სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

ოქტომბერი

    ნინო ბურჯანაძე: „მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სამტრედიაში ამდენი ადამიანი დაგვხვდა ასე თბილად და გულწრფელი მოლოდინით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მხარდაჭერა. ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ აღვადგენ ქვეყანაში სამართლიანობას. სამართლიანობა იქნება ყველგან და ყველასთვის. მე შევძლებ, რომ აღვადგინო ჩატეხილი ხიდები აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. მე შევძლებ იმას, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩვენი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვექნება“ („საქ. რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2013).TK

    ”თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოში საელჩოს გახსნით, − ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვეპა ხოჯიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, თურქმენეთთან პირველი კონსულტაციები 2010 წელს აშხაბადში გაიმართა და ამის შემდეგ არავითარი აქტივობა არ ყოფილა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ინტენსიური ურთიერთობები განახლდეს“ („საქ. რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2013).TK

    ”ავღანეთში გამგზავრების წინ სამხედროები მეჩეთში იყვნენ. სანამ წავიდოდნენ ავღანეთში, სადაც უშიშროების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალების კონტინგენტის მორიგი როტაცია მიმდინარეობს, ქართველი სამხედროები იყვნენ მეჩეთში და მოისმინეს მთავარი მეფთის ქადაგება. დალოცვა „კეთილ საქმეებზე ალაჰის სახელით“ ჯარისკაცებმა მიიღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინიციატივით, რომელმაც გადაწყვიტა, ასე აეცილებინა თავიდან ადრე გავრცელებული სკანდალური ვიდეოს ნეგატიური ეფექტი. ამ ვიდეოზე თალიბების სახელით გაისმის ბრალდება საქართველოს სამხედროების მისამართით, რომლებმაც გააჩაღეს ომი ისლამის და შურისძიების საფრთხის წინააღმდეგ. მთავარი მუფთის კურთხევისთვის თბილისის მეჩეთში წავიდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მოსამსახურეები. ამ დღეებში მათ უნდა შეცვალონ იგივე ბრიგადის 33-ე ბატალიონი ჰილმენდის პროვინციაში ავღანეთის სამხრეთით. მთლიანად კონტინგენტის შემადგენლობაში, რომელიც ავღანეთში მოქმედებს 2001 წლიდან, 1650 ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი მსახურობს. კოლონას იმ 200 სამხედროს შემადგენლობით, რომლებიც თბილისის მთავარ მეჩეთ ჯუმაში მივიდნენ, სათავეში ედგა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. შესასვლელში მათ შეხვდათ საქართველოს მუსლიმთა კავშირის შეიხი მუფთი ვაგიფ აპკეროვი. ჯარისკაცებმა გაიხადეს ფეხსაცმელები და დასხდნენ ხალიჩაზე მუსლიმანური წესის შესაბამისად. ბატონი ალასანია, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, იდგა შეიხის გვერდით, გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე მოთავსდა ხალიჩაზე თანამოსამსახურეების გვერდით. მუფთიმ ისაუბრა ისლამზე და ავღანურ ტრადიციებზე, დალოცა სამხედროები „კეთილი საქმეებისთვის ალაჰის სახელით“ და უსურვა მათ „მშვიდობიანად დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.“ როდესაც საპასუხო სიტყვით გამოდიოდა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა იმამს დალოცვისთვის და დაჰპირდა, რომ ეს მოვლენა იქცევა ტრადიციად, „ვინაიდან საქართველოს ყველა მოქალაქე და სამხედრო ერთიანები არიან ქვეყნის ინტერესების დაცვაში, მიუხედავად მათი რწმენისა“ („საქ. რესპ.“ 1 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ბენზინი გაიაფდება, შეიძლება ამ ვიზიტის შემდეგაც, მაგრამ არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ფასები ვერ განახევრდება, ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ დაკლების ტენდენცია იქნება“ („საქ. რესპ.“ 3 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩემი ჩასვლა(დვანსა და დიცში) შეიძლება ჰუმანური და პოლიტიკურადაც მომგებიანი ყოფილიყო. მაგრამ, ჩემი იქ ჩასვლით და თავზე ხელის გადასმით, არაფერი შეიცვლებოდა. მთავრობამ პრინციპულად უნდა შეძლოს, რომ ძალადობა არ დაუშვას, თუ ეს ხდება სახელმწიფოში, უნდა ჰქონდეს საშუალება, ძალას ძალით უპასუხოს. აქ დაირღვა ბალანსი 2008 წელს. რაც მაშინ მოხდა, იმას ვიმკით დღეს ამ სოფლებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ამაზე ვაგოთ პასუხი და იმას კი არ იხსენებენ, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული“ („საქ. რესპ.“ 3 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ყველა ჩემს გამონათქვამზე ვაგებ პასუხს. მე არ ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს. მისი მხრიდან იყო ასეთი გამონათქვამი: არის თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევა? ივანიშვილის მთავრობა არ აძლევს ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას; ეკონომიკაში აურზაურია, შეიძლება ითქვას, რომ სტაგნაციაა. ირმა ინაშვილი არ მოსულა. მისი გამონათქვამებიც მინდოდა მომეყვანა, როდესაც ის ამბობს, რომ კოჰაბიტაცია და ათასი სისულელე მოგვახვიეს თავსო და ა.შ. მე მინდა, რომ ეს გამონათქვამები გავაანალიზოთ, მაყურებელმაც მოისმინოს რამდენად კორექტულია ეს. ხშირად, თქვენი და ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში იგრძნობა დილეტანტობა, საკითხის არცოდნა, ეკონომიკის არცოდნა. ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია გამოვიდეს და აკრიტიკოს. ეს არ არის ასე მარტივად. არ არის ისე, რომ მოხვიდე და ზედაპირულად ისაუბრო ეკონომიკაზე, თქვა რომ სტაგნაციაა, თქვა, რომ დაპირებები არ სრულდება. შეურაცხმყოფელია პირდაპირ“ („საქ. რესპ.“ 3 ოქტომბერი, 2013).TK

