სინერგია
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

ნოემბერი

    მიმდინარე წელს რუსეთის ბაზარი ემბარგოს გაუქმების შემდეგ, რაც 2006 წლიდან მოქმედებდა, ელვისებურად იბრუნებს ლიდერის საექსპორტო პოზიციებს ქართველი მწარმოებლებისთვის. საქართველო წელს 120 ტონა ციტრუსის მოყვანას ითვალისწინებს, და 40-დან 50 ათასამდე ტონა რუსეთში გაიგზავნება, −განუცხადეს ჩვენს გაზეთს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. პიკი ემთხვევა წინასაახალწლო დღეებს. სახელმწიფო ამჟამად სიმბოლურ ფასად გადასცემს ფერმერებს დასავლეთ საქართველოში ფართობებს საწარმოო სიმძლავრეების გასადიდებლად მოსავლის დამუშავებისთვის და საექსპორტოდ მომზადებისთვის. ციტრუსების გასაღების ტრადიციულ ბაზრად დარჩება დსთ-ს სხვა ქვეყნებიც. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში, რუსეთში ასევე 80 ტონა ვაშლი გაიგზავნა. მაგრამ ამ ექსპორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ჩქარობენ. საქმე ისაა, რომ ამჟამად ვაშლი რუსეთში იყიდება საუწყებათაშორისო მოლაპარაკებებით არაუმეტეს 0,4 დოლარის ფასად ერთ კილოგრამში. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, შეაჩერონ მათი გატანა ახალ წლამდე იმის იმედით, რომ ამ დროისთვის მოთხოვნა გაიზრდება, ასევე გაიზრდება ფასიც. ასევე ნებადართულია მსხლის, ატმისა და კაკლის გატანაც. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ქართული ღვინის მიწოდების ტემპმა, რაც ივნისში განახლდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა ჩვენს გაზეთს აცნობა, რომ წლის ბოლომდე იგეგმებოდა ხუთი მილიონი ბოთლის ექსპორტი, მაგრამ უკვე გატანილია 13,4 მილიონი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა დაიბრუნა პირველი სტრიქონი იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ყიდულობენ ქართულ ღვინოს. მეორე ადგილზეა უკრაინა − დაახლოებით 10 მილიონი ბოთლი. შემდეგ მოდიან ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი, თუმცა მათი მაჩვენებლები გაცილებით ნაკლებია. მთლიანად წელს საქართველომ საზღვარგარეთ 33,2 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდა. რუსეთის ბაზრის დაბრუნება წელს საშუალებას მისცემს მას, გაზარდოს ექსპორტი 90 პროცენტით. ემბარგოს შემოღებამდე საქართველოს რუსეთში გაჰქონდა წელიწადში 40 მილიონი ბოთლი, მაგრამ მაშინ პროდუქცია რუსეთის სამომხმარებლო ზედამხედველობის ბევრ შენიშვნას იწვევდა, რამაც გამოიწვია შეტანის აკრძალვა. წელს იგეგმება მოახდინონ რუსეთში ქართული ღვინის არანაკლებ 25 მილიონი ბოთლის ექსპორტირება. ლევან დავითაშვილის სიტყვებით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში ნოემბრის ბოლოს ევროკავშირის „აღმოსავლური პარტნიორობის“ სამიტზე. არ არის გამორიცხული, რომ იგი როგორმე „მონაწილეობას მიიღებს“ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაშიც. ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. კერძოდ, შეიძლება გაიზარდოს მისი მიწოდება ქართულ რესტორნებში ზამთრის თამაშების დედაქალაქში; საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ ჩვენს გაზეთს განუცხადა, რომ ემბარგოს გაუქმებამ „პირველი პოზიტიური შედეგები მოიტანა“. − ჩვენ პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ, − აღნიშნა დიპლომატმა. საორიენტაციოდ, 20-21 ნოემბერს პრაღაში გაიმართება ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა. როგორც საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა გვაცნობა, შეჯამდება მუშაობის შედეგები ამ ფორმატში ერთი წლის განმავლობაში და განისაზღვრება პრიორიტეტები მომავლისთვის. ახლა, მისი სიტყვებით, იგეგმება უფრო მეტად შეუწყონ ხელი ბიზნესს. ამიტომ განიხილება კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები სატრანსპორტო სფეროსა და საინფრასტრუქტურო პროექტების მიხედვით („საქ.რესპ.“ 13 ნოემბერი, 2013).TK

