სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

დეკემბერი

    ილია II: „ეს უარყოფითი მოვლენები ადამიანს დააკნინებს, ეს არის ერთსქესიანთა ქორწინება, რომელიც იმდენად მძიმე ცოდვაა, რომ ამის ხსენება ეკლესიაში არ შეიძლება. დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი, ხალხი გრძნობს ამ ცოდვას. გლობალიზაციის პროცესი, რომელიც ვითარდება მსოფლიოში, არ შეიძლება ჩვენ შევაჩეროთ, ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ აქედან ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა. რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას − ქართველი ხალხი არ მიიღებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი იოანე ზოსიმეს მიერ: „ამით ენით, ქართულითა ენითა განიკითხება მსოფლიო“, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქართველი ხალხი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას“ („საქ.რესპ.“ 5 დეკემბერი, 2013). TK

    ილია II: „ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლამდე. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა სწავლობდეს, რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც, ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს, რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მთიან რაიონებში შევქმნათ ისეთი პირობები, ხალხს აღარ მოუნდეს იქიდან წამოსვლა. კურთხეულია ჩვენი მთაც და ბარიც. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს მთას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხი მთაში ცხოვრებით კმაყოფილი იყოს... მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ის დღე, როცა საქართველო გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნდება საქართველოს, ისე როგორც ძირძველი სხვა კუთხეები და ბედნიერი იქნება აფხაზიც, ოსიც და ქართველიც ერთიან საქართველოში“ („საქ.რესპ.“ 5 დეკემბერი, 2013). TK

    მიხეილ სააკაშვილი(დამოუკიდებლობის მაიდანზე სიტყვით გამოსვლა): „მე მინდა გითხრათ, რომ მე − ქართველი ვარ, მე − უკრაინელი ვარ, და ეს ნიშნავს, რომ მე ევროპელი ვარ. მე ერთ დღესაც არ შემპარვია ეჭვი, რომ უკრაინა მოახდენს ევროპაში ინტეგრირებას, ასე რომ იგი დაუბრუნდება ევროპულ ოჯახს. მე ახლა დავრწმუნდი, რომ ეს ასეც მოხდება... ჩამოვედი თქვენთან, რომ გაცნობოთ, თუ რამდენად გვიყვარხართ თქვენ და რამდენად ვიზიარებთ თქვენს მისწრაფებებს. უკრაინის წარმატება და თავისუფლება − ეს საქართველოს წარმატება და თავისუფლებაა... უკრაინის ტრიუმფი დაასრულებს ვლადიმერ პუტინის ერას და ეს დაიწყება აქ, ამ მოედანზე“ („საქ.რესპ.“ 12 დეკემბერი, 2013). TK

    რამაზ საყვარელიძე: „ხალხს მოკლე მეხსიერება როდი აქვს, უფრო მეტიც, რუსული ტანკები რამდენიმე ათეულ კილომეტრში არიან თბილისიდან, ასე რომ, საქართველოში ხალხს არ შეიძლება უეცრად გაუჩნდეს ნდობა რუსეთისადმი... საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მართლაც გარკვეულწილად გაისმის დასავლეთის კრიტიკა, მაგრამ ეს გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა დასავლეთის პასიურობის გამო რუსეთის არალეგიტიმურ ქმედებებზე რეაგირების თვალსაზრისით და არცთუ ნათელი ვადებით საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“ („საქ.რესპ.“ 12 დეკემბერი, 2013). TK

