სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
ს ი ნ ე რ გ ი ა

მამულიშვილთა მოსახსენებელი

გაგრძელება

    ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი, ნიკო ბური _ 80 (1868, მუხრანი _ 1933, თბილისი), ინგლისელებისა და ბურების ომის (1899-1902) აქტიური მონაწილე. წარმოშობით ეკუთვნოდა ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს.1899 წ. პეტერბურგს გაემგზავრა, იქიდან _ პარიზში, შემდეგ მარსელზე გავლით ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ჩავიდა. იმ ხანებში დაიწყო ინგლის-ბურების ომი. ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ახლოს გაეცნო ტრანსვაალის პრეზიდენტს პაულუს კრიუგერს, გამოჩენილ სარდლებს _ პეტრუს ჟუბერსა და ლუის ბოტას. ბურების დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი მონაწილეობდა პარტიზანულ მოძრაობაში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინგლისელებმა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ, როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა შეუცვალეს წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. ბაგრატიონმა დაწერა მოგონებების წიგნი „ბურებთან”. პირველ ნაწილში აღწერა თავისი ოჯახის თავგადასავალი, XIX ს-ის II ნახევრის საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები, მეორე, უფრო ვრცელი ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს და თავის მონაწილეობას ამ ომში.

    მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძე _ 150 (ძვ. სტ. 24.12.1862 _ 21.12.1937). დიდი ქართველი კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საოპერო მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
    მ. ბალანჩივაძემ დაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც მღეროდა ვაჟთა გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვლადიმერ აღნიაშვილი. იგი ბალანჩივაძის ვოკალური მონაცემებით თავიდანვე დაინტერესდა.
    სემინარიაში სწავლისას თავად ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა-გალობას ასწავლიდა. 1880 წელს, თბილისში გადმოსვლის შემდეგ, ლოტბარ აუშევის რეკომენდაციით ჩაირიცხა საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში და გუნდის ხელმძღვანელის თანაშემწედაც დაინიშნა. 1880 წლის დეკემბრიდან, ფილიმონ ქორიძის ინიციატივით მიიწვიეს თბილისის ოპერის გუნდში, სადაც მალევე შეასრულა სოლო პარტიები ოპერებში „ევგენი ონეგინი“ (ზარეცკი) და „ფაუსტი“ (ვალენტინი).
    1882 წელს მ. ბალანჩივაძემ ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი და მომდევნო წელს თბილისში ხალხური სიმღერების პირველი საჯარო კონცერტი გამართა. 1883-86 წლებში, ხალხური საგალობლების ჩაწერის მიზნით, ფილ. ქორიძესთან ერთად შემოიარა საქართველო. 1886 წლიდან კვლავ აღნიაშვილთან მღეროდა და 3 წელი ხელმძღვანელობდა კიდეც ამ გუნდს. მ. ბალანჩივაძემ პირველმა წარუდგინა ფართო აუდიტორიას ქართული რომანსების პირველი კლასიკური ნიმუშები _ „ნანა“, „შენ გეტრფი მარად“ და „როდესაც გიცქერ“.
    1889-1895 წლებში სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში ვოკალის სპეციალობაზე, ჯერ სამუსთან, შემდეგ კი კომპოზიციის განხრით რიმსკი-კორსაკოვთან. 28 წლის განმავლობაში მ. ბალანჩივაძე აქტიურად და დაუღალავად მოღვაწეობდა რუსეთში, პროპაგანდას უწევდა ქართულ სამუსიკო ხელოვნებას, მართავდა ქართული სულით გაჯერებულ დაუვიწყარ საღამოებს; იქვე შექმნა ოპერა „თამარ ცბიერი“ (ლიბრეტოს ავტორი ვ. ველიჩკო). 1907 წ. მანვე დააფინანსა მიხეილ გლინკას წერილების გამოცემა (სულ 250 წერილი), რომელიც დღემდე უდიდესი ინტერესით სარგებლობს მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების მოყვარულთა შორის.
    1917 წელს მ. ბალანჩივაძე სამშობლოში დაბრუნდა და მეორე წელსვე ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი (დღეს მის სახელს ატარებს). აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ოპერის თეატრის რეორგანიზაციაში; იყო „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარე, „საქართველოს სამუსიკო საზოგადოების“ თავმჯდომარე. ხელმძღვანელობდა განათლების სახალხო კომისარიატის სამუსიკო განყოფილებას, ბათუმისა და ქუთაისის სამუსიკო სკოლებს. არის სიმფონიური ორკესტრებისა და საგუნდო მარშების ავტორი. დაკრძალულია ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში.

