სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2004 წლის ქრონიკა

სექტემბერი

    პრაქტიკულად, ცოდვები მოხსნილია... ეკლესიისა და ქურდული სამყაროს ეს დამოკიდებულება უფრო ლოგიკურია. აქ გაცვლა-გამოცვლის პრინციპებია − ქურდები შეწყალებას ყიდულობენ“... ახლა არ გვსურს განხილვა რას ნიშნავს „ეროვნული ეკლესია“, არაეროვნული ეკლესია რაღაა? ან შეიძლება იყოს სხვა ეკლესია ქრისტეს ეკლესიის გარდა?“ („24 საათი“ 20 სექტემბერი, 2004). GK

    მამა მიქაელ ასათიანი (გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): „ ჩვენ ორო არასამთავრობო ორგანიზაცია გავხსენით: ერთია ეკლესიასთან არსებული სრულიად საქართველოს საზოგადოება „ენა, მამული, სარწმუნოება“ (მოზრდილთათვის); მეორე კი საბავშვო ორგანიზაციაა − „სულიერი ლაშქარი“... ბავშვები იკრიბებიან კვირაში ერთხელ და მსჯელობენ, ვის უნდა დაეხმარონ და როგორ... როცა ადრეული ასაკიდანვე ხედავენ, რომ მათზე გაჭირვებულად მცხოვრები ადამიანებიც არსებობენ, ადრევე უვითარდებათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ისე კი, დისციპლინასაც არ ვივიწყებთ... ვცდილობთ, რომ გონებიდან ამოვარდეს ფაშისტური, ნაციონალისტური აზროვნების ელემენტები, ვცდილობთ დავამეგობროთ სასკოლო ასაკის ბავშვები მათ ებრაელ, პროტესტანტ და სხვა სარწმუნოების თუ აღმსარებლობის თანატოლებთან... აი, თუნდაც იეღოვას მოწმეების მაგალითს მოვიყვან. საქართველოში რატომღაც ყველაზე მეტს მათზე ხმაურობენ, თითქოს ძალიან საშიში რამ იყოს. ბევრჯერ მოსულან ჩვენი მრევლის ოჯახებშიც. მე ვურჩევ, არ დაუკეტონ კარი, შეიპატიჟონ შინ, გაუმასპინძლდნენ, რითაც შეუძლიათ. არ გაექცნენ საუბარს... მონახონ საერთო ენა... ასე მრავალჯერ მომხდარა და იეღოვას მოწმეებიც ძალიან კმაყოფილნი დარჩენილან... „ენა, მამული, სარწმუნოების“ საპატიო წევრი არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი... ვინც ამქვეყნად ცუდი მოქალაქე იყო, არამგონია, ზეციურ სასუფეველში კარგი იყოს... ბასილი კესარიელი სენატორის ვაჟი იყო და რომის იმპერიის სახელმწიფოებრივ პრინციპებზე იყო აღზრდილი... ეკლესიამაც უნდა მოამზადოს ერი, მისი ახლაგზარდა თაობა ევროკავშირში შესასვლელად. უნდა ამოძირკვოს ყველაფრისადმი ეთნიკური მიდგომა, რომელიც ახლა ასეა გავრცელებული. ეროვნული თვითშეგნება, რომლის შესახებ ახლა ამდენს ლაპარაკობენ, ეთნიკურ კი არა, ნაციონალურ პრინციპებზე უნდა იყოს დამყარებული. მაგალითად, მახსოვს, სიონში ბაპტისტთა გუნდი გალობდა. რა იყო ამაში ცუდი? ისინი ხომ ჩვენი სისხლი და ხორცი, საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენ უნდა დავიცვათ მათი უფლებები... ახლანდელი ხელისუფლების მსგავსი ეროვნული ხელისუფლება არც ერთი არ ყოფილა... უკვე დაისახა გრძნობიერი პატრიოტიზმიდან არსებით მოქალაქეებზე გადასვლის გზა. საქართველოში ხომ მოქალაქეობა თითქმის არ ყოფილა. ამ ხელისუფლებამ კი მოასწრო იმის ჩვენება, რომ მტკიცე ნება აქვს, ემოციებიდან და ცარიელი სიტყვებიდან საქმის კეთებაზე გადავიდეთ“ („24 საათი“ 23 სექტემბერი, 2004). GK

    ნოდარ ლადარია: „თავის წიგნში „საქართველო: ძალაუფლების დაბრუნება“ გიგი თევზაძე წერს: „დღევანდელ საქართველოში ტაბუდადებული თემებია ნარკობიზნესი, იარაღით ვაჭრობა, ეკლესია, კაზინოების ბიზნესი“...
    2004 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მედიამ გვაუწყა, რომ საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა... თავიდანვე პრეზიდენტს მოახსენეს: სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა იძაბება! საუბრის განმავლობაში კი განიხილეს სამი თემა:

