სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

ნოემბერი

    კახა კალაძე: „ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადებული კონტრაქტები წარმატებული იყო და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ სექტორში ინვესტიციები 7%-ით არის გაზრდილი. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ეს მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. კმაყოფილი ვარ ჩემი თითოეული თანამშრომლის მუშაობით და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“ („საქ.რესპ.“ 26 ნოემბერი, 2013). TK

    როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით ჯანდიერს ალექსანდრე ბარამიძე შეცვლის. ამასთან, დავით ჯანდიერი იუსტიციის სამინისტროში მუშაობას აღარ გააგრძელებს. – „მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარვუდგინე ჩემი მოადგილეების ახალი განახლებული გუნდი. პირველ მოადგილედ შევთავაზე სანდრო ბარამიძის კანდიდატურა. ბატონები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბურჭულაძე ასევე გააგრძელებენ საქმიანობას და ისინი წარდგენილი არიან მოადგილის თანამდებობაზე. მეოთხე მოადგილის ადგილზე კი პრემიერს შევთავაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე. ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც მესახება, გავაგრძელო სერიოზული საქმის კეთება, რაც უკვე ხელმეორე ნდობის გამოცხადებით დაგვავალა პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა... დავით ჯანდიერს მე ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა სტრასბურგში 3 თვის განმავლობაში ჩემი სტაჟიორი იყო. ბოლო წელი ერთად ვიმუშავეთ და ეს იყო ყველასთვის გამოცდა გამძლეობაში, სერიოზულობასა და საქმისადმი სწორ მიდგომაში. ამ საქმეების შეფასების შედეგად გადავწყვიტე, რომ პირველი მოადგილე არ იყოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა („საქ.რესპ.“ 26 ნოემბერი, 2013). TK

    გარკვეული საკადრო ცვლილება სასჯელაღსრულების სამინისტროშიც იგეგმება − ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. მისივე განმარტებით, თუ უწყებაში სხვა საკადრო ცვლილებებიც დაიგეგმება, მედია ამის შესახებაც იქნება ინფორმირებული („საქ.რესპ.“ 26 ნოემბერი, 2013). TK

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი იტყობინება, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა ვატიკანში „ძალიან კარგად“ ჩაიარა. ლიდერები დიდხანს საუბრობდნენ პირისპირ, შემდეგ გაცვალეს საჩუქრები. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იტყობინება, საუბარი ძირითადად შეეხებოდა ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვას ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში („საქ.რესპ.“ 27 ნოემბერი, 2013). TK