    გიორგი მარგველაშვილი: „ქართველი თავისი ინდივიდუალური შეგნებით ევროპელია, თავისი ბუნებით დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია. მაგრამ ჩვენ აქამდე ვერ ვახერხებდით, რომ ჩვენი ევროპელობა სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ განზომილებაში გადაგვეტანა. შარშანდელი პირველი ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შევძელით ჭეშმარიტად ევროპული პოლიტიკური პროცესებისთვის დაგვედო სათავე. ერთი წლის წინათ ბიძინა ივანიშვილმა გაგვაერთიანა. ერთიანობით ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეუძლებელი ჩანდა − მშვიდობიანად, არჩევნებით საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს. ამის შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ სტაბილურობა ქვეყანაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სოციალური პროექტები, არამედ მოვახერხეთ მაღალი დემოკრატიული სტანდარტების არჩევნების ჩატარება. ამ არჩევნებში ჩვენმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    გიორგი მარგველაშვილი: „განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ წინსვლაზე. ხელისუფლების უმთავრეს მიზნად ჩვენ ვისახავთ თითოეული ადამიანის კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ეს გაგვიმარტივებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და განაპირობებს ქვეყნის სანდო საერთაშორისო პარტნიორად ჩამოყალიბებას. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ: ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება. ჩვენი პრიორიტეტია დევნილებისა და ლტოლვილების უპირობო, უსაფრთხო  და ღირსეული დაბრუნება მათ საკუთარ სახლებში. მანამდე კი − მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა და უფლებათა დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდთან ერთად ვიღებ ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებლობას. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვაცხადებ, რომ ვიზრუნებ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ჩვენ მუდამ მზად ვიქნებით გარეშე საფრთხეების მოსაგერიებლად. ამავდროულად, ნებისმიერი საერთაშორისო თუ შიდა პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა ქვეყნის უცვლელი კურსია. როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქტიურად ვიმუშავებ საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად; ხელს შევუწყობ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სანდო პარტნიორად დამკვიდრებას. ასევე ვიქნები დემოკრატიის პროცესის გაღრმავების ხელშემწყობი და საზოგადოების ყველა ფენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი. ჩემი საგანგებო ზრუნვის საგანი იქნება იმ მოქალაქეთა ინტერესები, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. როგორც პრეზიდენტი, ვიქნები საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების დაცვის გარანტი. ამავდროულად, განუხრელად დავიცავ საქართველოში მცხოვრები ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა კონსტიტუციურ უფლებებს“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    გიორგი მარგველაშვილი: „ ევროკავშირთან დაახლოებას და ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მიაღწია. უახლოეს პერიოდში ვილნიუსის სამიტზე მოხდება ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ხელმოწერა, რაც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შეუქცევადობის ინსტიტუციური დადასტურება იქნება. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სტაბილური განვითარების გრძელვადიან გარანტიას თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს. ეს კი საბოლოოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიიღწევა“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენი პრიორიტეტია შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების სრულფასოვანი და ყოველმხრივი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, და ასევე თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენ მნიშვნელოვან ძალისხმევას მივმართავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების ინიცირებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტრატეგიული კავშირების განმტკიცებას. საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად. ამიტომ, ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ შავი და კასპიის ზღვების რეგიონების, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათთან ტრანსნაციონალური პროექტების ხელშეწყობასა და რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას. დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    გიორგი მარგველაშვილი: „მიუხედავად დღეისათვის არსებული გართულებული ვითარებისა, ჩვენ კვლავ ვაცხადებთ მზადყოფნას გავაღრმაოთ რუსეთთან დიალოგი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ინტერესების − საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული პატივისცემის გათვალისწინებით, და ურთიერთნდობის საფუძველზე გადავჭრათ დღეს არსებული პრობლემები“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    გიორგი მარგველაშვილი: „მე მჯერა, რომ ყველაზე უარესი წლები უკან მოვიტოვეთ; რომ ჩვენი ქვეყნის ოქროს ხანა ეკუთვნის არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც. ეს ხედვა რეალობად ერთ დღეში ვერ იქცევა, მაგრამ: მე ვხედავ საქართველოს, რომელიც მისი შვილებისათვის არა გადარჩენისთვის ბრძოლის, არამედ ღირსეული ყოფის, სიცოცხლით ტკბობის, ნიჭიერების გაფურჩქვნისა და თვითრეალიზაციის სივრცეა. მე ვხედავ ქვეყანას, რომელსაც მსოფლიო იცნობს არა პოლიტიკური კრიზისებით თუ ჰუმანიტარული პრობლემებით, არამედ მისი განსაცვიფრებელი სილამაზით, ცხოვრების სილაღით და, რაც მთავარია, მშრომელი, შემოქმედი, კეთილშობილი, სტუმართმოყვარე ხალხით. მე ვხედავ ენერგიას, რომელმაც რუსთაველს „ვეფხისტყაოსანი“ შეაქმნევინა, და რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილს თავგანწირვის ფასად წინაპართა საუნჯის დაცვის ძალა მისცა; ენერგიას, რომელმაც ფიროსმანს შავი ლომი დაახატვინა და ექიმ იოსებ ჟორდანიას პატარა გოგონას გადასარჩენად სიცოცხლე დაათმობინა; ენერგიას, რომელმაც საოცარი ხელოვნებით გამოჭედა ხახულის კარედი და მტრის წინაშე ქედი არ მოახრევინა გიორგი ანწუხელიძეს. მე ვხედავ იმ აღტაცების გამეორებას, რომელიც მოჰგვარა მსოფლიოს მცხეთის ჯვრის სიდიადემ, ქართული ანბანის უნიკალურობამ, ვაჟას პოეზიის სიღრმემ, ჩაკრულოსა და კრიმანჭულის საოცარმა ჰარმონიამ, ქართული მეცნიერული აზრის მასშტაბურობამ და აღფრთოვანების ღირსმა სპორტულმა სასწაულებმა. ასეთ საქართველოზე ვოცნებობდი მთელი ჩემი ცხოვრება. ასეთ საქართველოს ქმნიდნენ ამ ქვეყნის შვილები. უდიდესი პატივი და ტვირთია იყო საქართველოს პრეზიდენტი. და დღეს მე ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, ღირსეულად ვზიდო პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი დიდებული ქვეყნისა და ხალხის მსახურება მაკისრებს“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    ნუგზარ კახაძე(წალკის მეჩეთის ცენტრის იმამი): „ისევე, როგორც სხვა ქართველ მუსლიმანს, არ მიმაჩნია, რომ საქართველოში ხდება ისლამური ქვეყნების მხრიდან ეკონომიკურ-რელიგიური ექსპანსია. მეტიც: თურქეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომელმაც 1990 წლებში საქართველოს მოსახლეობა შიმშილობას გადაარჩინა, ნახევარ ფასებში გვაწვდიდა სურსათს, ეს ყველას უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენმა წინაპრებმა, ისლამი მიიღეს და ამ სარწმუნოების მიმდევრები გახდნენ არა ძალდატანებით, მოტყუებით ან მოსყიდვით, არამედ თავისი ნებით, რადგან ისლამი დასაბამიდან პროგრესული და მშვიდობის მომტანი რელიგიაა. დღეს კი ჩვენ, ქართველი მუსლიმანები, ფაქტობრივ დევნას განვიცდით, რისი მაგალითი კერძოდ, ადიგენის რაიონში ბოლო დროს მომხდარი ფაქტია, როცა მორწმუნე ქართველ მუსლიმანებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა მეჩეთის მინარეთის დადგმის გამო“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK – ნ. კახაძის არაობიექტურობას თვით მინარეთის დადგმის ფაქტიც ადასტურებს. სოფ ჭელაში სწორედ პოლიციის დახმარებით დაიდგა მინარეთი (რედ. «სინერგია»)