    1. 11 სექტემბერს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გასული თოქ-შოუ, რომელიც ტერორიზმის თემისადმი იყო მიძღვნილი. საპატრიარქოს მხარემ, ეს გადაცემა რატომღაც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ დადებული ნაღმის აფეთქებად აღიქვა... საპატრიარქოს მხარემ, შეშფოთება გამოთქვა, იმის გამო, რომ პირველმა არხმა (მათი გაგებით, ეს ხომ სახელმწიფო არხია!) ის გაბედა, რაც „რუსთავი 2“-საც კი არ გაუბედია! პრეზიდენტმა ეს შეტევა იმით მოიგერია, რომ საეკლესიო პერიოდიკასა და საპატრიარქოს რადიოში ხელისუფლების წევრებს მასონებს ეძახიან და მათ წინააღმდეგ მოუწოდებენ...
    2. 5 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა დმანისში, სადაც დმანისელი ეპისკოპოსი, ზენონის მიერ დაჯილდოვდა მეფე ვახტანგ მესამის სახელობის ორდენით. ავტოკეფალიურ ეკლესიებში (საბერძნეთი, რუმინეთი, რუსეთი) არსებული ტრადიციების თანახმად, ცალკეულ ეპარქიებს აქვთ საპატიო ორდენის დაარსების უფლება. ეს ორდენები არანაირ შეღავათებს ან განსაკუთრებულ უფლებებს არ გულისხმობს და მხოლოდ პატივისცემის ნიშანია. სწორედ მსგავსი ორდენი შემოიღო ეპისკოპოსმა ზენონმა და პირველი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭა. საპატრიარქოს მხრიდან, პრეზიდენტმა ამისთვის საყვედური მიიღო: თურმე მეუფე ზენონს ორდენის დაარსების უფლება არ ჰქონდა, თვით ორდენი კი „ყალბია“...

    სხვათაშორის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზურაბ ჟვანიამ მიღებაზე უარი უთხრა ორ მღვდელმთავარს: დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტს, აბრაამს და დმანისელ ეპისკოპოსს, ზენონს − პრემიერ-მინისტრსა და საპატრიარქოს ერთნაირი სიმპათია-ანტიპათიები აღმოაჩნდათ, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად შენიღბული...

    1. რამდენიმე წლის წინათ შევარდნაძის მთავრობამ საპატრიარქოს გადასცა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე ჩოლოყაშვილების ისტორიული სასახლე, მის გვერდით არსებული წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი და ღვინის ქარხანა. საპატრიარქომ გაერთიანებული ქართული ბანკის საშუალებით გერმანული კომპანია „KFA“-სგან აიღო დიდი კრედიტი, რომლის გარანტად ჩადო სამივე ხსენებული შენობა (მათ შორის ტაძარი!). ახლა საპატრიარქოს ვალი ნახევარ მილიონ ევროს აღწევს. გარდა ამისა, დაუგროვდა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე გადაუხდელი გადასახადები. პრეზიდენტს სთხოვეს ამ სახელმწიფო ვალების ჩამოწერა. ამის საფუძვლად კი დასახელდა  საკონსტიტუციო ხელშეკრულებით არსებული მუხლი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციის შესახებ...

    გაუგებარია, რა იურიდიულ თუ უბრალოდ ზნეობრივ საფუძველზე შეიძლება დააგირავოს საპატრიარქომ ისტორიული ძეგლი და ეკლესიის შენობა...
    საპატრიარქო ეცადა სამ რამეს: 1) თავი დაეცვა იმ საზოგადოებისაგან, რომლის თავისუფლებისა და ღირსებისთვის თავგანწირული ბრძოლა მართებს; 2) თავი დაეცვა იმ სანქციებისაგან, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა სამართლიანად აკისრებს ყველა იურიდიულ პირს; 3) მოეხდინა ხელისუფლებასთან ნებისმიერი კავშირის მკაცრი რეგლამენტიზაცია. არც ერთი ამ მცდელობათაგანი არ ასახავს ეკლესიის უზენაეს დანიშნულებას − საპატრიარქო მხოლოდ შუასაუკუნოებრივ ან ადრეული აბსოლუტიზმისთვის დამახასიათებელ პრივილეგიებს ითხოვს...
    სამწუხაროდ, ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური რეიტინგი საქართველოში ყოველთვის იმაზე დაბალი იყო, ვიდრე ეს პიროვნება რეალურად იმსახურებს. უკვე გვაქვს იმის გამოცდილება, რომ ამ ვითარების გასანეიტრალებლად მას ერთგვარი გარეგანი საშუალება სჭირდება. ფუნქცია, რომელიც 2003 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურმა დაჯგუფებამ შეასრულა, ამჯერად საქართველოს საპატრიარქოს დაეკისრა. ეს მდგომარეობა კი, ბუნებრივია, გარკვეულ იმედებს უღვიძებს მიტროპოლიტ დანიელსაც...
    როცა ქვეყანა ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაშია, მსგავსი წვრილმანებით მისი უპირველესი ხელისუფალის შეწუხება, სხვა თუ არაფერი, გემოვნების ნაკლებობაა. მიხეილ სააკაშვილის რეაქცია სრულიად ადეკვატური იყო: ის გამზადებულ საგანგებო ვახშამზე არ დარჩა“  („24 სთ.“ 17 სექტემბერი, 2004).GK