    „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ერთ-ერთი ქართული საკაბელო არხით თურქული სერიალის „ეზელის“ ჩვენება დაიწყო. იმავე პერიოდში ტელეკომპანია „მაესტრომ“ ამავე ქვეყნის ტელეინდუსტრიის ერთ-ერთი „შედევრით“ გაგვანებივრა. მონასტერი ამის შემდეგ აირია. სრულიად საქართველოს უდიდესი ნაწილი ახალი სანახაობით „დაავადდა.“ სერიალების სტაჟიანმა თაყვანისმცემლებმა სამხრეთ ამერიკულ პროდუქციას ზურგი აქციეს და ყურადღება თურქულ „საპნის ოპერებს“ მიაპყრეს. საყოველთაო „თურქოლოგიის“ გაძლიერებაში საკუთარი წვლილი ჩვენმა ტელევიზიებმაც შეიტანეს... თუ დააკვირდით, ქართული ტელეკომპანიები რუსული სერიალების დემონსტრირებას ერიდებიან, რადგან მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება არ სურთ. ამ დროს საუკუნეების განმავლობაში თურქეთი ჩვენი ისტორიული მოწინააღმდეგე გახლდათ. სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობამ თანამედროვე თურქულ ცხოვრებასა და საკუთარ ადათ-წესებში ბევრი საერთო აღმოაჩინა... უბრალო დიასახლისს ვერ აუხსნი, რომ ამ ფილმების მუდმივი ყურებით მისი მსოფლმხედველობის თანდათანობით შეცვლა მიმდინარეობს და ამ პროცესს ადრე თუ გვიან მისი „გათურქება“ მოჰყვება... თურქული სერიალები ჩვენი მოსახლეობის სულიერ დეგრადაციას ემსახურება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ქვეყნის ტრადიციების დამკვიდრებას ემსახურება“ („საქ. რესპ.“ 3 ოქტომბერი, 2013).TK

    „გაუგებრობა, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის, მოგვარდება“ − ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლად წმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში, საერთაშორისო გამოფენაზე „სახელობითი ხატი − ისტორია და თანამედროვეობა“ განაცხადა. გამოფენა საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში „რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბისა“ და მათი ქართველი პარტნიორების ინიციატივით გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე უძველესი ხატი, გამოფენა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. შეხვედრას ესწრებოდა „რუსეთის მეცენატთა კლუბის“ თავმჯდომარე ანდრეი პოლკონსკი, ასევე მისი ქართველი პარტნიორი ანდრია დევდარიანი, რომლის ინიციატივითაც საქართველოში პირველად ჩამოვიდა რუსეთიდან უძველესი და უნიკალური ხატები. გამოფენასთან დაკავშირებით საქართველოში იმყოფება რუსული მხარის 45-კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან მეცენატები, ჟურნალისტები, სასულიერო პირი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილებს მიმართა − „დღეს ჩვენ გვაქვს დიდი სიხარული, წმინდა ხატები ჩამოვიდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ჩამოვიდა იმ წმინდა მონასტრიდან, სადაც მე რვა წლის განმავლობაში ვსწავლობდი სემინარიასა და აკადემიაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გაუგებრობა, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის, მოგვარდება. ჩვენი ურთიერთობა დამშვიდდება, ჩვენ კვლავ ვართ და ვიქნებით ძმები და მეგობრები. მადლობას ვწირავ ჩვენს სტუმრებს. ღმერთმა დალოცოს რუსეთი და საქართველო,“ − ბრძანა შეხვედრაზე უწმინდესმა; კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბის თავმჯდომარეს ადნრეი პოკლონსკის საჩუქრად ოქროს სამაჯური გადასცა; როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ანდრეი პოკლონსკიმ განაცხადა, ამ საერთაშორისო გამოფენის მიზანია, მოუთხროს მორწმუნეებს, თუ რას ნიშნავს სახელობითი ხატი, რომლის ტრადიცია რუსეთში ბოლო ხუთი წელია მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბის მიერ აღდგა. მან სიხარული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იმყოფებიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში; საერთაშორისო გამოფენა ანგელოზის მიერ ღვთისმშობლისთვის ხარების აღსანიშნავად იმართება. პოკლონსკის თქმით, საქართველოში სულ 40 ხატი გამოიფინება, მათგან 10 ხატი წმინდა ნაწილებით სამი დღის შემდეგ ნიცადან ჩამოდის“ („საქ. რესპ.“ 16 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „მინდა, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს მივულოცო ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის დიდი სიხარულის დღე, ეს არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. დღეს თქვენ, ყველანი, ხარობთ და მეც მთელი გულით ვხარობ თქვენთან ერთად, ვუერთდები თქვენს ზეიმს. გისურვებთ სულის სიმტკიცეს, კეთილდღეობას, ჩვენი საქართველოს გაძლიერებასა და გამთლიანებას! სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, მშვიდობით გეცხოვროთ თქვენს სამშობლოში − საქართველოში“ („საქ. რესპ.“ 16 ოქტომბერი, 2013).TK