    გურამ ბათიაშვილი (მწერალი, ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი): „უწინარესად ვიტყვი, რომ ვარ მწერალი, ჩემი ისტორიული სამშობლოა ისრაელი, ხოლო საქართველო, სადაც დავიბადე, გავიზარდე და დღესაც ვცხოვრობ, მეორე სამშობლოა, მშობლიური კი − ქართული ენა. ჩემი შეფასებით, ქართველი ხალხისა და მრავალეროვანი საქართველოს სახელმწიფო განვითარებას, გაძლიერებას ადგილი მხოლოდ მაშინ ექნება, როცა ყველა ქართველი დედაეკლესიასთან გაერთიანდება, რაც არანაირად არ ნიშნავს საქართველოში მცხოვრები რომელიმე სხვა სარწმუნოების, მათ შორის ებრაელების − იუდეველების რაიმე სახით შევიწროებას. სწორედ ამიტომ კატეგორულად არ ვიზიარებ 2011 წლის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო აქტს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის თანასწორობის შესახებ, იმიტომ, რომ აღნიშნული აქტი უსამართლოა, რის შედეგად კნინდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    დეკანოზი თეიმურაზი(თათარაშვილი) წმინდა სამების ლავრის მღვდელმსახური, ფილოსოფიის მაგისტრი): „უდავოა, რომ  დღესდღეობით საქართველო ისლამის ექსპანსიას განიცდის და ეს ხდება არა ძალის გამოყენებით, არამედ სხვა ე.წ. მშვიდობიანი ფორმებით, რაც უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისგან მაღალი დონის თეოლოგიურ მომზადებას მოითხოვს. ამ მიზნით თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, ასევე ეროვნულ უნივერსიტეტში არა მარტო ისლამის დაარსების, მისი წარსულის, მაჰმადის ცხოვრების ისტორიასა და ყურანს ასწავლიან, არამედ თანამედროვე მსოფლიოში ისლამისა და ტერორიზმის გავრცელების მეთოდებსა და ფორმებს. ჩვენი სასწავლებლის კურსდამთავრებულები თავიანთ საქმიანობაში, სასულიერო მოღვაწეობაში თეოლოგიურად იმ დონეზე უნდა იყვნენ მომზადებულები, რომ თავად მუსლიმანებს ღიად, საღად აჩვენონ მართლმადიდებლობის არსის უდავო ჭეშმარიტება. ამ მხრივ, კერძოდ გამოვყოფდი შიიტური ირანის რელიგიურ ექსპანსიას საქართველოში, რასაც საფუძვლად ედება ის, რომ ირანში ქალაქ ყუმის მსოფლიოში ცნობილ შიიტურ უმაღლეს სასწავლებელში ბოლო წლებში სწავლობენ საქართველოს მოქალაქეები, უმეტესწილად აზერბაიჯანელები, რომლებიც კარგად განსწავლული თეოლოგები გამოდიან, ფლობენ სხვადასხვა უცხო ენას − სპარსულს, არაბულს, ინგლისურს და ა.შ., საქართველოში ჩამოსვლისას ეს პირები ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანელ შიიტებში რელიგიურ-თეოლოგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან. ამას ადასტურებს ბოლო წლებში საქართველოში მოქმედი ირანის „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, რომელიც უფასოდ, გარკვეული სოციალური ეკონომიკური მზრუნველობის გამოყენების ფარგლებში, ახალგაზრდა აზერბაიჯანელებში ისლამის საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ამ სასწავლებლის წარჩინებული მოსწავლეები აგრძელებენ სწავლა-განათლებას „ალ-მუსტაფას“ საერთაშორისო უნივერსიტეტში. საკამათო არ არის, რომ აღნიშნულ პროცესს აშკარად ხელი შეუწყო იმან, რომ 2004-2012 წწ. საქართველოს და ირანს შორის დამკვიდრდა უვიზო მიმოსვლა, რომელიც, მართალია, 2013 წელს შეწყდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად, დღესაც არსებობს. ირანის კონსტიტუციით ისლამი სახელმწიფო რელიგიაა, თუმცა, ამის გარდა, აღიარებულია, იუდაიზმი, ზოროასტრიზმი და ქრისტიანობა, მაგრამ უკანასკნელი სამი რელიგიური კონფესიის უფლებებს იგივე კონსტიტუცია მნიშვნელოვნად ზღუდავს, იკრძალება მათი ნებისმიერი სახით პროპაგანდა. საქართველოში კი, პირიქით, განსაკუთრებით 2011 წლიდან, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან თანასწორუფლებიანია ნებისმიერი სხვა რელიგიური კონფესია, მათ შორის ისლამი. ეს კი ქართველი ერის ერთიანობისათვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    სოსო მანჯავიძე(„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი): „გავეცანი თქვენს საგაზეთო პუბლიკაციას, რომელშიც დღევანდელ საქართველოში ისლამური ქვეყნების მხრიდან ეკონომიკურ-რელიგიური ექსპანსიის საშიშროების თაობაზეა ლაპარაკი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, აშკარად  ჩანს, რომ აღნიშნული საშიშროება უდავოა. ეს ექსპანსია საქართველოში მტკიცედ დამკვიდრდა 2004-2012 წწ., როცა ქვეყანას სააკაშვილის პოლიტიკური ორგანიზაცია მართავდა. სწორედ მისი ძალისხმევით