სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

ივლისი

    პუტინმა არასრულწლოვნებში გეი-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი ოფიციალურად გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ბავშვებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისთვის მოქალაქე 4 000-დან 5 000-მდე რუსული რუბლით(დაახლოებით 150 აშშ დოლარი) დაჯარიმდება, ოფიციალური პირი 40 000-დან 50 000-მდე რუბლით, იურიდიული პირებისთვის კი ეს თანხა 800 000-დან 1 მილიონ რუბლამდე მერყეობს. ასევე, კანონი იურიდიული პირებისთვის საქმიანობის 90 დღის განმავლობაში შეჩერებასაც ითვალისწინებს. უფრო მკაცრია სასჯელი ამ დანაშაულში ინტერნეტის ან მედიის გამოყენებისთვის. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ათასიდან 100 ათას რუბლამდე დაჯარიმდება, ოფიციალური პირი 100 ათასიდან 200 ათას რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირი 1 მილიონი რუბლით. ფედერალური კანონი მსგავსია კანონების, რომლებიც უკვე მოქმედებს რუსეთის ცხრა რეგიონში. ამ კანონით აიკრძალება სექსუალურ უმცირესობათა მხარდასაჭერი ღია აქციების მოწყობა („საქ. რესპ.“ 2 ივლისი, 2013).TK

    ლევან ვეფხვაძე: „მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ამბობს, რომ ნარკომანია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თქვენ სადმე გინახავთ ადამიანი, რომელიც გამოვა ტელევიზიით და იტყვის, რომ ვიკეთებ და ეს არის ჩვეულებრივი? ეს სრულიად ერთი და იგივე შემთხვევაა“(იგულისხმება ლგბტ-ს წარმომადგენლები) („საქ. რესპ.“ 2 ივლისი, 2013).TK

    გიორგი ახვლედიანი: „სოდომის ცოდვის პოპულარიზებას ტელევიზიებში 24 საათის განმავლობაში ახდენენ. ყველა გადაცემაში პოპულარიზებაა ამ ცხოვრების წესის, რაც, ჩვენი აზრით, ქართველი ერისთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია... მაგალითად, ასევე უნდა განისაზღვროს, რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის ოჯახის ღირებულება. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა იცავდეს მხოლოდ იმ ოჯახის ინტერესს, რომელიც არის მხოლოდ ქალის და მამაკაცისგან შემდგარი. სხვა მიმართულება საქართველოში არ უნდა არსებობდეს“ („საქ. რესპ.“ 2 ივლისი, 2013).TK

    კახა კალაძე: „მათ ვინც არ უნდა დაასახელონ , არ გააჩნიათ არანაირი შანსი მოიგონ პრეზიდენტის არჩევნები, ვინაიდან ამ პარტიისადმი(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ნდობა მოსახლეობის მხრიდან პრაქტიკულად ამოწურულია“ („საქ. რესპ.“ 2 ივლისი, 2013).TK

    პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 30 ივნისს ქუთაისში გამართა კონფერენცია, სადაც სტარტი მიეცა პრაიმერიზს პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატის განსაზღვრისთვის... პრეზიდენტის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას ღებულობს ოთხი დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ექსსახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, აგრეთვე ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია („საქ. რესპ.“ 2 ივლისი, 2013).TK

    შოთა მალაშხია: „მე აქცენტს გავაკეთებ დამღუპველ პრორუსულ პოლიტიკაზე, „ქართული ოცნებისა“, რომელმაც თითქოს დაივიწყა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ („საქ. რესპ.“ 2 ივლისი, 2013).TK

    ზურაბ აბაშიძე: „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს მისი წარმომადგენელი – 43 წლის ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილის გამარჯვება იქნება დამაჯერებელი და უტყუარი, ვინც კი უნდა დაასახელოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ („საქ. რესპ.“ 2 ივლისი, 2013).TK

    ეკა ბესელია: „მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე არ მინახავს, რაც დღეს ვნახე. ფარულ ჩანაწერებს ბოლომდე ვერც ვუყურეთ და ამ ყველაფრის გადმოცემა ემოციით შეუძლებელია, ეს არაადამიანურია. არ ვიცი, როგორ შეიძლება ახსნა, ან გაამართლო მსგავსი საზიზღრობა, რაც ხდებოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ოფიციალურ სტრუქტურებში ხდებოდა“ („საქ. რესპ.“ 3 ივლისი, 2013).TK

    მანანა კობახიძე: „ამ კადრების ნახვას საჭიროდ არ ვთვლი. ადვოკატის რანგში, მსხვერპლთა მხრიდან მსგავსი ისტორიები მოსმენილი მაქვს და ამას ვიდეოკადრებში ვნახავ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველაფერი ადამიანებმა გადაიტანეს და ჩანაწერების ნახვაზე უარი ვთქვათ, ეს საკუთარი თავის დაცვაა, მაგრამ შეხვედრა მაინც დავტოვე“ („საქ. რესპ.“ 3 ივლისი, 2013).TK

    საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით 2013 წლის 1 ივლისიდან ანაზღაურდება ამბოლატორიული მომსახურება: ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე, ექიმ-სპეციალისტების მომსახურება ოჯახის ან უბნის ექიმის დანიშნულებით – 70%-ით, კერძოდ: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი. ექიმის დანიშნულებით გამოკვლევები ანაზღაურდება სრულად: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ეკგ ანაზღაურდება 70%-ით: ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი: TSH, მუცლის ღრუს ექოსკოპია, გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა. ყველა სახის სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტის გაცემა, გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა. გადაუდებელი, ამბულატორიული მომსახურება ანაზღაურდება სრულად. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება(ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე 15 000 ლარი); ანაზღაურდება სრულად: ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა; 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, როდესაც დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე რამდენიმე საათში მოსალოდნელია პაციენტის სიკვდილი, უნარშეზღუდულობა, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება; გეგმური ქირურგიული ოპერაციები(მათ შორის, დღის სტაციონარი) და მათთან დაკავშირებული ყველა გამოკვლევა – წლიური ლიმიტი 15 000 ლარი ანაზღაურდება 70%-ით, ხოლო სრულად ანაზღაურდება 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები. ონკოლოგია სრულწლოვნებში – 80%-ით, სრულად – 18 წლამდე ბავშვებისათვის: ქიმიოთერაპია; ჰორმონოთერაპია; სხივური თერაპია(წლიური ლიმიტი 12 000 ლარი); ფიზიოლოგიური მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი; საკეისრო კვეთა – ლიმიტი 800 ლარი („საქ. რესპ.“ 3 ივლისი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „საქართველოში უნდა დასრულდეს ის სამარცხვინო პრაქტიკა, როდესაც მმართველი გუნდი მთელ სახელისუფლებო რესურსს მიმართავდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვას. ჩვენი ხელისუფლება ყველა მოქალაქისა და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელისუფლებაა. ამიტომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული სისტემა, იქნება ეს საბიუჯეტო თანხები, პოლიცია თუ სხვა საჯარო დაწესებულებები, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „მივმართავ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ ყოფილან იმ აღმაშფოთებელი დანაშაულებრივი სისტემის მონაწილენი, რომლის ფორმაც და არსიც უკვე ყველასთვის აშკარაა, – გამოიყენეთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც უკანონობასთან გამიჯვნისა და ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი. თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს – ამგვარი აქტები საკუთარ სინდისთან და ღმერთთან პირისპირ დარჩენის დროს მოგვეთხოვება ყველას“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა. არჩევნებში პროკურორიც და მოსამართლეც ხალხია და ხალხის თავისუფალმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს, ვის რა ნდობა აქვს დღეს და ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალში“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, – ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „მე ვნახე ვებგვერდზე ისეთი საიტები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი აჭარელი, არა აქვს ამას მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ იქნება თუ „დემოკრატიული მოძრაობა“ რომ გააჩერო, წესით უნდა თქვას, რომ მისთვის მიუღებელია წინა ხელისუფლების მხრიდან აჭარის და ბათუმის, როგორც გეი ტურიზმის მხრიდან საუკეთესო ადგილის რეკლამირება. ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამას ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში. არავის თავს არ გავუტეხავთ, არავის უფლებებს არ ვულახავთ, ვისაც რა უნდა ის ქნას და ის გააკეთოს თავის სახლში და ოთახში, მაგრამ ჩვენს შვილებს ნუ მოახვევენ თავს ისეთ ფასეულობებს, რომელიც არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად უცხო“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    გურამ მისაბიშვილი: „უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ჩვენი მისამართით წამოსული აგრესია და ცინიზმი ყოველგვარ ფარგლებს გასცდა. გასცდა არა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებს, არამედ ადამიანურ და მორალურ პრინციპებსაც. სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ ამაზე გამოხმაურება. როგორც პრესის ერთ-ერთი საშუალებიდან გახდა ცნობილი, იმას, რაც შოთა მალაშხიამ იკადრა, არც პოლიტიკასთან, არც კრიტიკასთან და ზნეობასთან საერთო არაფერი აქვს, მალაშხია რატომღაც ნაძირლებად გვამკობს იმ 12 დეპუტატს, რომლებმაც პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება დამოუკიდებელი სტატუსით ვარჩიეთ. ბოლოდროინდელი კადრების გახმაურების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდით, რომ არჩევანში არ შევმცდარვართ. ამგვარ უზნეობაზე, ამორალურ, სახელმწიფოებრივ-სისტემურ დანაშაულზე უარის თქმა თუ უზნეობად მიგაჩნიათ, მაშინ მე მიჯობს, ნაძირალა მიწოდოთ რომელიმე დახურულ პარტიულ შეკრებაზე, თუნდაც არაკაცური, ბინძური ეპითეტებით შემამკოთ, მაგრამ ქართველი ხალხის წინაშე სუფთა და მართალი კაცის სახელი მქონდეს, რომელიც ამ სიმახინჯეს გაემიჯნა. ასეთივეა ჩემი კოლეგების პოზიცია, რომლებსაც წამების ამსახველი კადრების შემდგომ გაუმძაფრდათ შეგრძნება, რომ სწორი სამოქალაქო პოზიცია დაიკავეს, როცა დამოუკიდებელი დეპუტატები გახდნენ“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე დაწესებული ჯარიმის განახევრების ინიციატივით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მიმართა. შსს-ს მიერ პარლამენტში წარდგენილ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. ასევე ნახევრდება ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევებში და მისი ოდენობა 200 ლარიდან 100 ლარამდე მცირდება („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ირაკლი ალასანია: „ავღანეთში ჩვენი კონტიგენტი გადასულია მუშაობის სრულიად ახალ რეჟიმზე. უსაფრთხოების ის სამუშაოები, რაც ავღანეთში ჩემი ვიზიტისას ქართული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და ნატოს სარდლობასთან ერთად დაიგეგმა, პრაქტიკულად შესრულებულია. ის ორი მცირე ბაზა, რომელთა დახურვაც დაგეგმილი იყო, დაიხურა. ჩვენი შენაერთები გადავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილას“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    „მუნიციპალური საბავშვო ბაღების მთლიანად სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა, ბიუჯეტს დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაუჯდება. აღნიშნული ციფრი უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა, რომლის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი მეორე მოსმენით დაუბრუნდა. დეპუტატებმა მუხლობრივად „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლის თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრება აღნიშნულ დაწესებულებაში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება იკრძალება. ორ კანონში პირდაპირ იწერება, რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ძირითადად სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახურებითვის გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება, აკრძალულია“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    შინაგან საქმეთა სამინისტრო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ კანონპროექტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნას არ კრძალავს. ამ კანონპროექტით კოცნა არ იკრძალება. საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში შეიძლება მოვიაზროთ გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში მოსაქმება, სხვა უხამსობები და არა პაემანი, ან კოცნა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ქმედებად... პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების წარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. ამავე პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომების მიღება არასაკმარისად ჩაითვლება, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღე-ღამემდე ვადით. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    საყურადღებოა კანონის ახალი რედაქციით მიღებული 38-ე მუხლი, რომელიც დამსაქმებელსა და მუშაკს შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის წესს შეეხება. მასში ეს პროცედურა დაწვრილებითაა გაწერილი. კერძოდ, აღსანიშნავია ის სიახლე, რომელმაც დამსაქმებლის ინიციატივით დაქირავებულ მუშაკთა დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მის წერილობით, არანაკლებ 30 კალენდრული დღით ადრე შეტყობინებას ითვალისწინებს, რაც უწინ სრულიად უგულებელყოფილი იყო. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, ეს გააკეთოს მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება, საკადრო შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ანდა დამქირავებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მიზეზით. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დამსაქმებელს დაქირავებული მუშაკის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში ერთი ვალდებულებაც აქვს: შრომითი ხელშეკრულების მყისიერი შეწყვეტისას(ვთქვათ, ერთ დღეში და არა ერთი თვით ადრე გაფრთხილების პირობების დაცვით) იგი ვალდებულია მას ერთი თვის შრომის ანაზღაურება გადაუხადოს... თავიდან განისაზღვრა დაქირავებული მუშაკის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულების ყოველკვირეული დროის ხანგრძლივობა, რომელიც 41 საათს არ უნდა აღემატებოდეს(შესვენების გარეშე). მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ისიც, რომ არასრულწლოვანთა დასაქმების ლიმიტი კვირაში 36 საათს არ უნდა ჭარბობდეს(ასევე შესვენების გარეშე), ხოლო 14-16 წლის მოზარდებისთვის კანონით დაშვებული დრო – 21 საათია განსაზღვრული („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევაზეც მკაცრდება. ამ მიმართულებით შსს პარლამენტს კანონში დამატებით ახალი ჯარიმების ჩადების ინიციატივით მიმართავს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის ობიექტებში, არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის არათვალსაჩინო ადგილზე განთავსება გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ზემოთ აღნიშნული ქმედებების წლის განმავლობაში განმეორება გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. გარდა ამისა, 500 ლარით დაჯარიმდება ობიექტი, თუ ის ალკოჰოლურ სასმელს არასრულწლოვანს მიყიდის. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში მას 1 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. აღნიშნული ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    მშობლების მიმართ, რომლებიც არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდის მოვალეობას ვერ ასრულებენ, სანქციები მკაცრდება. ამ მიმართულებით დაწესებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. დღეს მოქმედი კოდექსის თანახმად, მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევის ჩადენა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, სპირტიანი სასმელების მიღება, იწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, კი 200-ლარიანი ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება. გარდა ამისა, კანონის შესაბამის მუხლს ემატება ახალი ნორმა, რომელიც აღნიშნული სამართალდარღვევის წლის განმავლობაში გამეორებას შეეხება და მასზე სანქციას 800 ლარის ოდენობით აწესებს. ასევე, ადმინისტრაციული სანქცია მკაცრდება და 300 ლარით განისაზღვრება ისეთ შემთხვევაზე, თუკი მშობლის ან სხვა პირის მხრიდან ადგილი აქვს არასრულწლოვანის დათრობას. დღეს ეს ქმედება იწვევს დაჯარიმებას ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ბორის კერჟენცევი (ისტორიკოსი, მწერალი): „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საფრანგეთი გახდა მხოლოდ მორიგი ქვეყანა მრავალთა შორის, რომლებმაც უკვე ოფიციალურად აღიარეს ჰომოსექსუალური ქორწინებანი. უფრო ადრე ამგვარი კანონები მიიღეს ესპანეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, შვედეთში, დანიაში, ნორვეგიაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში... სია საკმაოდ ვრცელია და აგრძელებს შევსებას. ჯერ კიდევ 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჰომოსექსუალისტებისთვის საქორწინო კავშირების გაფორმების აკრძალვა ზღუდავს მათ მოქალაქეობრივ უფლებებს და ეწინააღმდეგება სახელმწიფო კონსტიტუციას. მას შემდეგ იმ შტატების რაოდენობა, რომლებმაც გააუქმეს ეს აკრძალვა თავიანთ ტერიტორიებზე, მუდმივად იზრდება. უმალვე, ფრანგი დეპუტატების კვალდაკვალ, დიდ ბრიტანეთში პარლამენტის ყველა პალატამ ტაშის გრიალში მისცა ხმა ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინების შემოღების შესახებ კანონის მიღებას. ახლა ინგლისსა და შოტლანდიაში დღის წესრიგშია საკითხი ჰომოსექსუალების უფლებების შესახებ – გახდნენ მღვდელები“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ბორის კერჟენცევი(ისტორიკოსი, მწერალი): „უწინარეს ყოვლისა, ბიწიერება და არაბუნებრივობა მარცხდება არა პოლიციელების ხელკეტებით ან ცენზორების მაკრატლებით, არამედ შინაგანი თვითშეზღუდით, რომელიც აღიზრდება ყოველი ღვთისმოშიში ადამიანის სულში. საკუთარი შეგნებიდან რელიგიურობისა და ცნება „ცოდვის“ ამოგდებით ევროპულმა საზოგადოებამ წინასწარ მოაწერა ხელი სულიერ კაპიტულაციას“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    ბორის კერჟენცევი(ისტორიკოსი, მწერალი): „ერთსქესიან ქორწინებათა ლეგალიზაციის პრობლემა აუცილებლად მოადგება ჩვენ საზოგადოებასაც. და ეს მოხდება (უფრო ზუსტად – უკვე ხდება) ორი გზით. ჯერ ერთი, მიუხედავად ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივისა და დეპუტატების ოპტიმისტური განცხადებებისა, რომ რუსეთის ობლები არ აღმოჩნდებიან ევროპელების ერთსქესიან ოჯახებში, ეს რასაკვირველია, ადრე ან ოდნავ გვიან, მაინც მოხდება აუცილებლად. და არც შეიძლება არ მოხდეს თუნდაც იმიტომ, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოში, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თავიანთი განვითარებით ორიენტირებული არიან დასავლეთზე, ძნელად რომ დარჩეს თუნდაც ერთი, რომელშიც არ იქნება ლეგალიზებული ერთსქესიანი ქორწინება, და ამ დროს სავსებით მოსალოდნელია, რომ სწორედ ერთსქესიანი შეუღლებით გახდნენ აბსოლუტური ლიდერები შვილად აყვანის საქმეში... საფრანგეთი ან დიდი ბრიტანეთი კანონით ერთსქესიანი ქორწინების შესახებ დღეს – ესაა რუსეთი ხვალ ან უკიდურეს შემთხვევაში ზეგ. ასეთია მონაცემები. აქვს რუსეთს შანსი, თავიდან აიცილოს ეს მომავალი? ჩვენი საზოგადოების დღევანდელი სულიერი მდგომარეობისა და მისი განვითარების პრიორიტეტების პირობებში – არა. იმისთვის კი, რომ თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი ჩავარდნა უფსკრულში, არ არის საკმარისი საპროტესტო მანიფესტაციების მოწყობა, საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, გადავუხვიოთ დამღუპველი გზიდან“ („საქ. რესპ.“ 11 ივლისი, 2013).TK