    „საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ბრალად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება ედება. „მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, 1978 წელს დაბადებული დავით შოთას ძე კეზერაშვილი დააკავეს. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება-გაფლანგვას; დავით კეზერაშვილს ეკავა ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსის, ხოლო შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, რასაც ბოროტად იყენებდა აღნიშნული დანაშაულების ჩადენის მიზნით. ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები, − ნათქვამია შსს-ს განცხადებაში“ („საქ. რესპ.“ 16 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „თუ ჩემს მიმართ ნდობაა, ამ შემთხვევაშიც უნდა მენდოს საზოგადოება, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით. პრემიერსაც შესატყვისს შეგთავაზებთ. თუ შემეშალა და ძალიან მცირეა ამის ალბათობა მარგველაშვილთან დაკავშირებით და პრემიერზეც მოგახსენებთ გვიან, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებასთან ერთად უფრო მძლავრი იქნება კრიტიკაც და ქმედებაც. მე გარანტიას ვიძლევი, რომ მთელ ხელისუფლებაზე ვაგებ პასუხს. ის იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, ვარსკვლავებს ვერავინ მოწყვეტს. რეალობიდან, შესაძლებლობიდან, ისინი იქნებიან მაქსიმალურად ეფექტური. კონსულტაციებს არავის დავამადლი, თუ ამის სურვილი ექნებათ“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ 20 წელი იყოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება.“ თუ პარტია იმუშავებს და საზოგადოებას მოეწონება, საზოგადოების არჩევანი იქნება ეს. მე არ ვისურვებდი, რომ წამოვიდეს ბევრი ახალი პარტია, უფრო პლურალისტური გახდეს საზოგადოება და უფრო ბევრი იყოს არჩევანი. 20 წელი ღმერთმა დაგვიფაროს. „ქართული ოცნება“ არ უნდა იყოს ამდენი ხანი ხელისუფლებაში, ეს არ იქნება კარგი მაგალითი“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა არაფრის და ვერაფრის ფასად ვერ შევცვლით ევროპისკენ სწრაფვას. არაფრის ფასად არ მოხდება ეს. ჩემი ნათქვამი ააყირავეს, როცა ვთქვი, რომ ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ევრაზიულ კავშირს. დღესაც გავიმეორებ, რომ ყურადღებით ვუყურებთ ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც შეიძლება შეიქმნას მსოფლიოში და თუ ის ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გვქონდეს განწყობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი ქვეყნის სტატეგია არის ევროპა. ევროპის საწინააღმდეგოდ სვლა არ იქნება. ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი სტრატეგია, ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება. ამის საფასურად არაფერს გავაკეთებთ და არსად არ გავერთიანდებით. თუ ნებისმიერი გაერთიანება, ამავდროულად დამატებით სარგებელს მოუტანს ქვეყანას და არ მოვა წინააღმდეგობაში ჩვენ სტრატეგიასთან, ამის მზაობა ყოველთვის უნდა გვქონდეს, ვფიქრობდეთ“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „დღეს კი, ვფიქრობ, განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზე ვიმყოფებით და ჩვენი მენტალიტეტით ევროპის ნაწილი ვართ. ამ მეთოდებით მუშაობაზე უარი უნდა ვთქვათ, ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ ევროპელებისთვის გასაგებად უნდა მოვიქცეთ. დამნაშავე უნდა დასაჯოს სასამართლომ და არა მე ან ირმა ინაშვილმა. თუ ვინმე დასასჯელია, ამას სასამართლო გადაწყვეტს“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთის დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ მოსწონს ევროკავშირის წევრი გახდეს ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა. მესმის, თუმცა იქაც არ ვეთანხმები, რომ ნატო არ მოსწონს რუსეთს. შეიძლება ეს გავიგოთ, რამეთუ ეს არის სამხედრო სტრუქტურა, მაგრამ რა აქვს რუსეთს ევროკავშირთან საწინააღმდეგო, ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია. სხვათა შორის, მე არ ველოდი ასეთ რეაქციას“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „გიორგი მარგველაშვილი ძალიან წარმატებული კაცია და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს. ეს მისი თვისებებით გამოვარჩიე. ის არ არის სკამზე გამოკიდებული კაცი და არ მოდის იმიტომ რომ ქვეყანა უნდა მართოს და უნდა იყოს პირველი ან მეორე პირი ქვეყანაში. ის მოდის ვალდებულების განცდით. გიორგის განათლება არ აკლია. კრეატიულობაც აქვს და მას ყველა ჩემს კრეატიულ ჯგუფში ვიწვევდი. მეც თავს კრეატიულად ვთვლი. კრიზისულ სიტუაციაში შეუძლია ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღება, არის კარგი მენეჯერი, კარგი მეგობარი“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „არის საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც ოცნებობს, რომ როგორმე წავიდე, სააკაშვილი ენატრებათ. „მაესტროს“ ჟურნალისტებსაც ენატრებათ, მათ გამოხატეს თავისი დამოკიდებულება. გეგელია და ტრაპაიძის გადაცემაში აბსოლუტურად კარგად ჩანდა ის, თუ როგორ ენატრებათ მიშა... ვერ დამალეს, ვერ დაფარეს განაწყენება, წავიდეს, თავი დაგვანებოსო. მიშა კი არის ისეთი, მაგრამ რაღაც ფორმებს იცავდაო. ჰოდა, თუ იქნება მეორე ტური, აგერ ბაქრაძე მოვა, მიშას პრემიერობაზე ჰქონდა დიდი აქცენტი, პრემიერად მას წამოაყენებს და ღმერთმა მოგახმაროთ, ძველი ტაშფანდურა გექნებათ ისევ“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „შალვა ნათელაშვილს აქვს 1 თუ 2 პროცენტი. 20 წელიწადია ატყუებს საზოგადოებას და მაინც დარჩა ხალხი. ლამის მასხარა გახდა ეს კაცი და დღესაც 1-2 პროცენტი აქვს. ეს პრობლემაა საზოგადოების, მას არ აქვს იდეოლოგია. ის დღესაც ანაბრებს ჰპირდება საზოგადოებას, რომელიც საბჭოთა დროს დაკარგეს და ასეთ უმეცარ სიცრუებზე სურს საზოგადოება აცხოვროს. ოდესღაც მას 20-30 პროცენტი ჰქონდა“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „ამ(გიორგი თარგამაძე) კაცს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა. მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა. იმასაც 1-2% აქვს. მე ამ მოსახლეობასაც გაგებით ვეკიდები. მესმის, რომ ბევრს არ აქვს სწორი ანალიზის გაკეთების უნარი და ისინი ახერხებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    ბიძინა ივანიშვილი: „შეგახსენებთ, შედარებით საშუალო სამინისტროს, − ნარმანიასას, რომელიც აბსოლუტურად წარმატებული და დაბალანსებული სამინისტროა. ასეთი ხელმძღვანელები გვჭირდება. ნარმანია არის კაცი, რომელიც ფუტკარივით შრომობს, არაფერს ზედმეტს არ აკეთებს და აბსოლუტურად აკადემიური მინისტრია“ („საქ. რესპ.“ 18 ოქტომბერი, 2013).TK

