცეულა, და ვახტანგ გორგასალი მის მაგიერ აშენებს სვეტიცხოველ მესამეს... ტაძარმა უფრო რთული ოპერაცია XV საუკუნეში გადაიტანა, როდესაც თითქმის მთლიანად დანგრეული, ალექსანდრე პირველმა განაახლა... ეჭვს არ იწვევს XV საუკუნეში სვეტიცხოველის კაპიტალური შეკეთება, რომელსაც ამასთან არ გამოუწვევია ვახტანგ გორგასლისეული გეგმარების შეცვლა... მატერიალური ძეგლის, მათ შორის არქიტექტურული ნაგებობების შესწავლისას, უდიდესი მნიშვნელობა ფენების დადგენას, ანუ სტრატიგრაფიას ენიჭება. სვეტიცხოველი მრავალ სამშენებლო ფენას შეიცავს, რომლებიც გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: 1. ხის ეკლესიის აგება − მირიანის მიერ, IV ს. პირველი ნახევარი. 2. ქვის ეკლესიის აგება − აზნაურების მიერ, IV ს. 3. დაქცეული ეკლესიის ადგილას გრანდიოზული ეკლესიის აგება − გორგასალი, V ს. 60-იანი წლები. 4. გორგასლის მიერ აგებული ეკლესიის კაპიტალური შეკეთება − მელქისედეკის მიერ, XI ს. 5. კაპიტალური შეკეთება ალექსანდრე პირველის დროს, XV ს. 6. შეკეთება − XIX ს.“ („სვეტიცხოველი“. ივნისი, 1994).TK

    გიორგი ნატროშვილი: „დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიულ მეცნიერებას დაუღალავმა და გულმოდგინე მკვლევარმა ანტონ ივანეს ძე ნატროშვილმა (1862-1930)... ფიქრით საუკუნეთა სიღრმეში ჩაძირული, იგი როდი ივიწყებდა თავისი შფოთიანი დროის ამაღელვებელ ამბებსა თუ მოვლენებს. გარდა სვეტიცხოვლისა, რომლის რესტავრაციის საქმეს მან შესწირა თავის ვეებერთელა ნაშრომის მთელი ჰონორარი, მას აწუხებდა ბედი ივერთა მონასტრისა ათონზე, ქალკიდონის ნახევარკუნძულზე. საქმე ის იყო, რომ ბერძნებმა მიითვისეს ეს მონასტერი და სწორედ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველი ბერები იქიდან გამოაძევეს... 1889 წელს ბერძენმა ბერებმა მონასტრის კედელზე წარწერილი ქართული სიტყვები − ამ მონასტრის დამფუძნებლები საქართველოს მეფენი არიანო, − წაშალეს და ახალი წარწერა გააკეთეს ბერძნულ ენაზე − მონასტერი ბიზანტიის იმპერატორებმა ააგესო, ხოლო ფრესკაზე, რომელზეც გამოხატული იყო ქართველი დედოფალი, ქართული წარწერა წაშალეს და ბერძნულ ენაზე ასეთი წარწერა გაუკეთეს − „ბიზანტიის დედოფალი ირინა“... ანტონი ჭეშმარიტად ცოცხალი ენციკლოპედია იყო − მან არა მარტო საგულდაგულოდ იცოდა ყველაფერი, რაც მის სამშობლოში ხდებოდა, ისიც იცოდა, ვის რა აწუხებდა, ვის რა სტკიოდა, იცოდა და, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ღატაკსა და გაჭირვებულ მოძმეს... მის კალამს ეკუთვნის მშვენიერი გამოკვლევა აბრეშუმის ჭიასა და საერთოდ მეაბრეშუმეობაზე“ („სვეტიცხოველი“. ივნისი, 1994).TK