    17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებულების, მათ შორის სასულიერო პირების, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 ივლისისთვის გადაიდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრალდებულის ტიტან დავრიშიანის გამოუცხადებლობის გამო მიიღო. როგორც პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს ბრალდებულების ადვოკატებმა განუცხადეს, ტიტან დავრიშიანი სხვა საქმესთან დაკავშირებით პატიმრობაში იმყოფება და პროცესზე მისი ბადრაგირება ვერ მოხერხდა. პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასულიერო პირმა მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ აპირებს სახალხო დამცველს მიმართოს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის მიმართ მედიის საშუალებით ვრცელდება. ანთიმოზ ბიჩინაშვილის გარდა, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე ბრალდებულია კიდევ ოთხი პირი, მათ შორის ერთი ასევე სასულიერო პირია. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასულიერო პირების სასამართლო პროცესისთვის უფლებადამცველი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გაიმართა მცირე აქციაც („საქ. რესპ.“ 16 ივლისი, 2013).TK

    ვაჟა ლორთქიფანიძე: „მე არასდროს მომისმენია ბადრი პატარკაციშვილისგან, თითქოს, ივანიშვილისგან რაიმე საფრთხეს ელოდა და არც ის მსმენია, რომ ვინმე მას ამ ინფორმაციას აწვდიდა, ასეთია სიმართლე. მე ვიცი ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება – ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურად ჯანსაღი და ნორმალური იყო. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როდესაც ორივე რუსეთში იმყოფებოდა და უფრო მოგვიანებითაც. ბადრის ჩემთან არაერთხელ გამოუხატავს ძალიან დიდი პატივისცემა ბიძინას მიმართ. ის ყოველთვის აფასებდა ბიძინას, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, ძალიან ჭკვიანს, კარგ ორგანიზატორს და წარმატებულ კაცს. ასეთივე აზრი მსმენია ბიძინასგან ბადრის მიმართ. ადრეც 90-იან წლებშიც, 2000 წელსაც და შემდგომაც. ყოველ შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე ბადრისგან ეს მესმოდა. დღესაც, რამდენადაც ვიცი, ბადრის ოჯახის მიმართ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ყურადღებით და დიდი პატივისცემითაა გამსჭვალული. ასევეა, ბადრის ოჯახიც, ისინი ბიძინას დიდ პატივს სცემენ და იმედითაც შეჰყურებენ. ასე, რომ სააკაშვილის განცხადება ფუჭი, იაფფასიანი მცდელობაა ინტრიგების ხლართვისა და საკუთარი თავის გათეთრებისთვის“ („საქ. რესპ.“ 26 ივლისი, 2013).TK

