სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1997 წლის ქრონიკა

ნოემბერი

    რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ანტისემიტიზმი ერთ-ერთ უდიდეს ცოდვად ცნო... კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები, ებრაელთა დევნას მიიჩნევენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნენი ხშირად მცდარად განმარტავდნენ ახალ აღთქმას და ებრაელებს აბრალებდნენ ქრისტეს სიკვდილს. თავიანთი აზრი სიმპოზიუმის მონაწილეებმა იმით დაასაბუთეს, რომ თვით იესო ქრისტე ებრაელი იყო („საქ. რესპ.“ 7 ნოემბერი, 1997).GK

    იოაკიმე ასათიანი (არქიმანდრიტი): „უფალს სრულად ვემორჩილები, მივყვები ჩემი მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევას და მომავალში შევუდგები წინამძღვრის მოვალეობის აღსრულებას ზარზმის მონასტერში. პასუხისმგებლობა კი სასულიერო სამსახურში მდგარი პირის უსაფრთხოებაზე თუ ნებისმიერ ექსცესზე მთლიანად მთავრობას დაეკისრება“ („საქ.რესპ.“ 7 ნოემბერი, 1997).GK

    საქინფორმი (საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური): „7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს საქართველოს გენერალური პროკურორის ჯამლეთ ბიბილაშვილის ინფორმაცია „აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის გენოციდის, ეთნიკური სიწმინდის და საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხების გამომწვევი მიზეზების ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების შესახებ“. აღინიშნა, რომ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად არის გამოვლენილი აგრესიული სეპარატიზმის სულის ჩამდგმელებისა და მათი მხარდამჭერების წინასწარი განზრახვა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის, ძირითადად ქართველი ეროვნების, გენოციდის მოწყობის თაობაზე. არსებული მონაცემებით, აფხაზმა სეპარატისტებმა და მათ მიერ დაქირავებულმა მკვლელებმა მხოლოდ ეროვნული კუთვნილების ნიშნით დახვრიტეს, ჩამოახრჩვეს და დაწვეს 7000-მდე ქართველი, მშობლიური კერებიდან განდევნეს 300 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე... საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო ამ მასალების საერთაშორისო ტრიბუნალისათვის გადაცემის აუცილებლობას“ („საქ.რესპ.“ 8 ნოემბერი, 1997).GK

    თვითმხილველთა მტკიცებით, აფხაზეთში 1 ნოემბრიდან დაწყებულ პრივატიზაციასთან დაკავშირებით, შეიმჩნევა რუსეთის ფედერაციაში, სტავროპოლისა და ყუბანის მხარეში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოსახლეობის მოძალება. ისინი იძენენ კერძო სახლებს აფხაზეთის ყველა რაიონში, გალის რაიონის გარდა („საქ.რესპ.“ 7 დეკემბერი, 1997).GK

    ნოდარ გრიგალაშვილი: „საქართველოს წინა ნომრებში ზვიად გამსახურდიას ერთი წერილის პირველი პუბლიკაცია შედგა... გამსახურდიამ წერილი გაუგზავნა ცენტრალურ კომიტეტს, რომლითაც პირველმა წამოიწყო ბრძოლა მამათმავლების წინააღმდეგ, სასულიერო  თუ საერო მმართველობის ყველა სფეროში რომ შეეღწიათ და ქვეყანას ათახსირებდნენ... ვივარაუდე, წამოვიწყებდი ბრძოლას იმ უმსგავსობის გამო, რაც „რუსთავი 2“-ის ეკრანიდან იღვრება და ლამის ყველამ ფეხი აუწყოს. გაბოროტდა ყოფილი მიტროპოლიტი კერატიშვილი. გამსახურდიას წერილით გაბოროტებულთა დაცვა რატომღაც გაზეთ „ასავალ-დასავალმა“ ითავა... მკითხველს მინდა ვაუწყო: ამ ანაფორიანმა კაცმა, რედაქციაში დამირეკა და ჯერ კაპასი ქალივით დაიწყევლა, შემდეგ კი დედის გინებაზე გადავიდა“ („საქართველო“ 11-15 დეკემბერი, 1997).GK

    საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის განცხადება: „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას ჭოჭმანის პოლიტიკაზე, დადგეს ქართფველი ერის ინტერესების სადარაჯოზე და ცნობილი, დამამცირებელი, კომპრომისული მეთოდებით აღარ გაუგრძელოს რუსეთს ე.წ. „სამშვიდობო“ ვადა... ქართული მწერლობა მოუწოდებს ჩვენს ხალხს ერთიანობისკენ“ („ლიტ.საქ.“ 12-19 დეკემბერი, 1997).GK

    თამაზ წივწივაძე (საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე); რეზო ჭეიშვილი (საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი): „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს, ბატონ ჯემალ ლეონიძეს! ბატონო ჯემალ, „თქვენდამი რწმუნებული“ ბრალდებული ჯაბა იოსელიანი ნიჭიერი მწერალია, გამოქვეყნებული აქვს რომანები, ნოველები; რომანი „ლიმონათის ქვეყანა“ თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ და (არ იქნება ცუდი) თავად ბრალდებულმაც“ („ლიტ.საქ.“ 12-19 დეკემბერი, 1997).GK

    ლეილა გიორგაძე: „სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებობს ლიცენზიების დეპარტამენტი, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ლაბორატორიული შემოწმების საფუძველზე სერთიფიკატის ანუ წარმოების უფლების გაცემა − სამინისტრო, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ებრძვის კორუფციას, დაინტერესებული უნდა იყოს ამ დეპარტამენტის არსებობითა და მისი სრული დატვირთვით. მაგრამ სამინისტრო „ვიღაცეების“ და „რაღაცის“ წინაშე რევერანსებს აკეთებს და იძლევა იმის უფლებას, რომ კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგებმა თავადვე გააკეთონ საკუთარ პროდუქტებზე ლაბორატორიული დასკვნები... მაგალითად, სერთიფიკაციის და ლიცენზიის უფლება ფქვილზე და პურ-პროდუქტებზე  მიეცა პურისა და პურ-პროდუქტების ხარისხის ინსპექციას“ („შანსი“ 1997).GK

    დიმიტრი გრატიაშვილი: „პერმში წამყვან სპეციალისტ-ნარკოლოგების კონგრესზე აღინიშნა, რომ 2-3 წლის წინათ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ნარკომანთა რაოდენობა 50 000 არ აღემატებოდა, დღეს კი მარტო ოფიციალური მონაცემებით ამ რიცხვმა 200 000-მდე მიაღწია და იგი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“ („შანსი“, 1997). GK