    ნინო ცინცაძე: „ილია მეორის განცხადებით, „უნდა გავითვალისწინოთ ის შენიშვნები, რაც საზოგადოებაში არსებობს. არ არის აუცილებელი დასავლური ტრადიციების პირდაპირ გადმოტანა. ჩვენ ჩვენი ღირებულებები გვაქვს...“− პატრიარქმა ეს სიტყვები სწორედ მას შემდეგ განაცხადა, რაც განათლების სამინისტროში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა და განათლების კანონპროექტს ცალსახად და კატეგორიულად დაუჭირა მხარი. ეს თავისთავად უცნაურია, რადგან ამ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება პატრიარქისგან პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოსვლას მიჩვეული არ არის. თუმცა, საზოგადოებისთვის ისიც ნათელია, რომ განათლების სამინისტროსა და მის მინისტრს, როგორც სოროსის ფონდის ყოფილ დირექტორსა და, შესაბამისად, ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების აქტიურ დამცველს, საეკლესიო წრეების ზოგიერთი წარმომადგენელი ებრძვის...
    რუსთაველი მღვდელი, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი პირველი არხის ტელევიზიის ეთერით პირდაპირ იმუქრებიოდა, 20 სექტემბერს ბავშვებს სკოლაში არ გავუშვებთო...
    განათლების სამინისტროსა და განათლების კანონპროექტის წინააღმდეგ კანცელარიის წინ ორი მიტინგი გიმართა. ორივე მიტინგზე საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლებიც იყვნენ: მღვდელი იოსებ გოგოლაძე, დეკანოზი ალექსანდრე ბოლქვაძე და საპატრიარქოს განათლების განყოფილების თავმჯდომარე პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. ეს უკანასკნელი განათლების სამინისტროში პატრიარქსაც ახლდა. ოღონდ „ვითარცა უწმინდურ ადგილას“, იქ ჯვრის გარეშე იყო მისული. აქვე იყვნენ სასულიერო აკადემიის რექტორი, ახალციხის მთავარეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე და სასულიერო აკადემიის პრორექტორი დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, რომელმაც თავის დროზე განაცხადა: „სასულიერო აკადემიას განათლების სამინისტროსგან  მიღებული დაფინანსება არ სჭირდება, რადგან ეს სამინისტრო ფულს სოროსისგან იღებსო“... სოროსისგან ხელფასის დანამატს განათლების მინისტრი იღებს, ისევე როგორც სხვა მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტი... თუმცა სასულიერო აკადემია წელიწადში 2 მილიონს ბიჯეტიდან მაინც იღებს... ასე რომ, საპატრიარქო ნებსით თუ უნებლიეთ, პრეზიდენტს აშკარად გაემიჯნა და ბაღათურიას, ნათელაშვილისა და ნათაძის რიგში ჩაიყენა თავი“ („24 სთ.“ 20 სექტემბერი, 2004).GK