    საქართველოში რეპატრიაცია 5 ათას ზრდასრულ მაჰმადიან მესხს და 9 ათასამდე არასრულწლოვანს სურს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, რეპატრიაციის მსურველთა განცხადების მიღება 2010 წელს დასრულდა. მსურველთაგან რეპატრიანტის სტატუსი 1053 პირს მიენიჭა, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა − შვიდს. დარახველიძის განმარტებით, რეპატრიაციის მსურველებს ქართულად ან ინგლისურად განაცხადის გაკეთება უჭირთ. ამიტომ, სამინისტრო მათ მოქალაქეობაზე განაცხადის შევსებისას დაეხმარა. შედეგად რეპატრიაციის მსურველთა 90%-მა განაცხადი უკვე შეავსო და მათი საქმეები საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით იხილება. დავით დარახველიძემ ისიც დასძინა, რომ ამით საქართველო ევროსაბჭოსთან ე.წ. მაჰმადიანი მესხების დაბრუნების შესახებ აღებულ ვალდებულებას შეასრულებს. მოქალაქეობის მიღების შემდეგ რეპატრიანტები საცხოვრებელ სახლებს მათთვის სასურველ რეგიონში თავად შეიძენენ და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას მოახდენენ... სახელწოდება „თურქი-მესხი“ მიუღებელია იმ მესხებისთვის, რომლებიც თავიანთ თავს ქრისტიანული საქართველოს შთამომავლებად თვლიან. გარდა ამისა, მეცნიერებიც აცხადებენ, რომ ტერმინი „თურქი-მესხი“ არასწორია და ისინი არიან დეპორტირებული მესხები, ან კიდევ მუსლიმანი მესხები, რადგან შეუძლებელია, ადამიანი ერთდროულად იყოს ორი ეროვნების ან ეთნიკური იდენტობის მქონე („საქ. რესპ.“ 22 ოქტომბერი, 2013).TK

    ლაშა ბუღაძე: „პუტინის რუსეთი აქამდე მხოლოდ აუტანელი იყო, ახლა კი შეუტენელიც გახდა. ზოგადად აუტანლობას კონკრეტული შეუტენლობა დაემატა... ერთი მხრივ, უნდათ, რომ შევეტენოთ, მეორე მხრივ ვერ გვიტენიან... როცა ვლანძღავდით, შეურაცხყოფას არ გვაყენებდნენ, ახლა კი, როცა თითქმის აღარ ვლანძღავთ, შეურაცხყოფის კასკადი მოდის მათგან. რა არის ეს? შეტენვა აბნევთ? ვინ-ვინ და პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ როგორც არ უნდა ვეტენებოდეთ, ქართველები არასდროს დავუვიწყებთ 2008 წელს − ოდესმე შეიძლება თვით ბ-ნი ხუბუტიაც კი გატყდეს და ოდნავ შეზარხოშებულმა, პუტინს სუპში ჩაუგდოს მოწამლული ბაყაყი“ („საქ. რესპ.“ 22 ოქტომბერი, 2013).TK − ეს გვამი დღევანდელი ინტელიგენციის წარმომადგენელია, თანაც − მწერალი! (რედ. «სინერგია»). GR