    „შანსი“: „ღმერთი კანონია, შემდეგ კი სიყვარული. ვინც იქადაგებს მხოლოდ სიყვარულით გადარჩენას, თუ იქვე არ იგულისხმება თვით კანონის აღსრულება, ერის მესაფლავეა... 1997 წლის მაისის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს: „მათ (იგულისხმება შიო მღვიმის, დავით გარეჯის, ბეთანიის, ზარზმის მამათა მონასტრების წინამძღვრები და მონასტრის ზოგიერთი წევრი) შეწყვიტეს ევქარისტული კავშირი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, საქართველოს ეკლესიასთან; ასევე მსოფლიო საპატრიარქოსთან და თითქმის ყველა მართლმადიდებლურ ავტოკეფალიურ ეკლესიასთან მწვალებლობის უსაფუძვლო ბრალდებით, რომ ისინი არიან მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს წევრები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის „უმაღლესი“ ორგანო − წმინდა სინოდის კრება მზად არის განიხილოს ეს სამწუხარო ფაქტი, როგორც უსაფუძვლო განხეთქილების საბაბი, რომლის გამო განხეთქილების მოქმედნი განეშორებიან ღვთის მადლს“. საქართველოს ძველი მართლმადიდებლური ეკლესია დიდი რჯულისკანონის საფუძველზე განიხილავს წამოჭრილ საკითხს, რათა სწორი განმარტება მისცეს მომხდარ ფაქტს... სინოდი არ არის უზენაესი საეკლესიო ორგანო, რადგან წმინდა მამების კანონების მიხედვით, მხოლოდ საეკლესიო კრებაა ამგვარი უფლებებით მოსილი... „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე პატრიარქმა გააკეთა განცხადება: „არ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ეკლესიათა საბჭო ეს იგივე ეკლესიაა“... კომენტარი: რანაირად შეიძლება ეკლესიას ჰყავდეს საბჭო და ის იყოს არასაეკლესიო? ეს იგივეა, რომ განვაცხადოთ, პარლამენტის მმართველი თავმჯდომარე არ არის პარლამენტარი და თუკი ჭეშმარიტად ეს ასეა, როგორც ამას პატრიარქი განმარტავს, მაშინ ისმის კითხვა, რა უფლებამოსილებით იღებს მსოფლიო პატრიარქის მმართველობის ფუნქციას ეს არაეკლესიური ორგანიზაცია? ვინ დააკისრა მსოფლიო მწყემსთა მწყემსვა ცხვრად დაბადებულებს?.. პატრიარქი ბრძანებს: „საბჭოთა იზოლაციის დროს ეკლესიათა საბჭოში ყოფნამ ქართულ ეკლესიას საშუალება მისცა, რომ იგი მსოფლიოს გაეცნო დამოუკიდებელ ეკლესიად“... კომენტარი: ჯერ ეს ვიკითხოთ, როგორ მსოფლიოს აწონებდა თავს ქართული ეკლესია? განა უმჯობესი არ იყო, უპირველესად ღმერთისთვის მოეწონებინა თავი ამ ასჯერ ანათემირებული ერეტიკული სამწყსოს წინაშე რომ აკეკლუცდა?.. პატრიარქი ბრძანებს: „მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში მართლმადიდებლური ეკლესიების ყოფნამ ბევრი სიკეთეც მოიტანა: მრავალი პროტესტანტი მართლმადიდებელი გახდა“... კომენტარი: როგორ გავიგოთ ასეთი რამ, ე.ი. ასი პროტესტანტის გადასარჩენად ასი მილიონი „მართლმადიდებელი“ გაიწირა იმ ერეტიკული საკრებულოდან გამოუსვლელობის გამო. არ აჯობებდა, პირიქით ყოფილიყო? ასი პროტესტანტი დარჩენილიყო კვლავ პროტესტანტად და ას მილიონ „მართლმადიდებელს“ ეშველა საკუთარი თავისთვის, გამიჯვნოდა ამ ერეტიკულ საკრებულოს. გადანათლეს პროტესტანტები, თორემ ერთბაშად აღუსრულეს მოციქულებრივი წყალში შთაფვლითი ნათლობა. რა „ბაჯაღლოებიც“ იყვნენ, იგივენი დარჩნენ. ერთი წუმპიდან ამოყვანილნი საზეიმო მარშით გადასვეს მეორე წუმპეში, და ეგრერიგად კვლავ დატოვეს ისინი გადარჩენის მოწადინეებად... პატრიარქი ბრძანებს: „აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადგან მართლმადიდებლები ძალიან ცოტანი არიან და საბჭოს წევრთაგან თითქმის 90% პროტესტანტია, ამიტომ საკითხი ჩვენი გამოსვლისა დგას. მე პირადად, გამოსვლას ვუჭერ მხარს, მაგრამ ზოგიერთი მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებით ცალ-ცალკე გამოსვლა არ შეიძლება“... კომენტარი: არც ამ განცხადებაშია ლოგიკა... ასევე ფიქრობდა თუ არა პატრიარქი მაშინ, როცა მას ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ პრეზიდენტად ნიშნავდნენ; თუკი მერე გამოსვლის საკითხი ასე მწუხარედ დაუდგებოდა, მაშინ ასე თავქუდმოგლეჯილი რატომ შედიოდა ამ ორგანიზაციაში? იქნებ რაიმე სახით სახელმწიფოს ზეგავლენას ჰქონდა ადგილი?.. თბილისს ჯერ არ დავიწყებია ამ საკრებულოში საქართველოს ეკლესიის გაწევრიანებისა და პატრიარქის პრეზიდენტად დანიშვნის სიხარულით გამართული აღლუმი − მანქანის სირენების ზუზუნით აკლებული ქუჩები... საპატრიარქო ბრძანებს: „ზემოთხსენებული რამოდენიმე ბერის ბრმა ფანატიზმი იქამდე მივიდა, რომ მათი განცხადებით ისინი არა მხოლოდ საქათველოს, არამედ რუსეთის, კონსტანტინეპოლის და საერთოდ, ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან წყვეტენ ურთიერთობას, რომელნიც კი ამ საბჭოში შედიან“... კომენტარი: ნუთუ გულწრფელად მიაჩნია პატრიარქს ბრმა ფანატიზმად ეკუმენიზმისადმი პროტესტი?.. რატომ არ აღიარებს პატრიარქი ბერ-მოძღვართა პრეტენზიის გამო აღძრულ იმ აუცილებლობას, რის გამოც იგი იძულებულია დატოვოს ეს საკრებულო? რატომ ნებავს სხვა საფუძველი დაუდოს თავის დღევანდელ გადაწყვეტილებას მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გამოსვლის თაობაზე?.. პატრიარქი ბრძანებს: „არ შეიძლება საქართველოს ეკლესია გამოეყოს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს?..“ კომენტარი: გაურკვეველია, ვინ წაართვა რომელიმე ეკლესიას უფლება, გამოეყოს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს, თუკი ეს „მართლმადიდებლური“, ერთმუშტად შეკრული სამყარო, თავისი ერეტიკულობის გამო, არამართლმადიდებლურია... ამგვარია რჯულიერი განმარტება ურჯულოებაზე: „ეს არის სასარგებლო, უკანონობის მქმნელებთან გავერთიანდეს არც ეკლესიაში, არც ყიდვა-გაყიდვაში, არც თათბირში, არც სასამართლოში და არც სხვა რამეში. უკანონობის მქმნელებთან თანადგომათა განკვეთას ვბრძანებ“ (ღირსი მამა ბარსანოფი დიდი, გვ 462, პასუხი 787)... 1. ყოვლად შეუძლებელია ქრისტეანული რელიგიის (ეკლესიის) გადაკეთება... მამა ღმერთი ბრძანებდა: „ჩემი შვილის ხელიდან მორთმეული ეკლესია მესათნოებაო“... 2. ყოვლად შეუძლებელია ქრისტეანული დოგმების და გადმონაცემების შეცვლა, უარყოდა. „მცირედ გადაიხრები მართლმადიდებლობისაგან, ერეტიკოსი ხარ!“ (თეოდორე სტოდიელი)... 3. ყოვლად შეუძლებელია ქალთაგანი იყოს მღვდელი ან ეპისკოპოსი... ქალი რომ შემთხვევით შევიდეს საკურთხეველში, ეკლესია თავიდან საკურთხებელია... 4. ყოვლად შეუძლებელია ღვთივდაარსებული შვიდი საიდუმლოს შეცვლა და გაუქმება. ეს შვიდი საეკლესიო საიდუმლო არის სწორედ ის სასიცოცხლო არტერია, რომელთაგან ერთი არტერიის გადაჭრაც კი ეკლესიის სიკვდილს გამოიწვევს... 5. ყოვლად შეუძლებელია უფლის წინაშე სათნოდ ჩანდეს ყველა რელიგია. „მხოლოდ ჩემი შვილის ხელიდან მორთმეული რელიგია მესათნოებაო“. სახარებაში ამ სიტყვების შემდეგ არ უნდა გაჭირდეს კომენტარის გაკეთება: „მე ვარ კარი სამოთხისა“ −ბრძანებს ქრისტე. ვინც კი ქრისტედან არ შემოვა, ყაჩაღია... 6. ყოვლად შეუძლებელია ქრისტეანული მრწამსი შეიცვალოს ახალი დოგმატებით... ჩვენ გვჯერა წინასწარმეტყველებისა, რომლითაც ბიბლიაში იწინასწარმეტყველეს: ა)რომ სულიწმიდა გადმოვიდა მასზე და ამიტომ იწოდება ძე ღმერთად იესო ქრისტე; ბ) რომ ქალწულს ეყოლება შვილი; გ) და აღდგა იგი მესამე დღესა“(„შანსი“, 1997).GK