    აშშ ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარ არქიტექტორად და იდეოლოგად ითვლებოდა, მკაცრი კრიტიკით თავს დაესხა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს − ხუთდღიანი ომის პროვოცირებასა და უუნარობაში გამოენახა საერთო ენა არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, არამედ საკუთარ თანამებრძოლებთანაც. რიჩარდ მაილსის გამონათქვამებს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების პასუხად მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ გამოხდომებზე ბარაკ ობამას მისამართით − ყოფილმა ქართველმა ლიდერმა ბრალი დასდო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოსკოვისთვის ზედმეტი დამთმობლობის გამო. „სააკაშვილს შეეძლო თავიდან აეცილებინა საქართველოს ჩართვა რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში 2008 წელს“, − განაცხადა რიჩარდ მაილსმა საქართველოს ტელეარხ „იმედისა“ და რადიოსადგურ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მან გაოცება გამოთქვა ყოფილი ქართველი ლიდერის არაადეკვატურ ქცევაში იმ მოვლენებთან დაკავშირებით. „არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, ნუთუ მას სჯეროდა წარმატებისა ან იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღიად ჩაერთვებოდა ამ კონფილქტში?“ − სვამს რიტორიკულ შეკითხვას რიჩარდ მაილსი. ამერიკელ დიპლომატს მიაჩნია, რომ აგვისტოს ავანტიურაზე მიხეილ სააკაშვილს ბიძგი მისცა ქართული არმიის წარმატებულმა შეიარაღებამ. „მას რომ არ ეყიდა შეტევითი იარაღი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, მძიმე ჯავშანმანქანები, მოიერიშე თვითმფრინავები და სხვა ტექნიკა, მას არ გაუჩნდებოდა მცდელობა , ჩაერთო ქართული არმია საბრძოლო მოქმედებებში“, − დარწმუნებულია ყოფილი ელჩი. მან დაუმატა, რომ დღემდე გაოცებულია, „რატომ არ გადადგა სააკაშვილი წაგებული ომის შემდეგ და არ დანიშნა ვადამდელი პრეზიდენტის არჩევნები“. დიპლომატმა გაიხსენა საქართველოს ექსპრემიერის ზურაბ ჟვანიას საიდუმლო გარდაცვალებაც, რომელიც მკვდარი აღმოაჩინეს 2005 წლის 3 თებერვალს. „ზუსტად არ ვიცი, თუ რა ხდებოდა ჟვანიასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი სიკვდილი“, − განაცხადა ექსელჩმა. „სააკაშვილს ჰქონდა გასაოცარი უნარი − მოეშორებინა თავიდან თავისი თანამებრძოლები“. საქართველოს ექსპრეზიდენტმა გაიფუჭა ურთიერთობა არა მხოლოდ ზურაბ ჟვანიასთან, არამედ პარლამენტის ექსსპიკერ ნინო ბურჯანაძესთან და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ სალომე ზურაბიშვილთან. სხვათა შორის, რიჩარდ მაილსმა არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პოლიტიკაში, ვინაიდან „საკმაოდ ჭკვიანი და ახალგაზრდაა“. „მაგრამ მანამდე, ალბათ, მოუწევს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩრდილში გადასვლა, − მიაჩნია დიპლომატს. − საკითხი მხოლოდ ის არის, შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას“. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ ყოფილ ელჩთან უჩვენეს 23 ნოემბერს − „ვარდების რევოლუციის“ მეათე წლისთავზე. რიჩარდ მაილსს იმ მოვლენების მთავარ იდეოლოგს უწოდებენ. თბილისში მის გამონათქვამებს მიიჩნევენ ამერიკის შეერთებული შტატების მიხეილ სააკაშვილით უკმაყოფილების დამოწმებად, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებათა დამთავრებისთანავე მკვეთრად აკრიტიკებდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციას. მაგალითად, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თავისი დამთმობლობითა და გაუბედაობით უბიძგებს რუსეთს „აგრესიის ახალი აქტებისკენ მეზობლებთან დაკავშირებით“. „ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ განეხორციელებინა თუნდაც შეზღუდული სამხედრო აგრესია სირიაში, ეს გაფრთხილება იქნებოდა პუტინისთვის“, − ამბობდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი („საქ.რესპ.“ 27 ნოემბერი, 2013). TK

