სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

2013 წლის ქრონიკა

ნოემბერი

    ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, რამდენიმე დღეში, განცხადებას გააკეთებს ერთ-ერთი კომპანია, რომელიც საქართველოდან გასვლას იმის გამო აპირებდა, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არ იყო. „საქართველოში ამ კომპანიას, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ძალიან დაზარალდა, დაახლოებით 200-300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა შემოტანილი, ამ კომპანიას ყველა ის პრობლემა მოვუგვარეთ, რაც თქვენ შეუქმენით“, − მიმართა ნაციონალებს პრემიერმა, რომლის ინფორმაციითაც, წინა მთავრობას 30-მდე ქვეყანასთან ჰქონდათ შეჩერებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება, ვინაიდან საკუთრების უფლების დარღვევის უამრავი შემთხვევა არსებობდა. მისი შეფასებით, ინვესტორებს საქართველოში შემოსვლის ეშინოდათ“ („საქ.რესპ.“ 23 ნოემბერი, 2013). TK

    ირაკლი ღარიბაშვილი: „როგორც ბიძინამ ბრძანა, თითოეული ქართველი ჩვენთვის ძვირფასია. გეგმები გვაქვს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველების დაბრუნების პროცესი დავაჩქაროთ“ („საქ.რესპ.“ 23 ნოემბერი, 2013). TK

    ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. ასოცირების ხელშეკრულება შედგება ოთხი ძირითადი თავისგან, რომლებიც მოიცავს ერთობლივ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, სამართალს და საშინაო საქმეებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. მეოთხე თავი რამდენიმე საკითხს ფარავს − მათ შორის, გარემოს დაცვას, მეცნიერებას, ტრანსპორტს და განათლებას. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან მიმართებით შემუშავებულ ასოცირების ხელშეკრულებას მნიშვნელოვანი ფაქტორი განასხვავებს იმ ხელშეკრულებებისაგან, რომლებიც ევროკავშირმა ზოგიერთ სხვა ქვეყანას შესთავაზა. საუბარია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ამუშავების პირობაზე. ამაზე ხელის მოწერით აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები აცხადებენ მზაობას, დანერგონ ევროკავშირის კანონმდებლობის ის ელემენტები, რომლებიც ეხება ვაჭრობას, მომხმარებლის დაცვას და გარემოსდაცვით რეგულაციებს. ქვეყნებს, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის 350-მდე კანონის დანერგვა მოუწევთ. ამასთან, ამ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს გზა გაეხსნებათ ევროკავშირის 500 მილიონი მომხმარებლისა და ბაზრისკენ, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 12,9 ტრილიონ ევროს უტოლდება. ვილნიუსში 28 და 29 ნოემბერს დანიშნული სამიტის პროგრამით გათვალისწინებულია უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, − თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს მოხდება თუ არა, − ხოლო საქართველომ და მოლდოვამ ხელშეკრულებების ინიცირება უნდა მოახდინონ. რაც შეეხება დროის იმ მონაკვეთს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას ხელმოწერიდან ამოქმედებისთვის ესაჭიროება, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ესა თუ ის ქვეყანა ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, დოკუმენტის რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უნდა მოახდინონ და ამ პროცესს შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს. პარალელურად, როცა ხელშეკრულების რატიფიკაციას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყანა მოახდენს და ხელშეკრულებას ევროპის პარლამენტიც დაამტკიცებს, დაიწყება ხელშეკრულების ზოგიერთი ნაწილის წინასწარი დანერგვა − მაგალითად, ვაჭრობის სფეროში. უკრაინა თუ ვილნიუსში ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, ეს პროცესი შეიძლება უკვე 2014 წლის მარტში დაიწყოს... ეს ქვეყნები(საქართველო და მოლდოვა) ვილნიუსში ხელშეკრულებების ინიცირებას მოახდენენ, ხოლო ხელშეკრულებების ხელმოწერა მოხდება არაუგვიანეს 2014 წლის სექტემბრისა. ხელშეკრულებების წინასწარი დანერგვა 2015 წლის დასაწყისიდან უნდა მოხდეს... რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების მიმართებას ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივასთან, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ აღმოსავლელი პარტნიორებისთვის შეთავაზებული ასოცირების ხელშეკრულებები არ მოიცავს ევროკავშირის წევრობისკენ გზას, თუმცა, ამას არც გამორიცხავს. ამდენად, ხელშეკრულების ეს ვარიანტი არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორიც თავის დროზე იყო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებები, რომლებიც ითვალისწინებდა ევროკავშირის წევრობისკენ გზას. თუმცა, შეთანხმება, რომელსაც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს სთავაზობენ, მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე, მაგალითად, ტუნისისა და მაროკოსთვის შეთავაზებული დოკუმენტები, რომლებიც გამორიცხავდა საბოლოო გაწევრების პერსპექტივას. ხორვატიას, მაგალითად, ბრიუსელთან სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების გადაფორმების შემდეგ 12 წელი დასჭირდა ევროკავშირში გასაწევრებლად. თურქეთმა ასოცირების ხელშეკრულება 1962 წელს გააფორმა, ევროკავშირის წევრობისკენ გზის გახსნას კი კვლავაც ელოდება... აზერბაიჯანს კიდევ, სულ მცირე ერთი წელიწადი დასჭირდება მოლაპარაკებისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელშიც გათვალისწინებული არ იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის კომპონენტი, რადგან ბაქო ჯერ არ არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. სომხეთმა ახლახან უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ამის ნაცვლად რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში აპირებს გაწევრებას. ეს ნიშნავს, რომ ვილნიუსში არანაირ ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი, გარდა შესაძლო პოლიტიკური დეკლარაციისა, რომელიც ხაზს გაუსვამს ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ორმხრივ პოლიტიკურ ნებას. ბელორუსია უკვე არის რუსეთის საბაჟო კავშირის წევრი. ყველაზე ბევრი, რასაც ეს ქვეყანა შეიძლება ელოდეს, იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს გამონახვა, ვინაიდან დღეს ამ ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობა კვლავაც საბჭოთა პერიოდის შეთანხმებას ეყრდნობა („საქ.რესპ.“ 23 ნოემბერი, 2013). TK