    სააკაშვილის განცხადება, რომელიც 20 ივლისს გაკეთდა, მართლაც შოკისმომგვრელი იყო. პირველად გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 2011 წლის 26 მაისის დარბევას რუსთაველის გამზირზე „ყველა ეტაპზე თვალყურს ადევნებდა FBI-ს ამერიკელთა ჯგუფი“(სააკაშვილის სიტყვებია).TK ამ განცხადებას გამოეხმაურა სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო, რომელმაც საგანგებო ბრიფინგი გამართა. შეგახსენებთ, რომ სწორედ სახალხო კრების მიერ იყო ორგანიზებული 2011 წლის მაისის მშვიდობიანი მიტინგები რუსთაველის გამზირზე. აღმასრულებელმა საბჭომ მიმართა აშშ-ის საელჩოს საქართველოში, კომენტარი გაეკეთებინა სააკაშვილის ამ განცხადებაზე და ან დაედასტურებინა ინფორმაცია, ან ტყუილში ემხილა განცხადების ავტორი. თუმცა, საელჩომ ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა („საქ. რესპ.“ 26 ივლისი, 2013).TK

    გიორგი კვირიკაშვილი: „დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც, თავის მხრივ, ასოცირების შეთანხმების ნაწილია. მოლაპარაკებების პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია მიმდინარე წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მაქსიმალურად სწრაფად და ამავე დროს ხარისხიანად დასრულება, ახალი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა, ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპარაკებების პროცესმა აჩვენა, საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს... მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარეობდა ჩვიდმეტი თვის განმავლობაში – გაიმართა ექვსი რაუნდი თბილისსა და ბრიუსელში, ასევე რამდენიმე ათეული ვიდეოკონფერენცია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება მონაწილეობდა“ („საქ. რესპ.“ 26 ივლისი, 2013).TK

    რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „გეპეის“ შენობაში, სადაც 75 სოციალურად დაუცველი ოჯახია შესახლებული, ხმაური იყო. „გეპეის“ შენობაში შესახლებულები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დაქირავებულ სამშენებლო კომპანია „ენ ბი ჯი“-ს წარმომადგენლებს ოთახების დათვლაზე უარს ეუბნებოდნენ. მათ სამშენებლო კომპანიის მშენებლებს შენობის ეზოში შესასვლელი კარი ჩაუკეტეს და ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც „ენ ბი ჯი“-ს წარმომადგენელმა გოჩა ენდელაძემ განაცხადა, შენობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკუთვნის. მისივე თქმით, „გეპეის“ ყოფილი შენობის გასარემონტებლად ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც სამშენებლო კომპანია „ენ ბი ჯიმ“ გაიმარჯვა. ენდელაძის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე მუშებთან ერთად მივიდნენ, თუმცა შენობაში შესახლებულებმა შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს, არადა კომპანიას შენობის რემონტზე ვალდებულება აქვს აღებული და სამუშაოები დეკემბერში უნდა დაასრულოს. „გეპეის“ ყოფილ შენობაში მცხოვრები ოჯახები შენობის დაცლაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ თითოეული მათგანი სოციალურად დაუცველი უბინაოა. მათი თქმით, აღნიშნულ შენობაში 10 თვეა, რაც ცხოვრობენ და წასასვლელი არსად არ აქვთ, ამიტომ შენობის დატოვება არ აპირებენ („საქ. რესპ.“ 26 ივლისი, 2013).TK

    გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია უძველესი ქართული ტაძრების რესტავრაციის პროცესი, რომელიც აქამდე ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობდა. რესტავრაციის შესახებ ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ლორე-ტაშირში, ამჟამად სომხეთის ფარგლებში მოქცეულ ქართულ მიწაზე ქობაირის წმინდა გიორგის სახელობის XII საუკუნის ტაძარი ისტორიკოსმა მთვარისა თარხნიშვილმა მოინახულა. ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი წესების დარღვევით, უკვე რესტავრირებულია მონასტრის კომპლექსში შემავალი სამხრეთის გუმბათი. „ამის გამო სამრეკლო გასომხებულია“, – აცხადებს მ. თარხნიშვილი“ („საქ. რესპ.“ 23 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „ძალიან კარგად ვიცი და მესმის, რა ელოდება მომავალ პრეზიდენტს. ვიცი, რამხელა მოლოდინი დგას ამ მხარდაჭერის უკან. მე რომ ვხედავდე ისეთ კანდიდატს, რომელსაც შეეძლება ჩემზე უკეთ მართოს ქვეყანა, გავაკეთებდი იმ არჩევანს, რაც ოქტომბრის არჩევნებისას, გზას სხვას დავუთმობდი, მაგრამ ჯერჯერობით ასეთს ვერავის ვხედავ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არა აქვს სწორი ინფორმაცია არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ მოვლენებზე ქვეყნის შიგნით. ცხოვრება კი არ გაუმჯობესდა, გაუარესდაო, გვეუბნება ხალხი შეხვედრებზე. ეს არის შედეგი მახინჯი კოჰაბიტაციისა. ვინ წარმოიდგენდა, რომ 9 თვის თავზეც კიდევ ნაციონალური მოძრაობის ფერებით ვიქნებოდით დაკავებული?! ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელადო, ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში  დავით ბაქრაძე. აი, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა. 24 საათი ზრუნავენ იმაზე, თუ როგორ და სად შეხვდნენ ნაციონალურ მოძრაობას. ამ დროს კი ერთხელ ვერ გამოიძებნა დრო არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად, აქედან გამომდინარე არის სწორედ, რომ ხალხს გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ მიდის შეთანხმება იმაზე, რომ ქართული ოცნება და ნაციონალები დარჩნენ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ? ეს რომ მართლაც ასე მოხდეს, ნაციონალური მოძრაობა პირველი რასაც იზამს, ქართულ ოცნებას შეჭამს; რაც შეეხება კვლევებს, ამ ტიპის ციფრების გამოქვეყნებით, მოსახლეობა სურთ შეაგუონ იმ შედეგებს, რაც მათ უნდათ, ანუ ეს ემსახურება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ჩვენი მონაცემებით, ჩვენი კვლევებით, რეიტინგი გვაქვს მაღალი და ძალიან  ახლოს არის იგი ქართული ოცნების რეიტინგთან. ამდენად, დიდი შანსი მაქვს, გავიდე მეორე ტურში და გავიმარჯვო; ნუ გამიბრაზდება ქალბატონი ნინო, ჩემი კანდიდატი თუ შევაქოო, აღნიშნა პრემიერმა ამას წინათ. ღმერთი, რჯული, მსგავსი არაფერი მითქვამს. აქაც ჩანს, რა ცუდად აწვდიან მას ინფორმაციას. მე ვთქვი, პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს და ქართული ოცნება მოიგებსო, ამის თქმა არ ივარგებს-მეთქი. თორემ ივანიშვილმა კანდიდატი უნდა შეაქოს , აბა რა?! მთავარი სირთულე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მელოდება. ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება ჩამოყალიბდეს საშუალო კლასი. და ასევე, მთავარია საგარეო კურსის განსაზღვრა. ამ პრობლემას, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ვერ ერევა. ნამდვილად არ ვაპირებ ვიყო ოპოზიციონერი პრეზიდენტი. მინდა, ვაკეთო ის საქმე, რაც ძალიან კარგად ვიცი, ხოლო ივანიშვილმა აკეთოს ის საქმე, რაც მან იცის კარგად“ („საქ. რესპ.“ 24 ივლისი, 2013).TK

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ფარგლებში გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რუისისა და ქარელის გზაგამტარებზე კი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს ხიმინჯების გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის ფილებისა და ბურჯების დგარების და გზა-გამტარებზე მისასვლელი გზების ყრილების მოწყობის სამუშაოები... გზების დეპარტამენტი სახიდე გადასასვლელების მდებარეობასაც აკონკრეტებს. კერძოდ, ორი პარალელური ხიდი აშენდება მდინარე ფრონეზე, ორი – მდინარე ფცაზე, ორი გზაგამტარი კი – კრინიგზაზე. სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 2014 წლის ბოლოს დასრულდება („საქ. რესპ.“ 27 ივლისი, 2013).TK