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: „2003-2004 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში შემუშავდა რეფორმის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა აკადემიის სისტემის კვლევითი ინსტიტუტების ოპტიმიზაციას სახელმწიფო ატესტაციის მექანიზმის გამოყენებით და, ამ საფუძველზე, მეცნიერთა სამუშაო პირობების ეტაპობრივ გაუმჯობესებას... მაგრამ მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ ამ ძალისხმევას პოზიტიური განვითარება არ ეწერა... 2003 წლის შემდგომი, ე.წ. „ნაციონალური“ პერიოდი განსაკუთრებულ განსაცდელად მოევლინა ჩვენს ეროვნულ მეცნიერებას, რადგანაც ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების შემაფერხებელ გარეგან ფაქტორებს თან დაერთო საქართველოს რევოლუციური ხელისუფლების მიზანმიმართული ქმედება ყველა მოქმედი ინსტიტუციისა და სტრუქტურის მოსაშლელად. არსებითად მათ აირჩიეს ეროვნული მეცნიერების განადგურების გზა და ამ მიზნით აამოქმედეს ყველა მექანიზმი − დაწყებული იდეურ-პროპაგანდისტულით და დამთავრებული ორგანიზაციულით. ეს ფორსირებული კამპანია დაგვირგვინდა იმით, რომ 2005 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა 1995 წელს მიღებულ კანონში „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, რითაც საბოლოოდ თქვა უარი მეცნიერების სფეროს შესაძლებელ რეფორმაზე, წაართვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ფუნქცია და ამით არსებითად უარი თქვა მეცნიერების სისტემური განვითარების ევროპულ გზაზე. მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტრუქტურებისადმი იმაშიც გამოიხატება, რომ ის მიზერული საბიუჯეტო რესურსიც კი, რომელიც უკანასკნელ წლებში მეცნიერებას განეკუთვნებოდა, უპირატესად საგრანტო დაფინანსების საკმაოდ გაურკვეველ კალათაში აღმოჩნდა გადატყორცნილი. ხოლო ყოფილი კვლევითი უჯრედების ფინანსური უზრუნველყოფა მინიმალურ დონეზე გაიყინა. ამან გამოიწვია ისედაც მწირი სახსრების არარაციონალური უშედეგო გაფლანგვა და სამეცნიერო სისტემის სრული მოშლა. აუცილებელია ითქვას, რომ მეცნიერული კვლევების ორგანიზაცია საქართველოში, არსებული მინიმალური დაფინანსების პირობებშიც კი(როდესაც მეცნიერების წილი ბიუჯეტის 0,2 პროცენტსაც არ აღწევს), შეიძლებოდა ასეთი კატასტროფული არ ყოფილიყო, თუ არა ის სისტემური „შეცდომები“, რამაც მხოლოდ არსებული სტრუქტურების მოშლა განაპირობა, სამაგიეროდ კი სასიკეთო არაფერი შემოუთავაზებია. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოკიდებული ქართული მეცნიერების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა დაკავშირებულია მეცნიერებათა აკადემიაში გაერთიანებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან. სწორედ ამ ინსტიტუტებში შეიქმნა საერთაშორისო ავტორიტეტის სამეცნიერო სკოლები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის სახელი ღირსეულად დაამკვიდრეს ცივილიზებული მსოფლიოს რუკაზე. პირველ რიგში ამ სკოლების წინააღმდეგ აღმოჩნდა მიმართული აღნიშნული სარეფორმო ღონისძიებები და ეს პროცესი აკადემიის − როგორც სისტემის დაშლით