    სოსო ცისკარიშვილი: „სამოქალაქო საზოგადოებას გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი იმ მხრივაც შეიძლება ჰქონდეს, რომ ახლა მათი გადასახედიდან დააკვირდება სიტუაციას ბატონი ივანიშვილი − არ იქნება მისთვის მარტივი, რომ საკუთარი რჩეულებისგან შემდგარი გუნდი აკრიტიკოს, მაშინ, როდესაც მას შეეძლო შენიშვნების მიცემა და მათი გამოსწორების მცდელობის ბერკეტებიც გააჩნდა. მაგრამ ამ სირთულეს, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი დაძლევს, რადგან ობიექტურობა მისი მისწრაფება გახლავთ“ („საქ.რესპ.“ 23 ნოემბერი, 2013). TK

    სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ისრაელის უმსხვილესი აგროკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა თბილისში მიმდინარე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-13 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა ისრაელის საელჩოს და უშუალოდ ელჩის იუვალ ფუქსის ორგანიზებით გაიმართა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე ისაუბრა. შალვა ფიფიას განცხადებით, ყველა ის პროექტი, რომელიც სამინისტრომ განახორციელა და სამომავლოდ აქვს დაგეგმილი, მიზნად ისახავს დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ ხელშეწყობას და ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რაც უმოკლეს ხანში უზრუნველყოფს ქვეყნის აგრარულ განვითარებაში წინსვლას. შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა შალვა ფიფიას მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის („საქ.რესპ.“ 23 ნოემბერი, 2013). TK