    თეა წულუკიანი: „ვეთანხმები პრემიერს, რომ პროკურატურა დღეს სუსტია და ვერ უმკლავდება იმ უსამართლობის განცდას, რაც საზოგადოებაშია. პროკურატურას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც ნოემბრის შემდეგ აბსოლუტური დამოუკიდებლობა ჰქონდა. ახლა ეს გაფორმებულია კანონით. ვფიქრობ, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ საქმეზე, რაც აბარია. მგონია, რომ პროკურორებს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდებათ. არ ვთვლი, რომ პროკურორები გაუსაძლისი წნეხის ქვეშ უნდა იყვნენ, მაგრამ სიმკაცრე საჭიროა მათ მიმართ, ვინც ხალხის უბედურებაში ფეხი ჩადგა“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    გიორგი მარგველაშვილი: „რამდენიმე კანდიდატმა(საპრეზიდენტო) მოინდომა დებატები, ეს ნორმალურია. დებატები ჩატარდება ისეთ ფორმატში, რომელშიც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მიეცემა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაწილში დაიცავს ერთიან სტანდარტს, ექსკლუზივებს ჩვენ არავის მივცემთ, შესაძლებლობა აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების ყველას აქვს“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „აუცილებელია, ქვეყანაში პრეზიდენტი იყოს სხვა გუნდის წარმომადგენელი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე და მას შეეძლება თავისი განსხვავებული აზრის გამოთქმა. ამის გარდა, ძნელად წარმოსადგენია დასახელდეს ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც აქვს ჩემზე მეტი გამოცდილება, ჩემზე მეტი ცოდნა, კომპეტენცია და საერთაშორისო კავშირები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დედამიწის ოთხივე მხარეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ძნელი იქნებოდა დაესახელებინა ისეთი კანდიდატურა, რომელზეც ვიტყოდი, რომ ის არის ხსნა საქართველოსთვის. თუკი ასეთი გამოჩნდება დღესაც, უპირველეს ადგილზე დავაყენებ ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ნამდვილად გვჯერა მე და ჩემს თანამებრძოლებს, სწორედ ჩვენ გვაქვს უნარი ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს არის“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი გიორგი მარგველაშვილს გარკვეულ უპირატესობას აძლევს სხვა კანდიდატებთან შედარებით. თუმცა, ხალხი თანდათან ხვდება იმასაც, რომ კოალიციის კანდიდატის გამარჯვება არაფერს არ მატებს „ქართულ ოცნებას“. ეს ადამიანები ისედაც არიან „ქართულ ოცნებაში“ და ამავე დროს ვხედავთ, რომ ეს გუნდი ვერ უმკლავდება მთელ რიგ პრობლემებს, ანუ შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ეს იგივე კარუსელია, რასაც სააკაშვილი ატრიალებდა. მარგველაშვილი ვიცე-პრემიერი იქნება თუ პრეზიდენტი, ამით „ოცნების“ უნარი, გადაწყვიტოს პრობლემები, არ გაიზრდება. ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ძალიან გაძლიერდება ბიძინა ივანიშვილის საქვეყნო პოზიციები. იმედი მაქვს, ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემთან ინტენსიურად ითანამშრომლებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საქართველოს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, იდეალური იქნება ბურჯანაძე – პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი – პრემიერ-მინისტრი“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „კოჰაბიტაციის ის მახინჯი ფორმა, რაც დღეს ხდება ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დამთავრდება. ეს არის დანაშაული, როდესაც შენ თანამშრომლობ დამნაშავე ორგანიზაციასთან. მინდა, გავახსენო ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებასაც“, რომ პირველ ოქტომბერს ხალხს მათთვის ხმა არ მიუცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩასახუტებლად. რაც შეეხება ჩემს თანამშრობლობას ბიძინა ივანიშვილთან, ეს არ იქნება კოჰაბიტაცია, არამედ ეს იქნება ელემენტარული უფლებამოსილების გადანაწილება. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია ითანამშრომლოს პარლამენტთან და ამ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ მთავრობასთან. სააკაშვილისგან განსხვავებით, ნამდვილად არ ვაპირებ ოპოზიციაში ყოფნას. მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებისაც, რომელსაც არ ჩაუდენია დანაშაული. ამავე დროს, იმ ნაციონალების უფლებასაც დავიცავ, რომლებიც დამნაშავეები არიან და საპყრობილეში აღმოჩნდებიან“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „მიგვაჩნია, რომ ის ციფრები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დათანხმდა, არ შეესაბამება რეალობას. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გაცილებით მეტი ხმა, ვიდრე მას ადგილი აქვს პარლამენტში. დღევანდელი პარლამენტი ნამდვილად არ ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას. არც 1 ოქტომბერს და არც დღეს ხალხის 40 პროცენტი მხარს არ უჭერს ნაციონალურ მოძრაობას. თავიდანვე დიდი შეცდომა იყო, როცა ამაზე თვალი დახუჭა „ქართულმა ოცნებამ“. ამ დღიდან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ გარეცხვა და გათეთრება. ამას კომპეტენციის ნაკლებობის გამო ვერ მიხვდა „ქართული ოცნება“, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად გამოიყენა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ვხედავთ, პარლამენტში სუსტი გუნდია წარმოდგენილი, „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ყველა დებატს იგებს, დემაგოგიით არის დაკავებული“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „ყველა პროგნოზი, რაც მე გავაკეთე ქართულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, გამართლდა, მე ვლაპარაკობდი, რომ ვერ მოვიშორებთ თავიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ჩატარებული არჩევნებით და კოჰაბიტაციით-მეთქი. აი, არჩევნებიდან 10 თვის თავზე გარეცხილია ეს პარტია და მეტიც, ბედავს პრაიმერიზის ჩატარებას, მორალის წაკითხვას. ვინ ლაპარაკობს საერთოდ? ადამიანები, რომლებმაც შექმნეს დამნაშავე და მახინჯი სისტემა? ადამიანები, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ცოლების და შვილების თვალწინ? თუმცა, დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაფერი იცოდა ამ უბედურების შესახებ“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „45 დღეში კი არა, ერთ დღეში შეიძლება ქვეყანა დაანგრიო, რისი შესაძლებლობაც აშკარად იყო ჩემი პრეზიდენტობის ორივე შემთხვევაში იმიტომ, რომ ქვეყანა იყო უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაში და იდგა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. სწორედ ამ 45 დღეში მოვახერხე გადავსულიყავით სამოქალაქო თანხმობის რეჟიმზე, და ავაცილე ქვეყანას დაპირისპირების საფრთხე. ნამდვილად მიმაჩნია, რომ გარდამავალი პერიოდის იდეალური პრეზიდენტი ვიყავი“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „ჩვენს ქვეყანას ისეთი პრობლემები და გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომელიც კომპეტენტური პრეზიდენტის პირობებში შეიძლება სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული, სუსტი პრეზიდენტის შემთხვევაში კი – ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს ქვეყანას. მე მაქვს ის რესურსი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ მოვაგვარო უმნიშვნელოვანესი პრობლემები, ამის გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორექტირება მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამის, როგორ უნდა დაიბრუნოს სახელი ქვეყანამ საერთაშორისო არენაზე. მე საერთოდ ვერ ვხედავ ახალი ხელისუფლების პირობებში ვერც გამოკვეთილ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს და ვერც გაკეთებულ საქმეს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ამის გარეშე კი წელში ვერ გაიმართება ეკონომიკა, იმიტომ, რომ ის მონოპოლიზებული აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“,  ახლა უკვე ცალკეულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    ნინო ბურჯანაძე: „არჩევნებისთვის ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ არჩევნებს მარტო ფული არ იგებს. მოსახლეობა ბევრჯერ გაწბილდა ამის გამო. არა მგონია, კვლავ მოტყუებული აღმოჩნდეს. რაც შეეხება ჩემს „რუსულ ფულს“, ყველა კარგად ხვდება, რომ ის სააკაშვილის პიარის ნაწილია და ამაზე სერიოზულად არ ვილაპარაკებ. ამ ცილისწამების გამოც მოუწევს სააკაშვილს სტრასბურგში პასუხის გაცემა. ჩვენი პარტია ყოველთვის მუშაობდა მინიმალური რესურსებით, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უანგაროდ გვიჭერდა, რაც კარგად გამოჩნდა კიდეც 26 მაისს. გვყავს უამრავი აქტივისტი, რომელიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მოტივირებულად მუშაობს. სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ არაფერი გააკეთა საარჩევნო გარემოს შესაცვლელად, მათ შორის, დაფინანსების თვალსაზრისითაც, უდავოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მილიარდები, ჩვენ მილიონებიც კი არა გვაქვს. თუმცა, იმის რესურსი გვექნება, რაც მინიმალურად სჭირდება საარჩევნო კამპანიას, როგორც კი დავრეგისტრირდებით, შევქმნით საარჩევნო ფონდსაც“ („საქ. რესპ.“ 30 ივლისი, 2013).TK