    ათი წლის წინათ მიხეილ სააკაშვილი, ამერიკული განათლების 35 წლის იურისტი, სათავეში ჩაუდგა სვლას საქართველოს პარლამენტისკენ, რომელმაც შემდეგ დაამხო კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმი ამ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში და გამოაცხადა ლიბერალური დემოკრატიული ტალღა ევრაზიაში. „ვარდების რევოლუცას“ მოჰყვა უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია“; მკვეთრი და ქარიზმატული სააკაშვილი მალე გახდა საქართველოს არჩეული პრეზიდენტი და პროდასავლური ცვლილებების სიმბოლო, თანაც მოსკოვში მას ისევე ძლიერად ვერ იტანდნენ, როგორც აღმერთებდნენ ვაშინგტონში. ათი წლის შემდეგ ტალღა ჩაცხრა. გასულ კვირას უკრაინამ ისეთივე ბანდიტური პოლიტიკოსის მმართველობის ქვეშ, რომლითაც დამხობილი იქნა „ნარინჯისფერი რევოლუცია“, უარყო ხელშეკრულება ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ და მიეკედლა პუტინისეულ კრემლს. მან მიბაძა სომხეთს, რომელიც ამ შემოდგომაზე დაემორჩილა პუტინის დესპოტურ ზემოქმედებას. მხოლოდ მოლდოვა და საქართველო ამუშავებენ შეთანხმებას ევროკავშირთან და ისწრაფვიან − წინ წასწიონ დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი, რასაც ეს შეთანხმებები მოითხოვენ. რაც შეეხება სააკაშვილს, ის დაუბრუნდა იმას, რითაც იწყებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც გასულ კვირას დაასრულა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა... მას პატივს არ მიაგებენ სამშობლოში და ვაშინგტონში, რომელიც ობამას ეპოქაში აღარ უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. უფრო მეტიც, საქართველოს არამყარი კურსი ევროპისკენ მოითხოვს, რომ მისი ექსპრეზიდენტი დარჩეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ისე, რომ მისმა შემცვლელმა ავტოკრატიისკენ გადახრილმა მთავრობამ ვერ შეძლოს მისი დაპატიმრება. „ჩემს შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ, თუ დამაპატიმრებენ, ეს იქნება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის დასასრული“, − განაცხადა სააკაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს გასულ კვირას. ის არ აჭარბებს: მხოლოდ მისი ნებაყოფლობითი გადასახლება არის იმის გარანტია, რომ იგი არ გაიზიარებს უკრაინის ყოფილი პრემიერის და „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს ბედს, ვისმა დაპატიმრებამაც განხეთქილება გამოიწვია ევროკავშირსა და უკრაინას შორის. რა ხდება, ლიბერალური დემოკრატია ყოფილ საბჭოთა სივრცეში მკვდარია? შეძლებს პუტინი აღადგინოს თავისი ევრაზიული კავშირით რაღაც საბჭოთა იმპერიის მსგავსი რამ? სააკაშვილი − ფხიზელი როგორც არასოდეს − მიიჩნევს, რომ არა. „როდესაც ახორციელებ რადიკალურ რეფორმებს, ყოველთვის იცი, რომ ვიღაც აუცილებლად მოვა და შეეცდება მათ უკან დაბრუნებას, − ამბობს იგი. − ეს არის წრე. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას შეძლებენ. ეს რეგიონი მოძრაობს დასავლეთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მთავრობები იქნება იქ“. სააკაშვილის აზრით, საქართველო, უკრაინა და სხვა ევრაზიული სახელმწიფოები მიდიან იმავე კოჭლი კურსით დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციის მხარეს, რომლებსაც მისდევდნენ მათი ყოფილი მეზობლები, პოლონეთისა და უნგრეთის ტიპის ვარშავის ხელშეკრულების მონაწილეები, 90-იან წლებში. სხვაობა ის არის, რომ რუსეთი გადავიდა ბორის ელცინის კვაზიდემოკრატიიდან პუტინის აუტანელ და ნეოიმპერიალისტურ რეჟიმზე. პუტინი აშინებს თავის მეზობლებს სავაჭრო ემბარგოთი ან, საქართველოსთან დამოკიდებულებაში − სამხედრო ზემოქმედებით და ცბიერი ჯილდოებით იბირებს მათ მმართველებს, რომელთა ერთგულებაც ლიბერალიზმისადმი შეიძლება ვაჭრობის საგანი გახდეს. სხვა საქმეა ამერიკის შეერთებული შტატები. 90-იან წლებში კლინტონის ადმინისტრაცია აქტიურად უბიძგებდა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით. ახლა საქმიანობას აძლიერებს პუტინი, ამერიკის შეერთებული შტატები კი გაჩერდა. „არა იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან ძლიერია − ეს არის ამერიკული სისუსტის ეფექტი. ამჟამად რუსეთს მიაჩნია, რომ რაც უნდა გააკეთოს ჩვენს რეგიონში, ამერიკა რეაგირებას არ მოახდენს“. სანამ საქართველოს უკავია პროდასავლური კურსი, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელიც სათავეში ჩაუდგა სააკაშვილის დამხობას, გადაკვრით ამბობდა, რომ შეიძლება განიხილოს ევრაზიულ კავშირში შესვლის ვარიანტი. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ქართველების უდიდესი უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ევროკავშირს, ხოლო სააკაშვილის მიერ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში შექმნილი ინსტიტუტები კვლავ კარგად გამოიყურებიან. თავად სააკაშვილის მთავრობას ხშირად ბრალს დებენ იმაში, რომ იგი თრგუნავდა თავის მოწინააღმდეგეებს; მის დამარცხებას არჩევნებზე ნაწილობრივ განმარტავს სკანდალი პატიმრების მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო. ამჟამად ექსპრეზიდენტი მზად არის აღიაროს „შეცდომები“: „ყოველთვის არის ცდუნება მიიღო მეტი ხელისუფლება. ხალხი, რომელიც მოდის დემოკრატიული განზრახვებით, ჯერ ცდილობს მიიღოს მეტი ხელისუფლება, ვინაიდან მიაჩნია, რომ კეთილი განზრახვები ამოძრავებს“. „მაგრამ მათ აქედან გამოაქვთ დაკვნა. შემდგომში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, უზრუნველვყოფთ ზუსტ დემოკრატიულ პრაქტიკას − გამჭვირვალე თავისუფალ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, გამჭვირვალე დემოკრატიულ დებატებს, დემოკრატიის უფრო მაღალ დონეს“. სააკაშვილი წინასწარმეტყველებს, რომ საბოლოოდ რეფორმატორები დაბრუნდებიან საქართველოში. ამ ცოტა ხნის წინანდელ არჩევნებში მისმა პარტიამ უიმისოდ ხმების 22 პროცენტი მიიღო − ეს საკმარისია, რომ გადარჩე და გარდაიქმნე. „ეს გაფხიზლებს, − ამბობს იგი. − მე, ფაქტობრიბვად სუფთა ფურცლიდან ვიწყებ. მე არ დავღლილვარ და არ მჭირდება შესვენება, მაგრამ ჩემმა ხალხმა ჩემგან უნდა დაისვენოს“ („საქ.რესპ.“ 27 ნოემბერი, 2013). TK