    კონსტანტინე სპირიდონის ძე ბაქრაძე - 115 (24.11. 1898, თბილისი _ 28.04. 1970, იქვე). ქართველი ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943).
    1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1923-1925 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში. მუშაობდა ედმუნდ ჰუსერლთან (1859 – 1938 წწ. გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ტრანსცენდენტული ფენომენოლოგიის ფუძემდებელი), მ. ჰაიდეგერთან (გერმანელი ფილოსოფისი, XX საუკუნის ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელი). 1930 წლიდან თსუ პროფესორია. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის ისტორიისა და ლოგიკის კათედრებს. მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენდა _ ფილოსოფიის ისტორია, ლოგიკა, შემეცნების თეორია. დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული დიალექტიკის ისტორიის საკითხების დამუშავებაში. ფილოსოფიური სკოლების _ ნეოკანტიანელობის, ფენომენოლოგიის, პრაგმატიზმის, ეგზისტენციალიზმის მკვლევარი; კ. ბაქრაძემ სიცხადე შეიტანა ფილოსოფიის ბევრი ძირითადი ცნებისა და თეორიის გაგებაში, სსრ კავშირში ერთ-ერთმა პირველმა დასვა და თავისებურად გადაწყვიტა ფორმალურ და დიალექტურ ლოგიკას შორის დამოკიდებულების პრობლემა, დაუპირისპირდა გაბატონებულ შეხედულებას, რომელიც უარყოფდა ფორმალურ ლოგიკას. ასევე პირველმა გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო (1946 წ., რუსულ ენაზე _ 1955 წ.). ჟურნ. „Вопросы философии“ (1950, # 2) ფურცლებზე დაბეჭდილი მისი სტატიით _ „ლოგიკისა და დიალექტიკის დამოკიდებულების საკითხისათვის“ _ დაიწყო საკავშირო დისკუსია ლოგიკის ძირეულ პრობლემებზე.

    აკაკი იონას ძე ბელიაშვილი - 110 (11.04. 1903, სოფ. ქორეთი, საჩხერე _ 14.02. 1961, თბილისი). ცნობილი ქართველი მწერალი, კინოდრამატურგი, პუბლიცისტი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ბელიაშვილი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 20-იან წლებში „ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე. თავის ნაწარმოებებში (მოთხრობათა კრებულები: 1933, 1935, 1937 წწ.) ა. ბელიაშვილი ქართველი ხალხის ყოფასა და შრომას წარმოსახავს; სატირულ-იუმორისტულ მოთხრობებში „მეზობლები“ (1935 წ.), „უცნობი“ (1936 წ.), „ქსენოფონტეს გასაჭირი“ (1936 წ.), „იუსტინეს ხაფანგი“ (1938 წ.), „მამონას ცდუნება“ (1940 წ.) და სხვ., მწერალი ამხელს წარსულის გადმონაშთებს, დასცინის მავნე ჩვევებს, მომხვეჭელობასა და მეშჩანობას. ა. ბელიაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია სამტომიანი ისტორიული რომანი „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“ (1945-1948 წწ.), რომელშიც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება. რომანში „ოქროს ჩარდახი“ (წ. I, 1952 წ.) კვლავ ბესიკის თავგადასავალია გადმოცემული, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენათა ფონზე. დიდ სამამულო ომს ეძღვნება რომანი „უღელტეხილი“ (1956 წ.). რომანში „ვეფხია ხალიბაური“ (ნაწ. 1-2, 1959-1960 წწ.) ა. ბელიაშვილი ასახავს ქართველი მეტალურგების შრომასა და ყოფას. ახალგაზრდობის შრომის ასახვა დაედო საფუძვლად დაუმთავრებელ რომანს „შვიდკაცა“ (1960). ა. ბელიაშვილის სცენარებით შეიქმნა ფილმები: „ცანის ხეობის საუნჯე“ (1941 წ.), „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (1954 წ.) და სხვ. მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიებიც.

    ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი _ 145 (23.04.1868, თბილისი-28.06.1941, სოხუმი). გამოჩენილი ქართველი სამხედრო, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი. დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 10 წლის ანდრია მამამ თბილისის კადეტთა კორპუსში მიაბარა, სადაც იგი შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. მისი დამთავრების შემდეგ ა. ბენაშვილი შედის მოსკოვის ალექსანდრეს სახელობის სამხედრო სასწავლებელში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 18 წლის ასაკში. წარჩინებულ კურსდამთარებულს უფლება ჰქონდა, აერჩია მომავალი სამუშაო ვაკანსია და 1887 წელს იგი თბილისშია, სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში. იგი სამხედრო სამსახურით არ იზღუდება და მშობლიური ხალხის კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილე ხდება. ამ პერიოდს ეკუთვნის ა. ბენაშვილის ლიტერატურული მოღვაწეობაც. იგი აქვეყნებს რამდენიმე მოთხრობას, ხოლო „ივერიაში“ იბეჭდება მისი პიესები _ „დაუსრულებელი ამბავი, ანუ თელაველი ოტელო“, „დროთა ბრუნვა“ და სხვ.
    1896 წელს იგი ჩაირიცხა გენერალური შტაბის აკადემიის გეოდეზისტურ განყოფილებაზე. 1899 წ. იგი ორი წლით იგზავნება პულკოვოს მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში, სადაც წერს დისერტაციას, რომელიც გენშტაბის აკადემიის კონფერენციის მიერ აღიარებულ იქნა თვალსაჩინო მეცნიერული მიღწევად. მას დაუყოვნებლივ ნიშნავენ ტრიანგულაციის (გეოდეზიის მიმართულება) დასავლეთის სასაზღვრო სივრცის სამმართველოს უფროსად. 1902 წლიდან მას იწვევენ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრის გამგედ და ა. ბენაშვილი იწყებს უმაღლეს სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას, რაც თითქმის 40 წელი გაგრძელდა. 1905 წელს პარალელურად ასრულებს გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრის გამგის მოვალეობებს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე გენერალური შტაბის ოფიცერთა დიდი ნაკლებობის გამო იგი მოქმედ არმიაში მიდის და აღწევს გენერალ-ლეიტენანტის ჩინს. 1918 წლიდან იგზავნება კავკასიის ფრონტზე არმიის უფროსის თანამდებობაზე.
    ანდრია ბენაშვილის ჩამოსვლა ქართული უნივერსიტეტის გახსნის დამამთავრებელ ეტაპს ემთხვევა. იგი ღირსეულად ჩადგა ივ. ჯავახიშვილისა და მისი მეგობრების რიგებში და სავსებით დამსახურებულად ითვლება ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებლად. პეტრე მელიქიშვილი და ანდრია ბენაშვილი პირველი პროფესორები იყვნენ ბუნებისმეტყველების დარგში. მათ შემდგომში ანდრია რაზმაძეც შეუერთდა. 1919 წელს პროფ. ა. ბენაშვილს დაევალა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანობა. ა. ბენაშვილი თავმჯდომარეობდა პროფესორთა საბჭოს იმ სხდომას, სადაც ივ.ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.
    პროფ. ა. ბენაშვილი არის გეოდეზიის სწავლების დამწყები საქართველოში. იგი ყველა იმ წინასწარ მოსამზადებელი საორგანიზაციო ღონისძიების აქტიური მონაწილეა, რომელმაც შესაძლებელი გახადა 1922 წლის იანვრიდან თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნა. უმაღლესი ტექნიკური განათლების სარბიელზე იგი გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა და უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველ ინჟინერთა კადრების აღზრდაში. გენერალ-ლეიტენანტი ა. ბენაშვილი თბილისის სამხედრო სასაწავლებელის უფროსი იყო, რომელიც მალე დაიხურა. მისი მეცადინეობით, სასწავლებლის ძვირადღირებული ქონება უნივერსიტეტს გადაეცა. ასევე მისი წყალობით, ყოფილი კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის ბიბლიოთეკიდან წიგნების მნიშვნელოვანი ფონდი გადაეცა თბილისის უნივერსიტეტს. იგი იყო, აგრეთვე, ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში გეოგრაფიის ინსტიტუტის შექმნისა. პროფ. ა. ბენაშვილი გარდაიცვალა სოხუმში. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

    ვახტანგ ბერიძე _ 100 (1914 _ 2000), ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორი (1973-1988), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
    1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საარქიტექტურო განყოფილება, 1936 წლიდან დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. ბერიძის ნაშრომებში განხილულია ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები ადრინდელი ფეოდალური ხანიდან. მის გამოკვლევაში „სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები“ (1955) ასახულია ქართული არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ხოლო ნაშრომები „საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა“ (კრებულში Архитектура республик Закавказья, М., 1951) და „ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია“ (1955) პირველი ნაბიჯებია ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესწავლის დარგში. ვ. ბერიძის კრიტიკული ხასიათის წერილებში, სტატიებსა და ნარკვევებში განხილულია თანამედროვე მშენებლობის, ქალაქთა ძველი რაიონების დაცვის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ეროვნული არქიტექტურის საკითხები.

    გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი _ 150 (9/21.11.1862 _ 28.10.1936, თბილისი). 1882-1883 წლებში სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში. იმავე წლებში თანამშრომლობდა ფრანგ ბატალისტ ფრანც რუბოსთან, რომელიც ხატავდა სურათებს თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისათვის. 1886-1888 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ბ. ვივალდეს ჯგუფში, ხოლო 1894-97 წლებში მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. მოღვაწეობდა შუა აზიაში, იტალიასა და საბერძნეთში, სადაც შექმნა დაუვიწყარი ტილოები და ჩანახატები. 1891 წელს თბილისში გახსნა პირველი პერსონალური გამოფენა, რომელმაც იმთავითვე აღფრთოვანება გამოიწვია სახვითი ხელოვნების მოყვარულებისა.
    გ. გაბაშვილმა პირველმა დაამკვიდრა ევროპული მხატვრობის ფორმები საქართველოში და თემატურად გააფართოვა ქართული მხატვრობა. მისი შემოქმედების მწვერვალებია _ ილია ჭავჭავაძის (1907-1908), აკაკი წერეთლის (1913), გრიგოლ ორბელიანის (1913) და სხვათა პორტრეტები. ასევე განსაკუთრებულია ნამუშევრები _ „უცნობი თავადი“, „სამი გენერალი“, „მთვრალი ხევსური“, „სამი მოქალაქე“, „მძინარე ხევსური“ და სხვ. (1898-1910 წლები). მან ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას. საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრების განვითარებას, ეროვნული სული შთაბერა თავის ნამუშევრებს, რომლებშიც ფერწერულ ოსტატობასთან ცხოველი კოლორიტი იყო შერწყმული.
    1897 წელს თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, იყო „ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების“ ხატვის სკოლის პედაგოგი და დირექტორი (1898-1920), ასევე მისი უდიდესი ღვაწლითა და თანამონაწილეობით თბილისში დაარსდა სამხატვრო აკადემია, სადაც თავადვე იყო პირველი პროფესორი (1922 წ.). მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება (1929).

    კონსტანტინე გამსახურდია _ 120 (1893, სოფ. ძველი აბაშა _ 17.07. 1975, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. კ. გამსახურდია დაიბადა სიმონ გამსახურდიასა და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი ისწავლა სოფლის სამრევლო სკოლაში. მოგვიანებით მიაბარეს ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1904 წელს. ამის შემდეგ ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩაირიცხა, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის,ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
    სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX ს-ის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), „ილიონი”, „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს. ავტორია რომანებისა: დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, გოეტეს ცხოვრების რომანი, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა, დავით აღმაშენებელი, ვაზის ყვავილობა, აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი, „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის დასავლეთის ფრონტი უცვლელია და სხვ.
    1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.

    გივი ილიას ძე გეგეჭკორი _ 80 (24.01.1933, თბილისი _ 1999, თბილისი). მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. 1956 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ ლიტერატურულ მუშაკად, პოეზიისა და პროზის განყოფილების გამგედ, მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატორ-კონსულტანტად. არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად (1963), მინიჭებული ჰქონდა აკაკი წერეთლისა (1995) და შოთა რუსთაველის (1998) სახელობის სახელმწიფო პრემიები. ავტორია ლექსებისა და პოემების ათზე მეტი კრებულისა (1963-1998), წერილების კრებულის „სიკეთის ტოტი“ (1985), საბავშვო წიგნისა „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება“ (1997), „ფრანგული პოეზიის ანთოლოგიისა“ (1990). შესანიშნავად ფლობდა ფრანგულ ენას და ქართულ ენაზე პროზისა და პოეზიის შედევრებს თარგმნიდა.

    გაგრძელება