    კვირას, 24 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიის“ საგამოფენო დარბაზში ჩატარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველოს“ მესამე რიგგარეშე ყრილობა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის, გადაწყვიტა პარტიის ახალი წესდებით(რომლის ახალი რედაქციის შექმნაზე მუშაობდნენ ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, არმაზ ახვლედიანი, მირიან მჭედლიშვილი და თევდორე კობახიძე) ორგანიზაციულად სწორად წარმართონ თავისი საქმიანობა. პარტია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, მათ შორის, ნებისმიერი უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით, საზოგადოებრივი აქტიურობისა და ჩართულობის ხელშეწყობა, არის სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმავალი სწორი გზა. ყრილობაზე შეეხნენ თანამედროვე მსოფლიოს პროგრესული იდეოლოგიის ძირითადი პრინციპების, კონკურენციაზე დამოკიდებული, ანუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს იდეების, ქვეყნის საგარეო ურთიერთობების საკითხებში პარტიის როლსა და მიზნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, განაცხადა, პარტიამ უნდა ითანამშრომლოს ევროპისა და მსოფლიოს პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან, აქტიურად ჩაერთოს სოციალური სამართლიანობის, თითოეული მოქალაქის თავისუფლების, თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების არსებობისათვის ბრძოლაშიო. ყრილობამ პარტიის გენერალურ მდივნად აირჩია კახი კალაძე. დაამტკიცა ახალი წესდება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი დატოვა. „პარტიის გენერალურ მდივნად გთავაზობთ კახი კალაძის კანდიდატურას, რომელიც გამორჩეული სახეა ჩვენს პარტიაში, გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით და პასუხისმგებლობით. იგი ჯერ სულ ახალგაზრდაა პოლიტიკაში და ნახეთ, როგორი შესაშური მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა გამოიჩინა. იგი ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია“, − ამგვარად დაახასიათა ივანიშვილმა კახი კალაძე და იგი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. ყოფილმა პრემიერმა ყრილობაზე პარტიის მიერ ჩატარებულ მუშაობასა და მიღწევებზე ისაუბრა. „27 ოქტობმერს პრეზიდენტის არჩევნებით, ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ავტორიტარულ, სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებულ რეჟიმს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ ჩემს გარშემო, რომლებმაც დაიჯერეს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის გზით, მხოლოდ არჩევნებით, მხოლოდ კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა დაგვემარცხებინა მოძალადე ხელისუფლება. მაშინ ეს წარმოუდგენელი ჩანდა, არავის ეგონა, რომ ამას შევძლებდით. ზუსტად იმ დროს, იმ ურთულეს ვითარებაში, შევქმენით პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ახალი ძალები უნდა გაეერთიანებინა და გვერდში დადგომოდა უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებს“, − განაცხადა ივანშვილმა. მისივე თქმით, ამ საქმეში მისი პირველი თანამოაზრე ირაკლი ღარიბაშვილი იყო. „მაშინ ირაკლიმ ბევრ განსაცდელს გაუძლო. ყველას გახსოვთ, როგორ დაუპატიმრეს ოჯახის წევრი და ამის მიუხედავად, ერთი წუთით არ დაუხევია უკან − პარტიის დაარსების საინიციატივო ჯგუფის წევრი და პირველივე დღიდან პარტიის გამორჩეული სახე იყო, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს, გაამართლებს ჩვენს ნდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ ორგანიზებული იქნება. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა მას და მის სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა და დარწმუნებული ვარ, იგი გაამართლებს ყველა ჩვენგანის ნდობას და ღირსეულად უხელმძღვანელებს ქვეყანას“, − აღნიშნა ივანიშვილმა. „პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ“, − განაცხადა ექსპრემიერმა სიტყვის დასასრულს. ყრილობაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ პარტიის რიგები შეივსო 16 251 ახალი წევრით და „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო“ დღეისთვის თავის რიგებში 29 233 წევრს აერთიანებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პარტია საქართველოს მასშტაბით 78 წევრმა დატოვა („საქ.რესპ.“ 26 ნოემბერი, 2013). TK

    შს მინისტრს ახალი მოადგილეები ეყოლება − „ალექსი ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროში გადავიდა. მის ადგილზე კი დაინიშნება დავით ხუციშვილი, რომელიც იყო საკადრო და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩემს პირველ მოადგილედ გადადის გიორგი ზედელაშვილი, რომელსაც ეკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობა“, − განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ. რაც შეეხება შს მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს, მინისტრის განმარტებით, ჯერ-ჯერობით თანამდებობაზე რჩება, თუმცა, მისი საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური კი, ჭიკაიძის ინფორმაციით, თანამდებობებს ინარჩუნებენ და მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობას განაგრძობენ („საქ.რესპ.“ 26 ნოემბერი, 2013). TK

    მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ინფორმაციით, ყველა საოლქო პროკურორი შეიცვლება. უკვე ცნობილია, რომ აჭარის საოლქო პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი გახდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ლევან გზირიშვილი შეცვალა. შოთა ტყეშელაშვილი რუსთავის პროკურორი იყო და ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველ სხდომაზე გამოდიოდა პროკურორად („საქ.რესპ.“ 26 ნოემბერი, 2013). TK

    /გაგრძელება/