    რიჩარდ მაილსი(აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში): „სააკაშვილის დიდი შეცდომა მოუთმენლობა იყო. მას სურდა, ქვეყნისთვის საკუთარი ნიშანი დაედო. ამიტომ აშენებდა პროექტებს, რომლებსაც ეკონომიკური დანიშნულება არ ჰქონდა, თუმცა ქვეყანას დიდძალი ფული უჯდებოდა. დიდი შეცდომა იყო მისი მოუთმენლობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით“ („საქ.რესპ.“ 28 ნოემბერი, 2013). TK

    ნიაზ ბოლქვაძე(აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი): „საქართველოს კარი სრულიად განუკითხავად ღიაა ყველასათვის, რითაც უფრო მეტად სარგებლობენ საქართველოს არაკეთილმოსურნენი, ვისთვისაც ჩვენი სამშობლო ძირითადად სავაჭრო და გასართობ ობიექტს წარმოადგენს... ასეთი მდგომარეობა, განსაკუთრებით მძიმედ აისახება ჩვენს რეგიონზე − აჭარაზე. არავისთვის აღარ არის უცხო ის, რომ ოსმალეთის მემკვიდრე თურქეთის სახელმწიფო არ მალავს თავის პოლიტიკურ ინტერესებს აჭარის მიმართ და მას ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ ნაწილად მიიჩნევს, ეწევა აქტიურ პროპაგანდას, რომელმაც საქართველოში 9-წლიანი რეჟიმის მმართველობის დროიდან მყარი საფუძველი ჰპოვა; ქართველთმოძულე მიხეილ სააკაშვილი ბოლო წუთამდე იბრძოდა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მოეტანა საქართველოსთვის. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ დღეს აჭარას ათასობით თურქეთის მოქალაქე, „ჩვენებურების“ ნიღბით − საქართველოს მოქალაქეობით შეესივნენ და იწყებენ ბათუმში დარეგისტრირებას, მიწების შესყიდვას... ნებისმიერი იმათგანი, ვინც შეიძლება სინამდვილეში გულწრფელიც იყოს, უპირველესად, თურქეთის მოქალაქეა, თურქული იდეოლოგიით და თურქეთის სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობით. უმრავლესობას კი წარმოდგენა არ აქვს თავის წარმომავლობაზე, ქართულ გვარზე, არ იცის ქართული, ასეთ შემთხვევაში, ცხადია, რომ საქართველო მისთვის არ არის სამშობლო და სულ სხვა ინტერესებია აქ გათვალისწინებული, რაც მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის და რაც ჩვენში სამართლიან შიშს იწვევს. ამიტომ ვახსენე ნიღბიანი „ჩვენებურები“. აჭარაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშკარად საფრთხის წინაშე დგას. სრულიად მოშლილია ეროვნული უსაფრთხოება... აუცილებელია საერთო ძალებით, ფართო საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობით კონკრეტული მოქმედებები. სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან ერთად, საჭიროდ მიგვაჩნია ორმაგი მოქალაქეობის გაცემის საკითხი პარლამენტის განსასჯელი გახდეს... იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ამ საკითხებზე, ეროვნული ინტერესების დაცვით მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარება. ამ მხრივ დიდად იმედის მომცემია პრემიერ-მინისტრად ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა, რომელმაც თავისი პრინციპულობით რეჟიმის მსახური, ჯალათად ქცეული პოლიცია სამართლიანობის დამცველ ქართულ პოლიციად გადააქცია. გვჯერა, ასეთივე პრინციპულობითა და სიბრძნით იზრუნებს ქვეყანაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად... ბათუმი-გონიო უნდა გაიწმინდოს გარყვნილების ობიექტებისგან, ბორდელებისგან, რაც დღეს მავანთათვის სამარცხვინო შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გადაიქცა, ვიზრუნოთ ეროვნული, რაინდული მენტალიტეტის აღდგენაზე, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა ქართველი კაცი. ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა, გავამახვილო დამცავი მექანიზმის ერთ-ერთ მთავარ ფორმაზე. კერძოდ, აჭარაში და მთლიანად საქართველოში არაფერი სხვა, გარდა წიგნებისა და საარქივო მასალებისა, რომლებსაც, სამწუხაროდ, ნაკლებად კითხულობს ვინმე, არ არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ აჭარა სამასი წელი ოსმალთა ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, 1877-1878 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად გახდა შესაძლებელი მისი დედასამშობლოსთან, საქართველოსთან დაბრუნება. ამიტომ, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ინიციატივით, რომელიც აერთიანებს აჭარაში მცხოვრებ ყოველი გვარის წარმომადგენელს, განურჩევლად აღმსარებლობისა და ისტორიული წარმომავლობისა, გადაწყდა დაიდგას მემორიალი, სიმბოლო, ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენის − აჭარის გათავისუფლების 135 წლის აღსანიშნავად. მემორიალისათვის ბუნებრივი გრანიტის ქვა უკვე შეძენილია საორგანიზაციო ჯგუფის წევრთა შემოწირულობებით. სამი მეტრი სიმაღლის მემორიალი, რომელსაც კლდის ფორმა აქვს, როგორც ქართველი ერის ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის სიმბოლო, საერთაშორისო საზოგადოებას, მტერსაც და მოყვარესაც ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე სამარადჟამოდ ამცნობს, რომ აჭარა ოსმალთა სამასწლოვანი ოკუპაციის შემდეგ დედასამშობლოს დაუბრუნდა. მემორიალზე ბრინჯაოთი აღბეჭდილი იქნება ამ ისტორიული მოვლენის შესაბამისი სიმბოლოები. პროექტი ხორციელდება აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ეგიდით. მოქანდაკეა დავით ბოლქვაძე, არქიტექტორი − დუგლას ზამთარაძე, იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი − ნიაზ ბოლქვაძე... აჭარა-მესხეთის გათავისუფლება ერთადერთი პრეცედენტია საქართველოს ისტორიაში, როცა საქართველომ დაკარგული ტერიტორია დაიბრუნა. აჭარის გათავისუფლების მემორიალის დადგმა და ისტორიული თარიღის საყოველთაო საზეიმო დღედ გამოცხადება, როგორც ქართველი ერის ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის სიმბოლოსი, ოპტიმიზმით განაწყობს ჩვენს თანამედროვეთ და მომავალ თაობებს, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია, ჟამთა ცვალებადობისა და ხანგრძლივობის მიუხედავად... ამ მემორიალის აღმართვა, ასევე დიდად შეუწყობს ხელს რუს და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას, რუს ხალხთან სახალხო დიპლომატიის საუკეთესო საშუალება იქნება, რადგანაც აჭარის გათავისუფლებაში სწორედ რუსეთს მიუძღვის ერთ-ერთი მთავარი როლი. ათასობით რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი შეეწირა 1877-1878 წწ. ომს. ისტორიის წინაშე არ ვიქნებით მართლები, თუ მათი ღვაწლი სათანადოდ არ დავაფასეთ“ („საქ.რესპ.“ 29 ნოემბერი, 2013). TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „უკრაინის გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოსა და უკრაინას სხვადასხვა ისტორია აქვთ, საქართველო რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულია, ვიდრე უკრაინა. რუსეთმა, შესაძლოა გამოიყენოს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად, თუმცა მჯერა, რომ ეს არ შეიძლება, სერიოზული იყოს... გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ინტერესებში საქართველოსთან პოლიტიკური უთანხმოების მოგვარება იქნება“ („საქ.რესპ.“ 29 ნოემბერი, 2013). TK