    გიორგი კაპანაძე (ჯორჯიან თაიმსის მთავარი რედაქტორი): „პარლამენტში ნაციონალები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჟვანიას მალე დაიფრენს, თუმცა ვიდრე საქართველოს პირველი პირი პრემიერ-მინისტრს კანცელარიიდან გააძევებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კემულარიამ დაიფრინა მოსამართლეები... კაცი ჯერ გამსახურდიასთან იყო, შემდეგ ინვალიდთა ფულის შეხრამუნებაში ადანაშაულებდნენ, ბოლოს სექსუალური ნივთებით ვაჭრობაში დასდეს ბრალი, მაგრამ მაინც გაიჩალიჩა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა და ახლა პირველი წყვეტს მტყუან-მართალს...
    სამაგიეროდ, იტანჯება ქართველი, აჭარელი გენერალი დუმბაძე, რომელიც დღემდე სამშობლოს ღალატის ბრალდებით ციხეში ზის. თუმცა ამტკიცებს, რომ მას საქართველოსთვის არასოდეს უღალატია და მხოლოდ ერთი კაცის პატიმარია...
    „მე პოლიტიკური დევნილი ვარ“, − ამბობს ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი, ლევან პირველი. მისი, ერთ დროს, პარლამენტარებს გასასროლად შემზადებული თოფივით ეშინოდათ, მაგრამ ახლა იგი ჩვენგან შორს − ავსტრიაშია  და ხელისუფლებას იქიდან აკრიტიკებს...
    საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობს ათასობით ქართველიც, რომელსაც რელიგია შეუგინეს, განათლება დაუწუნეს, სამსახური დაატოვებინეს და ბედის ანაბარა მიაგდეს. ისინი კი კვლავ იჭერენ, იპარავენ და „რეფორმატორობენ“ („ჯორ. თაიმ.“ 21-28 სექტემბერი, 2004).GK

    გიორგი არჩემაშვილი: „იარაღის უკანონო ტარებაში ეჭვმიტანილ გოჩა ტაბატაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას შემდეგ, რაც იგი პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს, გაჩნდა ვერსია, რომ პოლიციელები მას ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. კაკო სამხარაძის (იგულისხმება გოჩა ტაბატაძის ადვოკატი) განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ჯალათებს არ სჯის... გოჩა ტაბატაძეს კი იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს, რაც მალე დადასტურდება“ („ჯორ. თაიმ.“ 21-28 სექტემბერი, 2004).GK

    ეკა სეხნიაშვილი: „ბურჯანაძესა და ჟვანიას შორის შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ბურჯანაძის კანდიდატი ჟვანიამ რამდენჯერმე დაბლოკა... ჟვანია ბიწაძესაც გადაწვდა და მის მეუღლესაც. ერთს ხმამაღალ საყვედურს მთავრობის თათბირზე აძლევენ, ხოლო მეორეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პროტოკოლით ეძახიან და მოწვეული სტუმრის საშვს უწერენ. სამაგიეროდ, ბურჯანაძე ჟვანიას მთავრობის შეკოწიწებულ ბიუჯეტს არ აძლევს საშვს და „დაუხვეწავ, ნაჩქარევ და გაუმართავ“ კანონს მთავრობის კანცელარიიდან კინწისკვრით აბრუნებს.  ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარის „ხუშტურს“ ჩვეული ირონიით ხვდება და ბიუჯეტს გულში იხუტებს: „ეს ხელოვნური დამოკიდებულება და კრიზისის შექმნა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. თუკი ქალბატონ ნინოს რამე რეალური პრეტენზიები აქვს, ტელეეთერში დავსხდეთ და ერთი ვნახოთ, რა არ მოსწონს“... ჟვანია ბურჯანაძის წკიპურტებზე მისთვის უჩვეულოდ ენთება და შევარდნაძისეული ხელისუფლების ინტრიგებზე საუბრობს. ბურჯანაძეს ის „ინტრიგნად“ ნათლავს და „ბიუჯეტს“ რეფორმატორულად აფასებს“ („ჯორ. თაიმ.“ 21-28 სექტემბერი, 2004).GK

    ასლან აბაშიძე: „აჭარიდან არავითარი ქონება არ გამიტანია, მითუმეტეს, რომ საქართველო ქვეყნის პრეზიდენტთან შეთანხმებით მოულოდნელად დავტოვე, რადგან ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროვოცირებას. კერძოდ, როცა აჭარაში უამრავი „რევოლუციონერი შემოიჭრა, ჩემს პატრულს რაღაც უთხრეს და სროლა დაიწყო. ამ დროს ჩემთან იმყოფებოდა იგორ ივანოვი, იგი კაბინეტში დავტოვე და ხალხში გამოვედი. ჩემი ძალისხმევით მაშინ სისხლისღვრა ავიცილეთ თავიდან. მანამდე კი, როცა ადმინისტრაციულ საზღვართან ჯარი იდგა, იძულებული გავხდით, რომ ხიდები დაგვეშალა, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლი აუცილებლად დაიღვრებოდა. რაკი ვნახე, რომ „რევოლუციონერები“ ყველაფერზე მიდიოდნენ, ვარჩიე საქართველო დამეტოვებინა“ („ჯორ. თაიმ.“ 21-28 სექტემბერი, 2004). GK