    თენგიზ კალანდაძე: „ევროპული გზა საქართველოსთვის ახალი არ არის. ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის დამსახურება. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ქართველი ხალხის არჩევანი იყო ევროპული გზა. შევარდნაძის ხელისუფლებას, ჩემი ჩათვლით, ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. უბრალოდ, ნაციონალებმა კარგად იმუშავეს პიარის თვალსაზრისით და... უამრავი ფული დახარჯეს ლობისტურ კომპანიებში... ახლა, ერთ წელიწადში ამის შეცვლა რთულია. მათ ჰქონდათ ფასადური დემოკრატია და შეფუთულად მიეწოდებოდა სიმართლე დასავლეთს. ჩემი აზრით, ამიერიდან ეს პრობლემაც მოგვარდება“ („საქ. რესპ.“ 25 ოქტომბერი, 2013).TK

    დავით თევზაძე: „რევოლუცია(2003 წლის ვარდების რევოლუცია) იმ გაგებით, რასაც რევოლუციებს ვეძახით, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. უფრო, კარის გადატრიალებას ჰგავდა. რაც შეეხება იმ თემას, რომ მშვიდობიანი იყო... უბრალოდ, მშვიდობიანად ჩატარდა, თორემ არც ჩანაფიქრით და არც მონაცემებით, რომელიც მაშინ მე მქონდა, როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, არანაირი მშვიდობიანი სახე ამას არ ჰქონდა. არ ვიცი, ახლა როგორ გამოდის ეს თხრობა“ („საქ. რესპ.“ 25 ოქტომბერი, 2013).TK

    დავით თევზაძე: „ჩევნი დაზვერვის თანამშრომლები სხვადასხვა საელჩოში და მათ შორის აშშ-ის საელჩოში(ძირითადად ეს იყო ატაშეს ოფისი), ურთიერთობდნენ შესაბამის ადამიანებთან. გარკვეული პერიოდულობით, ანგარიშის სახით ინფორმაცია ჩემთან მოდიოდა. დაზვერვის სამმართველოდან მივიღე ანგარიში, სადაც მოცემული იყო ელჩთან სააკაშვილის შეხვედრა. ერთი დეტალი იყო საინტერესო, სადაც ელჩი და სააკაშვილი განიხილავდნენ არსებული სიტუაციის შესაძლო გავითარებას და ბოლოს სააკაშვილს უთქვამს ასეთი ფრაზა − „ყველაფერი, რომ ძალიან სწრაფად და კარგად დასრულდეს, სულ 10 გვამია საკმარისი.“ თავიდან ეს არ მივიღე სერიოზულად, მაგრამ მერე თვითონ ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა... პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან შეშფოთებული იყო... მე ვაგრძნობინე, რომ რაღაც ვიცოდი. მანაც მაგრძნობინა, რომ ძალიან სერიოზული შეიძლება ყოფილიყო ეს ამბავი“ („საქ. რესპ.“ 25 ოქტომბერი, 2013).TK

    დავით თევზაძე: „ზედმიწევნით ზუსტი ანგარიში მქონდა, მომიტინგეებს შორის ვის რა იარაღი ეჭირა... იარაღი იყო, და საკმაოდ დიდი რაოდენობითაც. თუ ეს პროცესი მშვიდობიანად წავიდოდა, ამის ფორსირება უფრო ცუდი იქნებოდა. რამდენადაც შემდეგ მოვლენებმა აჩვენა, ამის გამო, თუ სხვა მოვლენების გამო, ეს დაპირისპირება იარაღის ფაზას აცდა. ძალიან ნერვიული სიტუაცია იყო. ძირითადად, რაც ჩვენ შეგვეძლო, იყო ის, რომ არ დაგვეშვა იარაღის გადინება საწყობებიდან და არ დაგვეშვა სამხედრო ნაწილების სპონტანური ჩართვა პროცესებში“ („საქ. რესპ.“ 25 ოქტომბერი, 2013).TK