მოხდა, რომ საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა მიიღო მრავალმა ათასმა კაცმა, მათ შორის, კერძოდ, თურქეთის მოქალაქემ, ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების ამ მოქალაქეებზე საკუთრებაში გადაცემას, ქვეყნის ეკონომიკა კი ყოველმხრივ გახდა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოსთვის დამანგრეველ თურქულ და ირანულ იმპორტზე. დასამალი არ არის, რომ ისლამური ემისრების მხრიდან ხორციელდება, ერთ მხრივ, გადაბირება და დაინტერესება ქართველი მუსლიმანების, რის შედეგად ხდება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის საშიში ისლამისტური გამოსვლები. აღნიშნული პროცესი თვითდინებით გრძელდება დღესაც, ლამის ყოველ დღე იხსნება ე.წ. შპს-ები, რომელთა მესაკუთრეები თურქეთის, ირანის, სირიის, ეგვიპტისა და სხვა ისლამური ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომელთა გარკვეული ნაწილი სარგებლობს ორმაგი მოქალაქეობით. სწორედ ამ პირთა საკუთრებაში არსებული შპს-ები დაკავებულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიწებისა და უძრავი ქონების − სახლების, ბინებისა და ა.შ. შესყიდვით. სწორედ ამიტომ საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს ნებისმიერ უცხოელზე მიწების გაყიდვა და დღემდე გაყიდული მიწები სავალდებულოდ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. სხვა შემთხვევაში ქართველ ერსა და სახელმწიფოს სამომავლოდ სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული კატასტროფა ელის. შექმნილ ვითარებაში მიმაჩნია, რომ გმირობის ტოლფასია, როცა მრავალი ქართველი მუსლიმანი მზადაა მართლმადიდებლობის მისაღებად, რითიც, უწინარესად, პატივს სცემს თავის წინაპრებს, რომლებმაც ისლამი მოტყუებით ან ძალდატანებით მიიღეს. ეს არანაირად არ უარყოფს ისლამს, როგორც საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ რელიგიურ კონფესიას. ამავე დროს, ილია მართლის სიტყვები „მამული, ენა, სარწმუნოება“ ყველა ქართველისთვის მთავარ მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს ქვეყნის გადარჩენისა და მისი სამომავლო გაძლიერებისთვის“(„საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    არქიმანდრიტი ბართლომე(ფირცხალაიშვილი)(ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი): „საქართველოში დადგა დრო, როცა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველას და ყველაფერს უნდა გაეცეს სამართლიანი, კომპეტენტური პასუხი, რასაც საფუძვლად უნდა დაედოს სამშობლოსადმი და ქართველი ერის სარწმუნოებისადმი სიყვარული და ერთგულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულიად ვიზიარებ მამა თეიმურაზ(მჟავანაძის) პოზიციას: დიახ, გმირობის ტოლფასი იქნება ის, რომ ყველა ქართველი მუსლიმანი გააზრებულად ჩათვლის საჭიროდ დაუბრუნდეს მართლმადიდებლობას, თუმცა, ეს ძალდატანებით არ უნდა მოხდეს. ჩემი შეფასებით, ქართველ მუსლიმთა დიდი ნაწილი მზად არის ამისთვის, თუ არ ჩავთვლით იმათ, რომლებმაც უკვე თავიანთი შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღეს მართლმადიდებლობა. არავისთვის საკამათო არ უნდა იყოს, რომ ასეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორც ქართველი ერია, მამული, ენა, სარწმუნოება უნდა იყოს ერთი, ხაზს ვუსვამ: სარწმუნოება −მართლმადიდებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოგიყვანთ ერთ სასიხარულო მაგალითს: რამდენიმე დღის წინათ პირადად მე და რამდენიმე ბერმა მოვნათლეთ ქართველი ახალგაზრდა მუსლიმანი კაცი, რომელიც ქუთაისში, ერთ-ერთი ტაძრის მშენებლობაზე მუშაობს და მის მაგალითს, მისივე თქმით, მოკლე დროში მისი ოჯახის წევრები, მათ შორის შვილები მიყვებიან. რასაკვირველია, ისლამის ექსპანსია იგრძნობა მთელ მსოფლიოში, სწორედ ამიტომ საქართველოს ისტორიის ბოლო 9-10 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად და საგანგაშოდ იგრძნობა, რომ ქვეყანაში ისლამიზაცია ღრმავდება როგორც რელიგიური, ასევე ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. და თუ ჩვენ დღეს ამას წინ არ აღვუდგებით, ხვალ გვიანი იქნება“ („საქ.რესპ.“ 19 ნოემბერი, 2013).TK

    /გაგრძელება/