დაიწყო. ამ გამანადგურებელი კამპანიის წამომწყებნი აშკარად გეგმავდნენ, რომ ნგრევის პროცესს მოკლე დროში დაასრულებდნენ; მათ ნამდვილად ვერ გათვალეს ის, რომ მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ასეთ დამამცირებელ პირობებშიც კი, ხელფასისა და სამეცნიერო პერსპექტივის გარეშეც, შეინარჩუნებდა მეცნიერებისა და საკუთარი ქვეყნის ერთგულებას!... ამიტომაც გაგრძელდა დღემდე ეს სისტემური კრიზისი და საქართველოს ახალ ხელისუფლებას უმძიმესი პრობლემები დახვდა გადასაჭრელი. ნაციონალებმა მოასწრეს ისიც, რომ თითქოს ბოროტმოქმედების კვალის დასაფარად, მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობიდან განათლების სამინისტროში გადამისამართებული ინსტიტუტები, უკვე ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე, თავად მძიმე დღეში მყოფ უნივერსიტეტებს „გადაულოცეს“. გარდა ამისა, არაერთ ინსტიტუტს კუთვნილი შენობა წაართვეს და შესაბამისი კონტინგენტი სამუშაო პირობების გარეშე დატოვეს; შენობები კი გაყიდეს და დღესაც ამ ფართობებს საჯაროდ აქირავებენ... ამ პროცესების შედეგად დღეისათვის ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ ერთ დროს ძლიერი სამეცნიერო სისტემისაგან მხოლოდ ნამსხვრევებია გადარჩენილი... 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა სწორედ სულზე უსწრო დასაღუპად გამეტებულ ეროვნულ მეცნიერებას და გაჩნდა იმედი, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა სამეცნიერო სფეროში გადარჩენილი რესურსების შეკოწიწებისა და ახალი აღმავლობის დაწყებისა. ჩვენი მხარდაჭერა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური კოალიციისადმი უკავშირდებოდა ქვეყნის განვითარების ბედზე ფიქრს და, არანაკლებ ეროვნული მეცნიერებისა და განათლების გადარჩენის იმედს, რამდენადაც სახელმწიფოს მომავალი დიდწილად სწორედ ამ საფუძველზე არის დამყარებული. ევროპულ თანამეგობრობასთან ინტეგრაციის არჩევანი ქვეყანას ავალდებულებს ევროკავშირის უახლეს სტრატეგიებს შეუსაბამოს საკუთარი განვითარების გეგმები და მიმართულებები. „ქართული ოცნება“ ამ სასიცოცხლო იდეებით გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე და იმედი გვაქვს, რომ კოალიციის გეგმები მალე საქმედ იქცევა... სამწუხაროდ, არსებობს საშიშროება, რომ კიდევ ერთი საბიუჯეტო წელი დაიკარგოს ეროვნული მეცნიერების გადარჩენის საქმეში. აშკარაა, რომ სერიოზული ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე კვლევითი ინსტიტუტები არსებობას ვეღარ შეძლებენ... ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაუდებელ ამოცანად მივიჩნევთ: გასაჯაროვდეს მეცნიერების ორგანიზაციის პროცესი და ამ საქმეში წარმმართველი როლი დაეკისროთ თავად მეცნიერებს, კერძოდ, ისეთ ლეგიტიმურ სამეცნიერო დაწესებულებას, როგორიც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაა; მაღალი კვალიფიკაციისა და რეიტინგის მეცნიერთა მონაწილეობით დაუყოვნებლივ შეიქმნას სამეცნიერო-საორგანიზაციო საბჭო ქვეყნის ახალი სამეცნიერო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით“ („საქ.რესპ.“ 13 დეკემბერი, 2013). TK