    დავით თევზაძე: „რაც შეეხება დაკავშირების მცდელობებს... ძალიან საინტერესო გამოდგა თვითონ 23 ნოემბერი, განსაკუთრებით − დღის მეორე ნახევარი. ბადრი ბიწაძე მოვიდა ჩემთან, ახალი გადამდგარი იყო. პირისპირ დავჯექით, ვუყურებთ ერთმანეთს. მე უკვე ვხვდები, რა უნდა ეთქვა... ველოდები, რა ფორმით იტყვის. არ გეწყინოს, დავით, დამავალეს, რომ შენ რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ ვერ გკადრებო. მე ვუთხარი, ძალიან კარგი, რადგან თუ ის არის, რაც მე ვიფიქრე, კარგია, რომ არ მითხარი-მეთქი. მაგრამ, რამდენიმე საათში მოხდა უფრო საინტერესო რამ. სამინისტროს არ ვტოვებ, სამხედრო ნაწილების მართვა რომ არ გამექცეს ხელიდან. მორიგე ოფიცერმა მომახსენა, რომ ჩემთან მოსულა ორი კაცი და მითხრა გვარები − გიგი წერეთელი და ასევე დამისახელა ჩემი უახლოესი მეგობრის გვარი. მორიგე ოფიცერს ვთხოვე, რომ ჩემი მეგობარი არ შემოეშვა და არ დაეტოვებინა შემოსასვლელში. გიგის ეკუთვნოდა შემოსვლა იმიტომ, რომ დეპუტატი იყო, ვფიქრობ სწორად მოვიქეცი, რადგან ის, რაც გიგიმ მითხრა, ეს რომ ჩემს მეგობარსაც ეთქვა, მე მას დავკარგავდი... მისი(გიგის) შემოთავაზება იყო, რომ ხალხი მე მელოდება, რომ გავაკეთებ  განცხადებას − არ ვექვემდებარები შევარდნაძეს, მერე ყველაფერი მთავრდება და ხვალიდან იქნები საქართველოს გმირიო. მე შევეცადე გიგისთვის ამეხსნა, რომ გმირობის სხვადასხვა გაგება არსებობს და რომ ჩემი მხრიდან ეს იქნებოდა ცუდი საქციელი“ („საქ. რესპ.“ 25 ოქტომბერი, 2013).TK

    დავით თევზაძე: „რევოლუციური სამეულიდან ორი ცოცხალია და კარგი იქნება, რომ მოგვიყვნენ, რა მისიით იყო ჩამოსული ივანოვი... 2008 წლის აგვისტოში ომი ცხინვალის მიმართულებით დაიწყო, მაგრამ კოდორის ხეობის დათმობა ავტომატურ რეჟიმში არ მომხდარა, კოდორი ერთმნიშვნელოვნად არის დათმობილი. მე შემიძლია ჩემი სანთებელა გაჩუქოთ, ჩემი ნივთია, მაგრამ, როცა ტერიტორიას გაძლევ, ამას სჭირდება ურთიერთობის სხვა განზომილება. მშვიდობიანად და დეკლარირებულად არც ერთ მთავრობას ეს არ გამოუვიდოდა. მაშინ როგორ უნდა მოხდეს ეს გადაცემა? ძალიან მარტივია − უნდა მოხდეს ომის ინსცენირება და მოწინააღმდეგემ უნდა დაიკავოს ის ტერიტორია. გამომდინარე იქიდან, რაც ამ ათმა წელიწადმა აჩვენა,  სწორედ ეს სურათი იხატება... მე არ ვიცი იურიდიულ ტერმინოლოგიაში როგორ არის ღალატი განსაზღვრული. მაგრამ ადამიანურ ენაზე ეს არის ღალატი! ეს არის დიდი ღალატი... თუკი დავუბრუნდებით 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, სერიოზული გამოძიება მართლაც ჩასატარებელია. ვიღაცამ უნდა ამოწიოს ივანოვის და იმ სამეულის სტენოგრამული ჩანაწერები. ასეთი რაღაცები თუ არ არსებობს, ეს უკვე ცალკე დანაშაულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩანაწერი რუსეთს ექნება... ბურჯანაძე და სააკაშვილი − ორი სავარაუდო მონაწილე ამ შეხვედრისა, ცოცხალია, გამოვიდნენ და თქვან. მესამე არაა ცოცხალი და ის ვერაფერს გვეტყვის“ („საქ. რესპ.“ 25 ოქტომბერი, 2013).TK

    კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის წევრები 2008 წლის 22 მაისს გამართულ სხდომას ვერ იხსენებენ. ამ სხდომასთან დაკავშირებით კითხვები კომისიის წევრებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა დაუსვა. როგორც ითქვა, 2008 წლის 22 მაისის სხდომაზე მარეგულირებელმა კომისიამ პრიორიტეტების კვლევის მოტივაციით 5 წლით სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა აკრძალა, რითაც პრაქტიკულად, ტელევიზიების განვითარება გააჩერა. ხიდაშელის თქმით, აღნიშნული სხდომა მოწვეული იყო საგანგებოდ, რადგან 2008 წლის 23 მაისს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ისედაც იკრიბებოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ 2008 წლის 22 მაისი ჩვეულებრივი დღე არ იყო, რადგან წინა დღეს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მარეგულირებელი კომისიის 2008 წლის მაისის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმირებული არ იყო კომისიის ყველა წევრი, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეიძლება დასწრებოდნენ მას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხიდაშელმა კომუნიკაციების კომისიის წევრებისაგან განმარტებების მიღება მოითხოვა და მათ შესაბამისი შეკითხვებით მიმართა, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ მას შემდეგ გასულია 5 წელი და ეს დეტალები არ ახსოვთ („საქ.რესპ.“ 25 ოქტომბერი, 2013).TK

    ევროკავშირმა წამოაყენა საქართველოს თავის რიგებში ინტეგრაციის პირობები. თბილისში ვიზიტით ყოფნის დროს შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კარლ ბილდტმა და რადოსლავ სიკორსკიმ ხელისუფლებას აგრ­ძნობინეს, რომ საქართველო, უეჭველია, მოახდენს ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების პარაფირებას ვილნიუსის სამიტზე ნოემბრის ბოლოს, მაგრამ დოკუმენტზე ხელმოწერა დიდადაა დამოკიდებული სასამართლო პროცესების შეწყვეტაზე მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლების საქმესთან დაკავშირებით. ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაცემებით, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ განიხილავენ საკითხს მათი შეწყალების ან სასჯელის ზომის შეცვლის შესახებ 27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ. პოლიტპატიმრების თემა ცენტრალური იყო საქართველოში შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების ვიზიტის დროს. მათი ჩამოსვლის წინა დღით ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი საქართველოს ხელისუფლებისადმი მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ივანე მერაბიშვილი, რომელიც, ევროდეპუტატების აზრით, „იდევნება პოლიტიკური მიზეზებით“, თუმცა ფორმალურად მას ბრალს სდებენ თანამდებობრივ დანაშაულობებში... საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს სტუმრებმა გამოთქვეს შეშფოთება ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. „მათ უნდათ არ გავაგრძელოთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ყოფილ ჩინოვნიკებთან დაკავშირებით, − განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა და დაუმატა − ადგილობრივი რეალიების ცუდი ცოდნის გამო, ისინი ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას, რომ შევწყვიტოთ დაპატიმრებანი“. პასუხად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა, რომ ევროპა „ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მოვლენათა განვითარებას, რათა მან არ გაიმეოროს უკრაინის შეცდომები“. „ჩვენ დიდი ხანია დავამთავრეთ მოლაპარაკება უკრაინასთან ასოციაციის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით, − განმარტა მან. შემდეგ იქ დააპატიმრეს ქალბატონი ტიმოშენკო, და პროცესი გაიყინა ერთ ადგილზე , ხოლო ვილნიუსში მოეწერება თუ არა ხელი შეთანხმებას, გაურკვეველია“. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით კი, „შურისძიებასა და ანგარიშსწორებას ევროპულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს“, ხოლო ხელისუფლების უმტკივნეულო  გადაცემა და შურისძიების არარსებობა გამარჯვებულთა მხრიდან − „ეს არის ტესტი ქართული დემოკრატიის ხარისხზე“ („საქ.რესპ.“ 25 ოქტომბერი, 2013).TK