    „ჩვენ, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები და ამ აქციის მონაწილეები მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ ქალთა უფლებების დასაცავად. მოდით ყველა, ვინც თვლით, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი შედეგია საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული ისეთი მოვლენებისა, როგორიცაა: ქალის სექსუალობის კონტროლი, სექსიზმი, ქალისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება, ორმაგი მორალური სტანდარტები, სექსის დემონიზაცია და სექსის ტაბუირება(ქალისთვის) და ა.შ., რაც თავისთავად იწვევს მახინჯი და ქალებისთვის სრულიად დამამცირებელი პრაქტიკების არსებობას საზოგადოებაში – ქალიშვილობის აღდგენა საქალწულე აპკის გაკერვით, ქალიშვილობის დამდგენი ექსპერტული ანალიზი და ა.შ“ – აღნიშნულია ფემინისტთა იმ დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზატორთა განცხადებაში, ვინც გუშინ სახელწოდებით – „ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან საპროტესტო აქცია გამართა („საქ. რესპ.“ 31 ივლისი, 2013).TK

    თეა წულუკიანი: „ახლა დასაქმებულს გაუჩნდა მნიშვნელოვანი და საბაზისო უფლებები. მაგალითად – იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ, შეეძლოს ეფექტიანად იჩივლოს სასამართლოში და ჰქონდეს თუნდაც ნორმირებული სამუშაო დღე, რაც არ არის ხელწამოსაკრავი უფლება“ („საქ. რესპ.“ 31 ივლისი, 2013).TK

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადება: „მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელები, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეიცვალონ. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვაცხადოთ: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაარსების დღიდან 2004 წლის 18 ივნისამდე, ვიყავით კომპანიის 60%-ის მფლობელები. 2004 წლის ივნისში, იმდროინდელმა უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით დაგვათმობინეს კუთვნილი წილი. გასული წლების განმავლობაში კომპანია მრავალჯერ გადაფორმდა ხელისუფლებასთან დაახლოებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რაც მიზნად ისახავდა, კანონიერი მფლობელებისთვის მაქსიმალურად გაერთულებინათ „რუსთავი 2“-ის დაბრუნების პროცესი. საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ამჟამად, ჩვენი საჩივრის საფუძველზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ის პირი, რომელთა მიერაც დანაშაულებრივად განხორციელდა ჩვენი წილების მითვისება, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით. ამავე დროს, გვსურს გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც შესაძლოა გაუჩნდეს აღნიშნული წილების შესყიდვის სურვილი, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან, რათა არ გახდნენ ამ დანაშაულებრივი ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი“ („საქ. რესპ.“ 31 ივლისი, 2013).TK

    დავით დარახველიძე: „12 კომისიიდან რვა საკმაოდ დიდი შემადგენლობის კომისიაა და თითოეული მათგანის შემადგენლობა ათ-ათი წევრით განისაზღვრება, ხოლო დანარეჩენი 4 შედარებით პატარაა და მათში 5-5 წევრია წარმოდგენილი. შედგენილია გრაფიკი. ისინი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილდებიან და მოახდენენ დევნილთა ხელახალ რეგისტრაციას“ („საქ. რესპ.“ 31 ივლისი, 2013).TK