    მუშაობა სახელმწიფო სექტორში კარგად ნაზღაურდება, ბიუჯეტის მუშაკთა ხელფასები უფრო მაღალია, ვიდრე ბევრი კომერციული სტრუქტურის თანამშრომლებისა... 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“ ქართველი ჩინოვნიკების ხელფასები სასაცილო იყო, და ამიტომ კორუფცია ყვაოდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დაიწყო მაღალი ხელფასების მიღება, რათა თავი აერიდებინათ მექრთამეობისთვის. პირველ ხანებში, ბიუჯეტის ადმინისტრირების გაუმჯობესებამდე, ეს გადიდება ნაზღაურდებოდა, ოფიციალური მონაცემებით, ჯორჯ სოროსის ფონდიდან. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სუბსიდიების მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინდელ მთავრობაზე, აგრეთვე სახელმწიფო ინსტიტუტების, არმიის, პოლიციის ჩამოყალიბებაზე გამოიყოფოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც იმ წლებში მხოლოდ სამეცენატო საქმიანობით იყო დაკავებული („საქ.რესპ.“ 13 დეკემბერი, 2013). TK

    2010 წელს საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ დემონტირებული სტალინის ძეგლი ამ დღეებში დაბრუნდება მის მშობლიურ ქალაქ გორში, რომელიც თბილისიდან 80 კილომეტრით დასავლეთითაა. თუმცა, მას დააყენებენ არა ცენტრალურ მოედანზე, როგორც ადრე იყო, არამედ ოდნავ მოშორებით − ბელადის სახლ-მუზეუმთან. „თუ ამინდი შეგვიშლის ხელს − გორში განუწყვეტელი თოვაა, დავაბრუნებთ სტალინს ერთი დღის დაგვიანებით. მაგრამ 21 დეკემბერს, ჩვენი სახელოვანი თანამემამულის დაბადების 134-ე წელს ძეგლს აუცილებლად გავხსნით საზეიმოდ. მანამდე დავამთავრებთ ყველა სათანადო სამუშაოს“, − განუცხადა ჩვენს გაზეთს საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის გორის განყოფილების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ლურსმანაშვილმა. დემონტაჟის შემდეგ, რომელიც მოხდა ღამით, რათა გორელებს პროტესტი არ გამოეხატათ, ძეგლი გადამალეს მიგდებული ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე სოფელ კარალეთში ქალაქიდან 7 კილომეტრზე. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ „ახალ საქართველოში“ ადგილი არ აქვს საბჭოთა მემკვიდრეობას. მაგრამ მოგვიანებით სტალინის თაყვანისმცემლებმა აღმოაჩინეს მონუმენტი და იცავენ მას დღემდე საკუთარი ძალებით. ასევე გადაწყდა, უარი თქვან საბიუჯეტო სუბსიდიებზე ძეგლის დაბრუნებისთვის, თანაც იმ დროს, რომ მუნიციპალური ხელისუფლება მზად იყო გამოეყო ამისთვის დაახლოებით 15 ათასი დოლარი. „ჩვენ დავაარსეთ სახალხო ფონდი ძეგლის აღდგენისთვის, შევაგროვეთ დაახლოებით 7 ათასი ლარი, − გვიამბობს ლურსმანაშვილი. − ეს საკმარისია, რომ დავაყენოთ მონუმენტი მუზეუმთან. მაგრამ შემდეგ საჭირო იქნება კიდევ რამდენიმე ათასი, რათა მოვაწყოთ მახლობელი ტერიტორია, გავაშენოთ სკვერი. მაგრამ ეს არაფერია, ვინაიდან ფონდში თანხების შემოსვლა გრძელდება“; ეს დაადასტურა ფონდის ხელმძღვანელმა თამაზ ჯაფოშვილმაც, რომელმაც გვიამბო, რომ „ხალხი მზადაა, შემოიტანოს სახსრები, ოღონდ სტალინი დააბრუნონ ადგილზე“... მაგრამ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ ადრე მოხსნილი ბელადის ძეგლის დაბრუნება − ეს ტენდენციაა, რაზეც მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ თვალი არ უნდა დახუჭოს, თუ საქართველო აპირებს ევროპასთან ინტეგრაციას და არა სსრ კავშირში დაბრუნებას. თავად სააკაშვილი ადრე ამბობდა, რომ ქვეყანაში არ შეიძლება პარალელურად არსებობდეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში და მათი ძეგლები, ვინც ამ ოკუპაციის უკან იდგა, სექტემბერში აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრში − თელავში თვითნებურად დადგეს სტალინის მონუმენტი დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის მახლობლად... გორში სოსო ჯუღაშვილმა 16 წლამდე იცხოვრა, სანამ სასწავლებლად არ წავიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ძეგლი მას დაუდგეს ჯერ კიდევ სიცოცხლეში − 1952 წელს. მონუმენტს შეუძლია მიიზიდოს უფრო მეტი მნახველი 1957 წლიდან მოქმედ სახლ-მუზეუმში, რომელშიც არის ისეთი ძვირფასი სტალინური არტეფაქტები, როგორებიცაა შინელი, ჩექმები, ჩიბუხი, ჭურჭელი, ტელეფონი. შარშან აქ იყო 30 ათასი სტუმარი. მიმდინარე წლის 11 თვეში კი უკვე თითქმის 42 ათასი, მათგან 37,5 ათასი უცხოელია. სტალინის დაბადების დღეს მუზეუმი გახსნის ბელადის შესახებ სსრ კავშირის სახალხო მხატვრის, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატის ნიკოლაი ჟუკოვის ნაკლებად ცნობილი გრაფიკული ნამუშევრების ექსპოზიციას. მათ ამ ფონდში ინახავდნენ. ჩვეულებრივად ბილეთი მუზეუმში დაახლოებით 9 დოლარი ღირს, მაგრამ სტალინის დაბადების დღეებში აქ მოსვლა თავისუფალი იქნება („საქ.რესპ.“ 13 დეკემბერი, 2013). TK

    უსახლკაროთა დახმარების ცენტრები რეგიონებშიც გაიხსნება − ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. „დახმარება ორიენტირებული იქნება კონკრეტულ შედეგზე, რათა არც ერთი ადამიანი არ იყოს გაყინული და მშიერი“, − აღნიშნა დავით სერგეენკომ („საქ.რესპ.“ 14 დეკემბერი, 2013). TK

    ევროკავშირის სასამართლოს დადგენილებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია, ერთსქესიანმა წყვილებმა იმავე პრივილეგიებითა და შეღავათებით უნდა ისარგებლონ, რითაც ტრადიციული წყვილების ოჯახები სარგებლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს. ინფორმაციის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლოში საფრანგეთის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლის ფრედერიკ ჰეის სარჩელი შევიდა. ცოტა ხნით ადრე, ფრედერიკ ჰეის უარი ეთქვა კომპანიაში ახლადდაქორწინებული წყვილებისთვის განკუთვნილი სახელფასო ბონუსის ჩარიცხვაზე მას შემდეგ, რაც ბანკის თანამშრომელმა თავის პარტნიორ მამაკაცთან „სოლიდარობის შესახებ სამოქალაქო შეთანხმება“ გააფორმა(ფრანგული კანონების მიხედვით, „სოლიდარობის შესახებ სამოქალაქო შეთანხმება“, ორ ადამიანს შორის ერთობლივი თანაცხოვრების მიზნით ფორმდება). ფრედერიკ ჰეიმ კომპანიის ეს ნაბიჯი საფრანგეთის სასამართლოში გააპროტესტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ კანონს ხელი 2013 წლის მაისში მოაწერა, რის შედეგადაც შესაბამისი ცვლილებები შრომის კოდექსში შევიდა. სასამართლოს განცხადებით, ჰეისთან დაკავშირებული შემთხვევა პირდაპირი დისკრიმინაციაა სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე. ამასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება ამ დრომდე აკრძალულია („საქ.რესპ.“ 14 დეკემბერი, 2013). TK

    ელიზბარ ჯაველიძე(აკადემიკოსი): „თუ ციხიდან გამოუშვეს, მაგას ხალხი ჩაქოლავს. მერაბიშვილმა ახლა იმაზე უნდა ილოცოს, რომ ციხეში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. ეს „ქართული ოცნება“ ისე გაიტაცა კოაბიტაციამ, „ნაციონალებთან“ ერთად ერთ სხეულად იქცნენ. მკვლელ მერაბიშვილს ციხეში აპარტამენტები მოუწყვეს და კომპიუტერიც კი დაუდგეს. მაგას ტელევიზორი კი არ უნდა დაუდგა, ცოცხი უნდა მიაყოლო უკან. არავის დაავიწყდეს, რომ მერაბიშვილი არის ადამიანი, რომლის დროსაც ასამდე ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტეს“ („საქ.რესპ.“ 14 დეკემბერი, 2013). TK

    2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით უნდა დენიშნოს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს. კომპენსაცია დაენიშნება ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია პროპორციული განაწილების წესით ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს − მშობლებს, მეუღლეს, შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილებს. მოქალაქეებმა, რომლებიც მიეკუთვნებიან ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პირთა წრეს, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ  ერთეულებს. კომპენსაცია ენიშნება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან („საქ.რესპ.“ 17 დეკემბერი, 2013). TK

    გულბაათ რცხილაძე(ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): „სომხეთს თავისი მყარი კურსი აქვს, ჩამოყალიბებულია თავის საგარეო ორიენტაციაში. იცის, რომ მას რუსეთი უკეთ დაიცავს, ვიდრე ნატო. თანაც სომხეთი არის მონოეთნიკური და ამიტომაც ნაკლები პრობლემები აქვს კონფესიებთან დაკავშირებით. მისი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩაკეტილია გეოგრაფიულად. ირანთან აქვთ კავშირი და ჩრდილოეთით − საქართველოსთან. რაც შეეხება ისლამიზაციას, ეს იქ არ ხდება, ვინაიდან „მასალა“ არ არის“ („საქ.რესპ.“ 19 დეკემბერი, 2013). TK

    გაგრძელება